2011 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითმა კომისიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავის აღსანიშნავად, პროექტ "ოკუპაციის” ფარგლებში გადაღებული ერთ–ერთი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტების ჩვენება გამართა.
ფილმი "თავისუფლებისთვის ბრძოლა" უნგრეთის 1956 წლის მოვლენებს ეძღვნებოდა.
"ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანობის გრძნობა ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დიქტატურის წინააღმდეგ ანალოგიური პროცესები ხდებოდა. პროექტ "ოკუპაციის" ფარგლებში სულ ოცი ფილმი მომზადდება, რომლებიც 15 ქვეყანაშია გადაღებული. ეს ერთიანობა შექმნის იმ სურათს, თუ რა ხდებოდა როგორც ჩვენთან, ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ, როდესაც ქვეყნები თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ", – განაცხადა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა მალაშხიამ.
სდომაზე მოწვეული იყო დამოუკიდებელი საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნემო ბურჭულაძე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დეტალები გაიხსენა. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და დეპუტატთა კორპუსის სხვა წევრები.
სხდომაზე სტუმრად მოწვეულმა უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, გაბორ შაგმა მადლობა გადაიხადა საინტერესო ფილმისათვის და მოკლედ ისაუბრა იმ რთულ გზაზე, რაც მისმა ქვეყანამ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გაიარა.