ჯემალ გამახარიას მორიგი ონლაინ შეხვედრა მოსკოვსა და პეტერბურგში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მოსკოვისა და პეტერბურგის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გამართა.

 

ორი თვის წინ, დეკემბრის ბოლოს საინტერესო, გულღია და პოლიტიკური შეკითხვებით დატვირთული შეხვედრის შემდეგ, ქართველმა სტუდენტებმა ბატონ ჯემალ გამახარიას მორიგი შეხვედრის პირობაც ჩამოართვეს. ეს შეხვედრა გუშინ, 18 საათზე შედგა და თითქმის ოთხი საათი გაგრძელდა.

ვინაიდან, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი და უშუალოდ აფხაზეთის ისტორიის ცნობილი მკვლევარია, სტუდენტთა ინიციატივით, ამჯერად მსჯელობის ძირითადი თემა აფხაზეთის ეთნიკური ისტორია იყო უძველესი დროიდან მოყოლებული. ძირითადად ძველბერძნულ, რომაულ, ბიზანტიურ და რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ჯემალ გამახარიამ სტუდენტებს გააცნო უძველესი სამეცნიერო-ისტორიული ცნობები აფხაზეთისა და იქ მცხოვრები ეთნოსის შესახებ; სტუდენტებთან ლექციაზე წარმოდგენილი ყველა  მეცნიერული მტკიცებულება, ჩვენამდე მოღწეული უცხოური და ქართული წერილობითი, არქეოლოგიური, კულტურული წყაროები უტყუარად ადასტურებს, რომ აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე, შავიზღვისპირეთის ამ მონაკვეთზე, უძველესი დროიდან ქართული ტომები - კოლხები, იბერები, მოსახლეობდნენ.


ლექციის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა დიალოგი. მასში მონაწილე სტუდენტები აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ არიან დაბადებული, მაგრამ უმეტესობის ბიოგრაფია აფხაზეთს უკავშირდება. მათი მშობლები აფხაზეთის მკვიდრნი არიან. შესაბამისად, განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდნენ აფხაზეთის ისტორიისადმი. კვალიფიციური კითხვებითაც გამოირჩეოდნენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ამომწურავი პასუხი გასცა თითოეულ მათგანს.

როგორც პირველი, ასევე ამ შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი ინტერნეტსაზოგადოება „მარიხის“ ხელმძღვანელი, სტუდენტი დიმიტრი შუბლაძე იყო.  ონლაინშეხვედრაში მონაწილეობა სტუდენტთა მრავალრიცხოვანმა აუდიტორიამ მიიღო.  შეკითხვებით აქტიურობდნენ გიორგი გეგეშიძე, გიორგი ჩუგუნაძე, ხათუნა ძაძამია, თემურ ქევხიშვილი, დიმიტრი შუბლაძე.

დასასრულს, ბატონმა ჯემალ გამახარიამ  რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს სისტემატური თანამშრომლობისათვის მზადყოფნა დაუდასტურა, სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის უკეთესი  მომავლისათვის ნაყოფიერი მოღვაწეობა უსურვა.




ჯემალ გამახარიას ონლაინ ლექცია რუსეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან - 10.03.21წ.
https://youtu.be/JnaGhMvtw7w


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions