ჯემალ გამახარია: „1991 წლის 31 მარტს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა“

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს საქართველოს ყველა მოქალაქეს წარმატებული რეფერენდუმის 31 წლის იუბილეს და ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს.

 

„განსაკუთრებული პატივით უნდა მოვიხსენიოთ თავდადებული მამულიშვილი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია უპირველესად იმ ღვაწლისათვის, რაც მან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის გასწია. ის ყოველთვის ზუსტად გრძნობდა ქვეყნის მაჯისცემას და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს საჭირო დროს იღებდა“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, 31 მარტის რეფერენდუმი და მისი შედეგები, რომლებიც ცნობილია, „იყო საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დიდი პოლიტიკური გამარჯვება, მათ შორის აფხაზეთშიც. მიუხედავად იმისა, რომ სსრ კავშირის შენარჩუნების თაობაზე 1991 წლის 17 მარტს რეფერენდუმის ჩატარება სეპარატისტებმა და სკკპ ცენტრალური კომიტეტიდან მოვლინებულმა ემისრებმა, არნახული გაყალბებით სცადეს, სასურველი შედეგი მაინც ვერ მიიღეს და დამარცხდნენ!“. „1991 წლის 17 და 31 მარტის რეფერენდუმების შედეგებმა, საქართველოს ხელისუფლების ლიდერის ზვიად გამსახურდიას ზუსტად გათვლილმა პოლიტიკამ სერიოზული დარტყმა მიაყენეს მაშინ აფხაზეთის სეპარატისტულ ძალებს და კიდევ უფრო გააძლერეს ქართული ეროვნული მოძრაობა“.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საქართველოს ამომრჩეველთა 90,3 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას კი მონაწილეთა 98,9 პროცენტმა დაუჭირა მხარი; რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო ისტორიული დოკუმენტი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions