საკანონმდებლო ორგანოს ორივე სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებმა კენჭისყრით მიიღეს გადაწყვეტილება ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ ვრცელი მსჯელობა დღესვე, პლენარულ სხდომაზე გაგრძელებულიყო.
დეპუტატებმა პრეზიდიუმზე მეორე საკითხზეც იმსჯელეს, რომელიც ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. მოხსენება უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობების შესახებ ინფორმაციას მოიცავდა. ცნობად იქნა მიღებული წარმოდგენილი პროექტი და შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ფორმატში შესაძლებელია კომიტეტების წევრთა სიით შემადგენლობაში გადანაცვლება მოხდეს საჭიროების გათვალისწინებით.
შეთანხმებისამებრ, დეპუტატებმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის ფორმატში გააგრძელეს მუშაობა. მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ და აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ რაულ წულაიამ.
მთავარმა მომხსენებელმა, უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ დეტალური და მკაცრად კრიტიკული განხილვა წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებაა საჭირო. მან არაჯეროვან და არაეფექტურ დაგეგმვასა და ხარჯვის ფაქტებზე გაამახვილა ყურადღება. კრიტიკული შენიშვნები გაკეთდა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სიპების მიერ საბიუჯეტო თანხების ხარჯვის არასათანადო მონიტორინგის გამო.
მურმან კვარაცხელიას კრიტიკულ შენიშვნებს უპასუხა და აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს მიერ 9 თვის მანძილზე გაწეულ საქმიანობაზე მოხსენება გააკეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ რაულ წულაიამ. მან ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულებაში არსებულ ხარვეზებზე მსჯელობისას, მთავარი აქცენტი არასწორ დაგეგმვაზე გააკეთა, რაშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ყველა მხარჯავი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ამაღლების საჭიროებაზე მიუთითა.
ძალზედ მწვავე იყო უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამაზ ხუბუას გამოსვლა, რომელმაც პუნქტ-პუნქტ გააკრიტიკა აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მიერ წარმოდგენილი ანგარიში. მან აბსოლუტურად უადგილო უწოდა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში არსებული ნაკლოვანებების, მათ შორის აუთვისებელი თანხების თაობაზეც, საპატიო მიზეზების ძიებას, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც ამას წინათ, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სააგენტოსთან დაკავშირებით ყოვლადგაუმართლებელი სკანდალური ფაქტი დაფიქსირდა. თამაზ ხუბუამ კმაყოფილებით გაუსვა ხაზი იმას, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს შენიშვნები და რეკომენდაციები აუდიტის სამსახურის დასკვნების იდენტურია. მან ვითარების გამოსწორებისათვის, მიზანშეწონილად მიიჩნია ერთობლივი სამუშაო შეხვედრების ორგანიზება საკანონმდებლო ორგანოს, მთავრობის წევრების, ყველა მხარჯავი სტრუქტურის წარმომადგენლებისა და აუდიტის სამსახურის მონაწილეობით. წინააღმდეგ შემთხვევაში „ჩვენ გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, ვაკრიტიკებთ, ვიძლევით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, მაგრამ ... ქარავანი მიდის!“ - დაასკვნა ბატონმა ხუბუამ და უარყოფითად შეაფასა ბიუჯეტის 9 თვის შესრულება.
კონსტრუქციული იყო სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის რუდიკ ცატავას გამოსვლა. მან წინა წლის ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგებს შეადარა ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მონაცემები. როგორც რუდიკ ცატავამ აღნიშნა, წინა წელთან შედარებით ნაშთი საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა საკმარისი მაინც არ არის. მან ბოლომდე არ გაიზიარა, აგრეთვე, აუდიტის სამსახურის ყველა შენიშვნა. ბატონმა რუდიკ ცატავამ, როგორც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კურატორმა, რომელიც კარგად არის ჩახედული სამინისტროს საქმიანობის ნიუანსებში, არ გაიზიარა ასევე, ამ სამინისტროს მისამართით გამოთქმული შენიშვნა არასწორი დაგეგმვის თაობაზე და განსჯისათვის შესაბამისი არგუმენტებიც წარმოადგინა.
ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მონაცემებზე მსჯელობისას საკმაოდ კრიტიკული იყო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ნოე ქაშიბაძის დასკვნები. მან ქრონიკული უწოდა ბიუჯეტის ვერათვისებისა და შემდგომ, წლის ბოლომდე ასიგნებების დაკორექტირების ადაპტირებულ მეთოდს. მისივე მოსაზრებით, დაგეგმვასა და შესრულებაში მუდმივად არსებული ხარვეზები აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ამასთან იმედი გამოთქვა, რომ“ 9 თვის შედეგების შეფასებისას გამოკვეთილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება წლიური ბიუჯეტის განხილვის დროს; წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტის სამსახური შეუვალი იქნება კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით!“- განაცხადა ბატონმა ნოე ქაშიბაძემ.
განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შემაჯამებელი სიტყვით წარდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც თავდაპირველად მადლობა გადაუხადა მთავრობის წევრებს გაწეული მუშაობისათვის, მაგრამ იქვე გაიზიარა კოლეგების შეფასებები, რომელთაც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიში. მისი განცხადებით, „მონიტორინგი უნდა გაეწიოს ყველა პროგრამის განხორციელებას, ყოველი თეთრის მოძრაობას, რომ პირნათელი ვიყოთ კანონის წინაშე. ბიუჯეტის ფორმირების პროცესში უფრო ქმედითად უნდა ჩავერთოთ დეპუტატები, რათა პასუხისმგებლობა მასზე მთავრობასაც ჰქონდეს და უმაღლეს საბჭოსაც! - განაცხადა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.
საბოლოოდ, სესიამ ცნობად მიიღო ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის 9 თვის შესრულებაზე იმსჯელეს - 17.11.2021
https://youtu.be/vzgWXD8-LI4