თამარ მეფე დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამის ქალიშვილია. იგი 1166 წელს დაიბადა. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვ;ლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი და 1179 წელს თანამოსაყდრედ აკურთხა. მამა-შვილი 1184 წლამდე ერთად მართავდა სამეფოს. მამის გარდაცვალების შემდეგ 18 წლის თამარი ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე გახდა.
თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. ქართველები თამარ მეფის პერიოდს "ოქროს ხანას”უწოდებენ. ამ პერიოდში საქართველო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, დაწინაურებულ და უზარმაზარ სახელმწიფოს წარმოადგენდა, რომელიც ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე იყო გადაჭიმული.
საქართველოში თამარობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 31 იანვარს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თამარის გარდაცვალებას აღნიშნავს, 14 მაისი კი მისი ხსენების დღედ 1917 წლიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან დაწესდა და მას წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარს უწოდებს.
თამარ მეფის მიმართვა წმინდა მამებისადმი ნათლად წარმოაჩენს მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენისადმი მის ერთგულებას, პიროვნულ სიდიადეს, განსწავლულობას, აზროვნების სიღრმეს და სახელმწიფოებრივ პოზიციას:
"ჰოი, წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებული ხართ მოძღვრად ჩვენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანაგაც მისა სიტყვის მიცემა სულთათვის ჩვენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განხადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალახუამთ მთავართა სიმდიდრისათვის, ნუცა გლახაკთა უდებ-ჰყოფთ სიმცირისათვის თქუენ სიტყვითა, ხოლო მე საქმით, თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით, თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ხელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღვივნეთ: თქუენ, ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე, თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე, ვითარცა ებგური"
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გილოცავთ საქართველოს გამაერთიანებელი თამარ მეფის ხსენების დღეს და გისურვებთ უფლისა და წმინდა მეფის მადლითა და შეწევნით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალისხმევით, თამარის მსგავსი გონიერებით, დიპლომატიით, მუხლჩაუხრელი რუდუნებით და ქრისტიანული შემწყნარებლობით, ერთგულებით და სიყვარულით შევძლოთ ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ძლიერების განმტკიცება!