ბავშვთა დღე

პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ეს დღე 1950 წლიდან    ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

 

მისი მიზანია ცივილიზებული სამყაროს გაერთიანება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.

სამწუხაროდ, უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა აფხაზეთში განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ და გენოციდმა, ცხინვალის რეგიონში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ათეული წლებია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მომავალ თაობებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს იქ საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, კვლავ  უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჯემალ გამახარიას სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი დე ფაქტო კანონებით, ადგილობრივ ქართულ ოჯახებში დაბადებული ქართველი გოგო–ბიჭების რეგისტრაციაც კი აკრძალულია, ვინაიდან მამა–პაპათა მშობლიური მიწის მემკვიდრეები, მშობლებთან  ერთად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებად არიან გამოცხადებული! ასე რომ, დაბადების პირველივე წუთებიდან იწყება მათი კანონიერი უფლების შელახვა. ქართველ მოზარდებს მშობლიურ ქართულ ენაზე არა მხოლოდ სწავლების, არამედ ლაპარაკის ნებაც წართმეული აქვთ. ხშირად ადგილი აქვს მათი იდენტობის შეცვლის მცდელობას; ანუ ხდება ყველა იმ უფლების სისტემური დარღვევა, რის აღსაკვეთადაც მრავალი ათეული წლის წინ დაწესდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!„

ჯემალ გამახარია ულოცავს ამ დღეს სრულიად საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს, მომავალ თაობას, უპირველესად ოკუპირებულ აფხაზეთში დაბადებულთ, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა; ყველა მოზარდს ჯანმრთელობას, მშვიდობიან, დემოკრატიულ, ეკონომიურად გაძლიერებულ, გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას და სამშობლოს საკეთილდღეო საქმიანობაში წარმატებულ მონაწილეობას უსურვებს; იგი გამოთქვამს რწმენას, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევითა და ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგებით, ნდობის აღდგენით, უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა  ტრადიციული თანაცხოვრების პირობების აღორძინება, ქვეყნის გაერთიანება, რაც უპირველესად სწორედ მომავალ თაობას მისცემს საშუალებას იცხოვროს მშვიდად და ბედნიერად ცივილურ, ადამიანურ გარემოში, ყველა აღიარებული უფლების დაცვით.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions