საუბრის მთავარი თემა აფხაზეთის პრობლემის, ოკუპირებული ტერიტორიის ირგვლივ 2020 წელს შექმნილი ვითარება იყო.
ჯემალ გამახარიას განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ახალი წელი უამრავი პრობლემით იქნება აღსავსე; აფხაზეთის პრობლემა დიდი ხანია ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდება და ახალ ხარისხში გადავა. ეს დაკავშირებულია იმ პროგრამასთან, რომელსაც ხელი ა.წ. 12 ნოემბერს მოსკოვში მოეწერა. პროგრამის სახელწოდებაა - „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“. ეს უკვე ოფიციალური დოკუმენტია. მასში შეტანილია 45 პუნქტი და შეთანხმების მიხედვით, 2021-2023 წლებში უნდა განხორციელდეს.
ჯემალ გამახარია ირწმუნება, რომ აფხაზები ყოველნაირად აჭიანურებდნენ ამ დოკუმენტის გაფორმებას, რადგან მასში უამრავი საფრთხე იყო ჩადებული, მაგრამ მისი თქმით, ახლა დადგა დრო, როცა დე ფაქტო ხელისუფალთ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ. „კუთხეში იყვნენ მიმწყვდეული იმის გამო, რომ ეკონომიკა განადგურებულია, ამას დაემატა კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისი; ხელფასები არ არის, პენსიები არ არის, ყველაფერი ეს რუსეთიდან მოდის; თან ენგურჰესი რემონტდება და იქ ელექტროენერგიის პრობლემაც დადგა; ელექტროენერგიაც რუსეთმა უნდა მიაწოდოს. რუსეთმა კი შეუწყვიტა ყოველივე და სათავისოდ კარგად გამოიყენა შექმნილი ვითარება. რუსეთმა კატეგორიულად უთხრა მათ: თუ ამ დოკუმენტს-პროგრამას ხელს არ მოაწერთ, არც ელექტროენერგიას მიიღებთ და არც სხვას არაფერს. ერთი სიტყვით, რუსეთმა ისარგებლა შექმნილი მძიმე მდგომარეობით და აიძულა აფხაზური მხარე - საჩქაროდ მოეწერა ხელი ამ დოკუმენტზე. მას როგორც კი მოეწერა ხელი, ამის შემდეგ შედგა კიდევაც შეხვედრა სოჭში პუტინსა და ბჟანიას შორის. მანამდე პუტინი ბჟანიას არ ღებულობდა.
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს აბსოლუტურად ყველა სფეროში კარტოგრაფია, გეოდეზიისა და მეტროლოგიის ჩათვლითაც კი, განხორციელდეს აფხაზური კანონმდებლობის სრულ შესაბამისობაში მოყვანა რუსეთის კანონმდებლობასთან; არ არის დარჩენილი არც ერთი სფერო; ფაქტობრივად ე.წ. აფხაზური კანონმდებლობა სრულად უნდა შეერწყას რუსულ კანონმდებლობას. აქ არის რამდენიმე ისეთი პუნქტი, რომელიც რეალურად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული დოკუმენტის-პროგრამის სრულად განხორციელების შემდეგ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობიდან ფორმალურადაც არაფერი დარჩება“.
ჯემალ გამახარია ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვს გაცნობიერებული „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბების პროგრამის“ საფრთხეები, რასაც ყველა დონეზე გაკეთებული განცხადებები ადასტურებს. ამასთან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მეტი განგაშის ატეხვაა საჭირო საერთაშორისო არენაზე, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რუსეთის მიერ ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე აფხაზეთის ანექსია. ვინაიდან, დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ. საჭიროა კვლავ მივმართოთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა ევროსაბჭომ, გაერომ და თანამეგობრობის ყველა წარმომადგენელმა მიიღოს რეზოლუციები, სადაც პირდაპირ - შავით თეთრზე ჩაიწერება ის საფრთხეები, რომლებიც ამ ე.წ. პროგრამიდან მომდინარეობს. ჯემალ გამახარია, ასევე, საჭიროდ მიიჩნევს გარკვეულ ცვლილებებს საქართველოს კანონმდებლობითაც; „დღემდე ვერ დაგვიკანონებია აფხაზეთში დარჩენილი ჩვენი ქონება, საკუთრება დევნილებისათვის, სხვადასხვა მოგონილი საბაბით და რომ არ დააკანონებ იმას, რაც შენია და შენ გეკუთვნის, აგერ ახლა მას იქ გამოუჩნდება მეპატრონე რუსეთის სახით“. მისი განცხადებით, უმაღლეს საბჭოს დაყენებული აქვს ეს საკითხები ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ამ მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის გააქტიურებას კი საახალწლო დღეების შემდეგ გეგმავენ.
თუ რაზე ისაუბრა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში,“ სრულად იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/fl827PS2-tc