ღონისძიებაზე, რომელიც ეძღვნებოდა ჟიული შარტავას დაბადებიდან 76 წლისთავს, ასევე შედგა მისი სახელობის საფოსტო მარკის პრეზენტაცია.
საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას უძღვებოდა ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია. მან მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ისაუბრა ჟიული შარტავას მოღვაწეობაზე, მის როლზე დამოუკიდებელი საქართველოს განვითარების ისტორიაში. ვახტანგ ყოლბაიმ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელის უკვდავსაყოფად სახელმწიფოს მიერ გაწეულ საქმიანობაზე; საქართველოს არაერთ ქალაქსა თუ რაიონში არის ჟიული შარტავას ძეგლი და ბარილიეფი, ხოლო მის სახელს მრავალი სკოლა ატარებს. მისი თქმით, მომავალ თაობებს უნდა ჰქონდეთ წარმოდგენა ჟიული შარტავას გმირობის შესახებ. აფხაზურ-ქართული ურთიერთობებითვის გაწირული მისი ცხოვრება საუკუნეებს გასცდება ისევე, როგორ ცოტნე დადიანის გმირობა!
საზოგადოებრიობას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ. იგი მიესალმა სტუმრებს, ბატონი ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს და ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც გმირობის და სიმამაცის სიმბოლოზე. მისი თქმით, ჟიული შარტავას მემკვიდრეობა გახლავთ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. ეროვნული გმირის განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრება სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და მნიშნველოვანია მისი სახელის უკვდავყოფა, რათა არასდროს მიეცეს დავიწყებას ჟიული შარტავას მიერ თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის გაწირული სიცოცხლის ფასი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან აღნიშნა, რომ ჟიული შარტავას მემკვიდრეობა უდაოდ უკვდავია და აუცილებლად გადაეცემა მომავალ თაობებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ეროვნული გმირის სახელსა და ისტორიას. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ეროვნული გმირის ბიუსტი დაიდგმევა არამხოლოდ დედაქალაქში, არამედ აფხაზეთშიც. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მისიას, რასაც ჰქვია ჟიული შარტავას მემკვიდრეობის უკვდავყოფა და შენარჩუნება.
ჟიული შარტავას ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა მისი ბავშვობის მეგობარმა, ქ. თბილისის ყოფილმა მერმა, ქ. თბილისის საპატიო მოქალაქემ ნიკო ლეკიშვილმა. საზოგადოებრიობას სიტყვით მიმართეს ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ, ქ. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით კუჭაიძემ, აფხაზეთის მკვიდრმა ილია შენგელიამ და სხვებმა.
ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს უღრმესი მადლობა გადაუხადა ჟიული შარტავას მეუღლემ ქალბატონმა ლია ჯალაღონიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მისი სახელის უკვდავყოფის გარანტირება. გარდა ამისა, ლია ჯალაღონიამ ჟიული შარტავას პირადი ნივთები კერძოდ, პარლამნეტის წევრის მოწმობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დამზადებული სამახსოვრო ჯილდოს ეგზემპლარი საქართველოს პარლამენტის მუზეუმში განსათავსებლად პარლამენტის აპარატის უფროსს გივი მიქანაძეს გადასცა.
ღონისძიებაზე დამსწრეებს 2020 წელს საქართველოს ფოსტის მიერ გამოშვებული ჟიული შარტავას საფოსტო მარკა წარუდგინეს, ხოლო „ჟიული შარტავას საზოგადოების“ სახელით მისი ძეგლის პროექტის ესკიზები გააცნეს.
საქართველოს ფოსტის დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ ჟიული შარტავას ხსოვნის უკვდავსაყოფად საგანგებოდ შექმნილი საფოსტო მარკა გადასცა მის მეუღლეს ქ-ნ ლია ჯალაღონიას, ასევე არჩილ თალაკვაძეს, ვახტანგ ყოლბაიას და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს არჩილ ფრანგიშვილს.
ამასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და „ჟიული შარტავას საზოგადოების“ ერთობლივი საპატიო სიგელები გადაეცათ საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და საქართველოს ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს როინ მეტრეველს.
ღონისძიების დასასრულს ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ მადლობა გადაუხადა თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის, რის შემდგომ მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს პარლამენტის მუზეუმი დაათვალიერეს.