სააღდგომო ამანათები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსგან 100-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო განაგრძობს ჰუმანიტარული დახმარების აქციას.  გუშინ სააღდგომო ნობათი თბილისში გლდანის რაიონის გმირ კურსანტთა ქუჩის მე-3 კორპუსში განსახლებულ 50 დევნილ ოჯახს გადაეცა. დღეს კი სასურსათო პროდუქტები ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოსა და ზედა ეწერის საბავშვო ბაღის შენობაში განსახლებულთ ჩაუტანეს.

 

 

სამუშაო მივლინებით რეგიონში მყოფი უმაღლესი საბჭოს დელეგაცია დღეს ხონის მუნიციპალიტეტსაც ეწვია; კერძოდ ხონის დევნილთა დასახლებაში არსებულ  კულტურის ცენტრს, რომელთაც მათივე თხოვნით, საჩუქრად  საჭირო ტექნიკა, ინვენტარი, პუფები, და წიგნები ჩაუტანეს. დევნილებთან შეხვედრაზე ხონის მერი ლადო ჯურხაძეც იმყოფებოდა. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობა კოორდინირებულად ხორციელდება, მათ შორის 2019 წელს გაფორმებული მემეორანდუმის შესაბამისად. მემორანდუმი, უპირველესად, ხონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ  აფხაზეთიდან დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ითვალისწინებს.

 

 

ბატონმა ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ხონიდან ზუგდიდში გადაინაცვლეს და  ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთა ოჯახებისთვის 33 სააღდგომო ნობათი ჩაიტანეს.

 

 

დღესვე  მიაწოდეს სააღდგომო ჰუმანიტარული დახმარება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზედა ეწერის  საბავშვო ბაღის შენობაში განსახლებულ დევნილთა 12 ოჯახს.

 

 

როგორც ცნობილია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა - დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა, კორონა ვირუსის პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებში მიიღეს გადაწყვეტილება ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან ნებაყოფლობით გაეღოთ თანხა  სასურსათო პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილებისათვის გადასაცემად. უმაღლესი საბჭოს წევრთა განცხადებით, ერთი წლის წინ მიღებული ეს გადაწყვეტილება პანდემიის სრულად დამარცხებამდე გაგრძელდება.

 

 

ჰუმანიტარული ტვირთის, სააღდგომო ამანათების დარიგება, როგორც აქამდე,  რეგულაციებისა და სანიტარული ნორმების სრული დაცვით ხორციელდება.





















 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions