დღეს საქართველოში სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, მცხეთობა აღინიშნება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს სრულიად საქართველოს, ენგურსგაღმა  და  გამოღმა  მცხოვრებ აფხაზეთის მკვიდრთ, ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს სვეტიცხოვლობას, უფლის კვართის დღესასწაულს, მცხეთობას და ჯანმრთელობასთან ერთად, თითოეულს მშვიდობით, შერიგებით, ღვთიური ურთიერთსიყვარულით გაერთიანებულ საქართველოში მოღვაწეობას უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ ეს დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1991 წელს აღდგა, როგორც  ჩვენი ქრისტიანული სამშობლოს გამორჩეული ისტორიის მანიშნებელი სიმბოლო და ნიშანსვეტი. მას შემდეგ 14 ოქტომბერი ოფიციალურად უქმე დღედ  არის გამოცხადებული. მართლმადიდებელი მრევლი ცდილობს ამ დღეს უფლისადმი მადლიერება მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში აღვლენილი ლოცვა-ვედრებით გამოხატოს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან გადმოცემის თანახმად, სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარშია იესო ქრისტეს კვართი დაფლული.

სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ოდითგან დაწესებულია სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიკრა და სული განუტევა. ძმამ კვართთან ერთად დაკრძალა საკუთარი და. საფლავზე კიპარისის ხე ამოსულა. მე-4 საუკუნეში მირიან მეფის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ეს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. მაშინ იქ ხის პატარა ზომის ეკლესია აუგიათ, რომელიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს უფრო დიდი ეკლესიით ჩაუნაცვლებია. დღეს კი ამ ადგილას ამაყად დგას მე-11 საუკუნეში აშენებული სვეტიცხოვლის დიდებული ტაძარი.

 

სრულიად საქართველოს, აფხაზეთის საზოგადოებას შეეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“, მფარველობა უფლისა: სიკეთით, სიყვარულით, საღი გონებით და აზრიანი მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი სუვერენიტეტის, კეთილდღეობის განმტკიცება.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions