10 ივლისი - წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის (საძაგლიშვილი) ხსენების დღეა

„ყოველმა ნამდვილმა ქართველმა აფხაზური ენა გაქრობას უნდა გადაარჩინოს...”


 

საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით 10 ივლისი (ძვ. სტ. 27 ივნისი) დადგენილია გამოჩენილი სასულიერო მოღვაწის, წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II-ის (1855 წლის 10 ნოემბერი - 1918 წლის 27 ივნისი) ხსენების დღედ. კირიონის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია სოხუმის ეპერქიის მღვდელმთავრობის ხანმოკლე პერიოდს (1906 წლის 3 თებერვალი - 1907 წლის 25 იანვარი), რის შესახებაც თავის დროზე გამოვეცით საკმაოდ სქელტანიანი წიგნი (http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/11504/1/Kirion_II_Sadzaglishvili.pdf), გამოვაქვეყნეთ სტატიები. სოხუმის ეპარქიაში 1887 წლიდან მიზანმიმართულად მხოლოდ რუსი ეპისკოპოსები ინიშნებოდნენ. მათ უმთავრეს ამოცანას ადგილობრივი მოსახლეობის გარუსება, ქართველებსა და აფხაზებს შორის შუღლის ჩამოგდება წარმოადგენდა. ქართული ეკლსიის ავტოკეფალიის აღდგენის მოძრაობის ლიდერის, ეპისკოპოს კირიონის სოხუმის ეპარქიაში გადმოყვანა ხელისუფლების მხრიდან იძულებითი გადაწყვეტილება გახლდათ. ეს იყო დროებითი დათმობა ქართული მოსახლეობის წინაშე, რომელიც  რუსეთის იმპერიაში 1905-1907 წლების დემოკრატიული რევოლუციის პერიოში აფხაზეთში (სოხუმის ოკრუგი) მიმდინარე რევოლუციური პროცესების მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

მოკლე დროის განმავლობაში ეპისკოპოსმა კირონმა ბოლო მოუღო ეროვნული ნიშნით მრევლის დისკრიმინაციას. სოხუმის ოლქში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს, ბერძნებს, თავისთავად რუსებსაც მშობლიურ ენაზე ღმრთისმსახურების უფლება მიეცათ. თანამედროვე სეპარატისტები ოკუპირებული აფხაზეთიდან ცდილობენ ეპისკოპოსი კირიონი ლამის აფხაზთა „მტრად“ წარმოაჩინონ. სინამდვილეში კი ის მზრუნველობას არ აკლებდა აფხაზებს, ცდილობდა აფხაზურ ენაზე ადრე არასოდეს არსებული ღმრთისმსახურების, ასევე  სასკოლო განათლების შემოღებას. ამასთან დაკავშირებით, 1907 წელს კირიონი წერდა: „ყოველმა ნამდვილმა ქართველმა აფხაზური ენა გაქრობას უნდა გადაარჩინოს... აფხაზური ენის მხარდაჭერის, სკოლის საჭიროებისთვის აფხაზური დამწერლობის, ლიტერატურის საწყისების შექმნისა და საღმრთისმსახურო წიგნების აფხაზურ ენაზე თარგმნის მიზნით დავაარსე კომისია, რომელიც დღემდე მუშაობს“.

ისარგებლა რა, რევოლუციური მოძრაობის დასუსტებით, კავკასიის საერო და საეკლესიო მთავრობამ ყველაფერი იღონა, რათა პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო სოხუმის ეპისკოპოს კირიონს 1907 წლის იანვარში აფხაზეთი და მთლიანად საქართველო დაეტოვებინა. 1915 წლამდე კირიონი სასტიკად იდევნებოდა. ყოველივე ამის შესახებ მოკლედ არის მოთხრობილი სატელევიზიო გამოსვლაში.

 

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია - წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქი კირიონ II

იხილეთ ბმული: https://youtu.be/uuQCNpBXv_0


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions