ონლაინ კონფერენცია გაიმართა
არასამთვრობო ორგანიზაცია „ასოციაცია მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ინიციატივით და ორგანიზებით  ონლაინ კონფერენცია ჩატარდა.  მთავარი თემა ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენისა და დაახლოების მიზნით, ერთობლივი ბიზნეს-პროექტების განხორციელების შესაძლებლობას შეეხებოდა.

 

ძირითადი მოხსენების პრეზენტაცია წარმოადგინა პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მამუკა მაცაბერიძემ, რომელმაც საინტერესო და საგნობრივი გეოპოლიტიკური შესავალი გააკეთა. შემდგომ მან მსჯელობის მთავარი აქცენტები ბიზნესპროექტებზე გაამახვილა. მომხსენებელმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი გეოეკონომიკური მიზნით განხორციელებული საქმიანობისას, უმთავრესი სახელმძღვანელო სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება უნდა იყოს.  ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ერთი შეხედვით, იდეოლოგიურად მიუღებელი რამ ხშირად, როგორც გეოეკონომიკურად, ასევე შორსმჭვრეტელური სახელმწიფოებრივი ინტერესითაც, შეიძლება ძალიან მისაღები და საჭიროც იყოს.

 

კონფერენციის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ საკითხის ირგვლივ გამართულ დისკუსიაში. მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს აღემატებოდა. ონლაინ განხილვაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის პრობლემატიკით დაინტერესებულმა სხვადასხვა  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ბიზნესმენებმა, სტუდენტებმა.

 

უცხოეთის რამდენიმე ქვეყნიდან განხორციელდა საინტერესო ჩართვები. მათ შორის იყო აფხაზეთის ომის მონაწილე და  საქვეყნოდ ცნობილი ჩემპიონი რალიში, სოხუმელი დავით კვარაცხელია. იგი ამჟამად ბულგარეთის მოქალაქე და წარმატებული ბიზნესმენია. ამასთან, ბოლო დროს სოხუმში და მთელს საქართველოში გახმაურებული ამბის მთავარი პესონაჟია აფხაზ აკუნ კვირაიასთან ერთად. ისინი ომამდე ახლო მეგობრები იყვნენ, მაგრამ ომის დროს დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენდნენ, დღეს კი აფხაზთა და ქართველთა შერიგებისათვის, ძველი მეგობრობის აღდგენისა და ერთად ცხოვრებისათვის გაბედულ ნაბიჯებს დგამენ.

 

დასმული საკითხის საგნობრივ განხილვაში ჩაერთვნენ ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ პრეზიდენტი ალუ გამახარია, ღონისძიების სპიკერი - სტუდია რეს წარმომადგენელი მამუკა ყუფარაძე, პროფესორები თამარ კაჭარავა, იზოლდა ხასაია, მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენელი მარინა ზუხბაია, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ქრისტინა კილანავა, სტუდენტი სპარტაკ ბეკვერია, სტუდენტი გერმანიიდან გიორგი ზაქაიძე,  მთავარი მომხსენებლის მამუკა მაცაბერიძის განმარტებით, მან საქმის ტოპოლოგია წარმოადგინა და თუკი ამ გზით სიარულს, ნაბიჯების გადადგმას კოლეგები სწორად მიიჩნევენ,  მაშინ სტრატეგიის შემუშავებაზე, სწავლებაზე, წარმოების შექმნაზე, საშუალებების მოძიებაზე მუშაობა გაგრძელდება. მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელებისათვის გზები თავად უნდა ვეძებოთ და არ ველოდოთ მაინცდამაინც ხელისუფლების მხარდაჭერას.

 

ონლაინ განხილვაში მონაწილეობისათვის მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.  ის მიესალმა მონაწილეებს და მოიწონა პრეზენტაცია, ყველა საქმიანი წინადადება, რომელიც შემდგომ ენგურსგაღმა ჩვენივე თანამოქალაქეებთან  თანამშრომლობას, ჩვენს შორის ურთიერთობის დათბობას, ჩატეხილი ხიდის აღდგენას მოემსახურება.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions