2011 წლის 17 ივნისს საქართველოს ჰუმანიტარულ-ეკონომიკური უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიისა და სრულიად საქართველოს საზოგადოება ”კოლხეთი”-ს ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სადისკუსიო ფორუმი, რომელიც აფხაზეთში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებას, ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის აღდგენის საკითხებს შეეხებოდა.
ფორუმზე სტუმრად იყვნენ მოწვეული ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და დეპუტატთა კორპუსის სხვა წარმომადგენლები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული საქმიანობისთვის, მიმოიხილა აფხაზეთში კონფლიქტის ირგვლივ არსებული მდგომარეობა და ამ კონტექსტში სახალხო დიპლომატიის გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა. ”ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში მრავალი სირთულე ყოფილა და დღესაც არსებობს, თუმცა ორი მოძმე ხალხი ყოველთვის პოულობდა საერთო ენას. მიუხედავად კრემლის მიერ წარმოებული ”გათიშე და იბატონეს” პოლიტიკისა, ქართველები და აფხაზები მომავალშიც აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას” - აღნიშნა ელგუჯა გვაზავამ.
ამასთან ერთად, იგი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების საკითხს შეეხო და ამ პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ხელისუფლების სტრუქტურების საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
ფორუმის ორგანიზატორთა განცხადებით, ასეთი სახის შეხვედრები პერმანენტულ ხასიათს მიიღებენ, ამასთან ერთად უახლოეს მომავალში შეიქმნება ქართულ-აფხაზური ერთობლივი საინიციატივო ჯგუფი, რომლის პირველი შეხვედრა აფხაზეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ილორში შედგება.
ფორუმზე მოხსენებით გამოვიდა რაფიელ გელანტია თემაზე - ”ძველი კოლხეთის ეთნოკულტურული სივრცე - აფხაზეთი და აფხაზები”, ასევე დემურ ღაღანიძე - ”აფხაზთა და ქართველთა ადრინდელი ერთობლივი მამულიშვილობის დღევანდელი მაჯისცემა”. მათ ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთში კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის ადღგენის შესახებ.