15 ივლისს ქ. ზუგდიდში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის პრობლემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
დისკუსია-განხილვებში მონაწილეობისათვის მოწვეული არიან, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, აფხაზეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გალის რესურს-ცენტრის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლო ორგანოებისა და რეგიონალური არასამთავრობო სექტორის როლის შესახებ იმსჯელებენ.
შეხვედრა გაიმართება ასოციაცია ”იმედი” - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის” ოფისში.