საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი განცხადება

 

 

დღეს შესრულდა ოცი წელიწადი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენიდან – 1991 წლის 31 მარტს, ფაქტობრივად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ჩატარდა დამოუკიდებლობის რეფერენდუმი.

 

ამომრჩეველთა 88%-მა (რეფერენდუმის მონაწილეთა 97,67%-მა), განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა, ხმა მისცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას. ამით საქართველოს მოსახლეობამ ცივილიზებული სამყაროს წინაშე დააფიქსირა თავისი ურყევი ნება, იცხოვროს რუსულ-საბჭოური ოკუპაციისგან გათავისუფლებულ, დემოკრატიულ ფასეულობებზე ორიენტირებულ, წარმატებულ ქვეყანაში, რომელიც ღირსეულ ადგილს დაიკავებდა საერთაშორისო თანამეგობრობაში.

 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

საქართველოს ისტორიის შემდგომი ორი ათწლეული აღსავსე იყო ტრაგიკული მოვლენებით: გარედან ინსპირირებული სამხედრო-კრიმინალური გადატრიალებით, მწვავე სამოქალაქო დაპირისპირებებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, ეთნიკური წმენდით, 2008 წლის სრულმასშტაბიანი რუსული სამხედრო აგრესიითა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციით. ამავე დროს, განვლილმა წლებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მოსახლეობა, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, ერთგული დარჩა 1991 წლის 31 მარტს გაკეთებული არჩევანისა. მან დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი დაძლიოს დიდი წინააღმდეგობები და აშენოს დემოკრატიული, წარმატებული სახელმწიფო.

 

31 მარტის რეფერენდუმის შედეგები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის თვალსაზრისით, არამედ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხრივაც, რადგან სეპარატისტთა მიერ გამოცხადებული ბოიკოტის მიუხედავად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობამაც ერთიანი და თავისუფალი საქართველოს იდეას დაუჭირა მხარი.

 

საქართველოსთან მიმართებაში მიღებული ნებისმიერი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება, თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.

 

დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც განაგრძობს  საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, მიმართულს ქვეყნის დეოკუპაციის, მისი ეკონომიკური და კულტურული მოდერნიზაციის, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის, ანუ 1991 წლის 31 მარტს საყოველთაო – სახალხო რეფერენდუმზე გამოხატული პოლიტიკური ნების სრული რეალიზაციისკენ.

 

თბილისი,

2011 წლის 31 მარტი

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions