ნიკოლოზობას გილოცავთ!

 

22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონლუკიიდან ბარში გადასვენების დღეა, 19 დეკემბერი კი - წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების დღეა.

 

წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედი, მირონ-ლუკიის  მთავარეპისკოპოსი  ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას. თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი ლოცვა-ვედრება და მოევლინათ ვაჟი, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

 

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. წმიდა ნიკოლოზი მუდამ მოსაგრე ცხოვრებას ეწეოდა  და სამწყსოს სიმდაბლის, სიმშვიდისა და კაცთმოყვარეობის მაგალითს აძლევდა. ღვთისგან მონიჭებულ სასწაულს გაჭირვებულთა, სნეულთა, დევნილთა შემწეობას, მათ მფარველობას ახმარდა. წმინდა ნიკოლოზი თავადაც გახდა დევნილი, როცა ქრისტიანებისადმი მტრულად განწყობილმა იმპერატორმა დიოკლიტიანემ  სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდო. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული. მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და რწმენაში განამტკიცებდა მასთან ერთად დატყვევებულებს. ბოლოს, როცა  რომის  ტახტზე წმიდა მოციქულთა სწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, სასწაულმოქმედი ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

 

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. კეთილსურნელებისა და მირონმდინარე მისი უხრწნელი ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

 

წმინდა ნიკოლოზი ოდითგან იყო საქართველოს, მისი განუყოფელი აფხაზეთის ქრისტიანთა უწმინდესი სალოცავი, რასაც ისტორიული ფაქტებიც ცხადყოფენ. ასე მაგალითად, სამეგრელოში მყოფი რუსი ელჩები 1640 წლის 4 თებერვალს სოფელ გამბლში//ღამბლში (დღევანდელი ბესლახუბა) XVI საუკუნეში აგებულ წმ ნიკოლოზის ქვის ეკლესიას სტუმრობდნენ (აღნიშნული ეკლესიის აღდგენა მოხდა 1865 წელს წმ ონოფრეს სახელზე); 1640 წლის 9 თებერვალს კი იმავე ელჩებს მოქვის ისტორიულ ტაძარში ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილები ანახეს.

 

აფხაზეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებდნენ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები ტამიშში (გაიხსნა 1836 წელს), რეჩხში (გაიხსნა 1860 წელს), ზემო ცხირში (გაიხსნა 1900 წელს), აჟარაში (გაიხსნა 1905 წელს).

 

სასწაულმოქმედი წმინდა ნიკოლოზი სრულიად საქართველოს, ქართული ეკლესიის მფარველად ითვლება.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს სახელით ჩვენს დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, სრულიად საქართველოს ულოცავს ნიკოლოზობის დიდ ქრისტიანულ დღესასწაულს და გამოთქვამს რწმენას, რომ სასწაულმოქმედი წმინდანი შეეწევა ყველა სნეულს, დევნილს, გაჭირვებაშიმყოფს, ყველა პატრიოტს, წარმატებით მოღვაწე ნიჭიერ ადამიანებს, მისი მადლი და ზეციური ძალა კი -  ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას და გაძლიერებას.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions