“რუსეთის სანქციები აფხაზეთსაც დაეტყო – „არჩევნებზე“ მხოლოდ 15% მივიდა” - აცხადებს ჯემალ გამახარია

 

აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ვერ დასრულდა. 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18 ადგილი კი თავისუფალია. აღნიშნულ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხეს აფხაზური მოსახლეობა სერიოზულად აფასებს.


„თუ ომამდე აფხაზეთის ამომრჩეველთა რაოდენობა 340 000 იყო, ამ „არჩევნებზე“ 130 000 ამომრჩეველი დააფიქსირეს, თუმცა, ესეც არ არის რეალური, უფრო რეალურია დაახლოებით 70-80 000 ადამიანის მონაწილეობა. რაც შეეხება შედეგს, მოსახლეობა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად.  ერთი ნაწილი საერთოდ არ მივიდა „არჩევნებზე“, ვინც მივიდა, ხმები ასეთია: პირველად მოხდა, რომ ე.წ. პირველ ტურში, 12 მარტს, 35 „დეპუტატიდან“ მხოლოდ 17 აირჩიეს, 18 კი ვერ აირჩიეს. დანიშნულია „მეორე ტური“. ერთ ოლქში კი საერთოდ ვერ შედგა ე.წ. არჩევნები. არჩეული 17-დან 5 ოპოზიციაა, დანარჩენი 15 სახელისუფლებო“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მისივე შეფასებით, „არჩევნებში“ რეალურად მხოლოდ ამომრჩეველთა 15%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ვითარებას, რაც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ხდება.

 

“35 ადგილისთვის 123 ადამიანი იბრძოდა. როგორც აფხაზები თავად აცხადებენ, ყველაზე დაბალი განათლების, მორალისა და ზნეობის მქონე ადამიანების „არჩევვა“ მოხდა. იგულსიხმება ის, რომ არიან ქურდებისა და ყაჩაღების კანდიდატები რომლებმაც სიმდიდრე სწორედ ამ გზით დააგროვეს” – განაცხადა ჯემალ გამახარიამ “მედიაცენტრ მთავარში.”


ამასთან, ჯემალ გამახარიამ უკრაინის ომის გავლენაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ბედიც წყდება.

 

„უკრაინაში მიმდინარე ომი აფხაზეთზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ველოდები უკიდურეს ეკონომიკურ სიდუხჭირეს აფხაზეთში. თქვენ მალე ნახავთ, რომ აქედან წავა ჰუმანიტარული დახმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ისეთ დღეში არიან, ხვალინდელი და ზეგინდელი დღე მათთვის სიკეთის მომტანი არ არის. მსოფლიოს და ჩვენი ბედი წყდება უკრაინაში; ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ბედი წყდება უკრაინაში. უფრო და უფრო მოველით რუსეთისაგან განდგომას ამ ოკუპირებული რეგიონების. სოციალური მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდება და აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია ცვლილებები მათ პოლიტიკაში“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

 

მისივე თქმით, ომის შედეგები და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგები აფხაზეთში უკვე იგრძნობა, მოსახლეობა შეშფოთებულია და ერთი საპროტესტო აქცია უკვე ჩატარდა კიდეც, რომელიც საწვავზე ფასის მატებას ეხებოდა. ჯემალ გამახარიას თქმით, რუსული რუბლი ფარატინა ქაღალდად იქცა, რაც პირდაპირ ურტყამს უბრალო ადამიანებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია "მედიაცენტრ მთავარში" - 15.03.2022

https://youtu.be/aVJzmdtRFrI

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions