საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჟიული შარტავას 78 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

7 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, პარლამენტის ყოფილი წევრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას 78 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიებაში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიულ კომპლექსში გაიმართა, მონაწილეობდნენ ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, ჟიული შარტავას მეგობრები და თანამებრძოლები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ლომინაძემ გახსნა. ჟიული შარტავას მეგობრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს მისი მოღვაწეობა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მიესალმა სტუმრებს, ბატონი ჟიული შარტავას ოჯახის წევრებს და ისაუბრა ჟიული შარტავაზე, როგორც გმირობის და სიმამაცის სიმბოლოზე. ამასთან, მან ვრცლად ისაუბრა ეროვნული გმირის განვლილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. ჯემალ გამახარიას თქმით, ჟიული შარტავას მემკვიდრეობა გახლავთ თანამედროვე სახელმწიფოებრიობის, ერის და საზოგადოების ერთიანობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ჟიული შარტავას საზოგადოების“ თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან აღნიშნა, რომ ჟიული შარტავას ღვაწლი სამაგალითოა მომავალი თაობებისთვის და მნიშნველოვანია მისი სახელის უკვდავყოფა, რათა არასდროს მიეცეს დავიწყებას ჟიული შარტავას მიერ თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის გაწირული სიცოცხლის ფასი. ამასთან, ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ სწორედ საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა ეროვნული ალპინიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაცია და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრი. ექსპედიციის წევრებმა ხდის ხეობაში აღმოსავლეთ კავკასიონზე, ყვიბიშის მყინვართან მდებარე ერთ-ერთი უსახელო მწვერვალი დალაშქრეს. მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრს აღწევს და მას საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი უწოდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, ჟიული შარტავას ტექნიკურ უნივერსიტეტში გატარებულ წლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული გმირის სახელს უნივერსიტეტის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიული კომპლექსი ატარებს. მისი თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტს 100 წლის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც ჟიული შარტავას სახელის უკვდავებას ეძღვნება.

როგორც სტუ-ის სენატის სპიკერმა ჯემალ გახოკიძემ განაცხადა, წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჟიული შარტავას სახელის უკვდავსაყოფად დაგეგმილი ღონისძიებების პარალელურად გამოიცემა წიგნი „ქართული სახელმწიფოს მშენებლობა აფხაზებთან და ოსებთან ერთად“.

ღონისძიების დასასრულს ნაჩვენები იქნა ფილმი - „მწვერვალი - ჟიული შარტავა“.


ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, "ჟიული შარტავას საზოგადოების" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით გაიმართა.



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions