აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

14 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება ეძღვნებოდა მერი გუგუშვილის ხსოვნას, რომელიც 14 აპრილს დაიბადა და  აფხაზეთში თავისი სახლის ეზოში მოკლეს. ადა მარშანიამ დამსწრე საზოგადოებას სთხოვა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მერი გუგუშვილის ხსოვნისთვის. მან სხდომა დაიწყო იმ რთული მდგომარეობის შესახებ საუბრით, რაც ქართულ ენასთან დაკავშირებით არსებობს ოკუპირებულ რეგიონებში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების სახელით თანადგომა გამოუცხადა გალელ პედაგოგებს, ყველა იმ ადამიანს ვინც ამ რთულ პირობებში იბრძვის ოკუპირებულ აფხაზეთში მომავალი თაობისთვის ქართული ენის შესანარჩუნებლად.

მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებრიობის წინაშე წარსდგა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან გაიხსენა 1978 წლის მოვლენები, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა. სსრკ-ს სახელმწიფო ენად მხოლოდ რუსული ენა უნდა დარჩენილიყო. ამ განზრახვას ქართველი ხალხის მღელვარება და მასიური გამოსვლები მოჰყვა. ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლა მაშინ წარმოუდგენელი და სახიფათო იყო, სიგიჟედ ითვლებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ნახა რა ხალხის დიდი წინააღმდეგობა ხელი აიღო ენის სტატუსის შეცვლაზე. თუმცა ქართული ენის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო რუსეთის იმპერიამ და დღესაც აგრძელებს ამას აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში. ჩვენს მიერ შემოღებულია პარალელური დისტანციური სწავლება, რომელიც საპილოტე პროექტია და ვერ მოიცავს მოსწავლეების დიდ ნაწილს. ის მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ მიმართულებით მუშაობა და ამის სრულმასშტაბიანი ამოქმედება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს ადა მარშანიას ამ ღონისძიების ჩატარებისთვის.

ღონისძიებას უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრობლებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები. ღონისძიება ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო წარმატებული სტუდენტი, გალის რაიონის მკვიდრი, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. ის მაგალითია იმ დაუღალავი ბრძოლის და შრომის, რასაც ეწევა დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გალის რაიონში მცხოვრები ქართველი პედაგოგები. გალის რაიონის მკვიდრი დაჯილდოვდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი. მათ ისაუბრეს იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც დღეს არსებობს გალის რაიონში ქართული ენასთან დაკავშირებით. აკრძალულია არამარტო ქართულ ენაზე საგნების სწავლა, არამედ საუბარიც კი ქართულ ენაზე. ამისათვის აფხაზებს სკოლებში უშიშროების წარმომადგენლებიც კი ყავთ მიმაგრებული, რომლებსაც ევალებათ ამ საკითხზე ზედამხედველობა.

უმაღლესი საბჭოს წევრებმა მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ადა მარშანიას ამ ღირსშესანიშნავი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისათვის იმ იმედით, რომ ის მომავალში აფხაზეთში, სოხუმში ჩატარდება.









































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions