საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის თაობაზე ლექტორიუმ-დისკუსია გაიმართება

 

 

 

2011 წლის 10 ივნისს აფხაზეთის უმაღლეს საბჭო ატარებს ლექტორიუმ-დისკუსიას თემაზე: „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ეკლესიის ექსპანსიონისტური პოლიტიკის შესახებ”.

 

ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი აღნიშნავს, რომ ”გრძელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ექსპანსიის შორსგამიზნული ქმედებების გატარება”.

 

”ბოლო პერიოდში აღნიშნულმა  გამოხატულება ჰპოვა ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის მიტროპოლიის შექმნაში, რომელსაც წინ უძღოდა აფხაზეთში მოღვაწე  სასულიერო და საერო პირების მონაწილეობით ჩატარებული საერო-საეკლესიო კრება. კრების გადაწყვეტილებების ძირითადი ლეიტმოტივი გახლავთ აფხაზეთის ვითომ დამოუკიდებელი ეკლესიის საბოლოო გამიჯვნა საქართველოს დედა-ეკლესიისაგან და ამ საკითხებში მსოფლიო პატრიარქის, სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მხარდაჭერის მოპოვება”.

 

”აფხაზეთის საეკლესიო ცხოვრებაში ამჟამად მიმდინარე პროცესები აფხაზეთის დე-ფაქტო ადმინისტრაციას სურს წარმოაჩინოს, როგორც სასულიერო პირების შიდა დაპირისპირება, სინამდვილეში კი ადგილი აქვს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და რეგიონის სეპარატისტული ხელმძღვანელობის მცდელობას შექმნას ილუზია ავტოკეფალური საქართველოს ეკლესიისაგან ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დამოუკიდებლად არსებობისა”.

 

”აღნიშნული ქმედებები კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთს ავტონომიური რესპუბლიკის დროებით გახლეჩილ საზოგადოებას, იწვევს მოქალაქეების უნდობლობას მაღალი სულიერი  ფასეულობებისადმი, ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ნეოიმპერიალისტური ზრახვების განხორცილებას „გათიშე და იბატონე”-ს პრინციპით”.

 

”აფხაზეთიდან დევნილი და იქ დარჩენილი ქართული  მოსახლეობა მწვავედ აღიქვამს მშობლიური ეკლესიისადმი, საკუთარი სალოცავებისადმი ასეთ დამოკიდებულებას და საერთაშორისო პოლიტიკური, არასამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციებისაგან მოითხოვს აქტიურ მხარდაჭერას რეგიონში  კანონიკური სამართლის ფუძემდებლური ნორმების განუხრელი დაცვის საქმეში” - ნათქვამია უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions