ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილების - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ შესახებ

2022 წლის 4 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მიღებულ იქნა მორიგი, მეცხრე გადაწყვეტილება “კონფლიქტი საქართველოში”.

 

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებლისა. მიღებული დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს. მათ შორის, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე. მინისტრთა კომიტეტი აგრეთვე მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას დაპატიმრების ორდერის გამოცემის თაობაზე 2008 წლის ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულების ჩამდენ პირებზე. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” და ითანამშრომლოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის აპარატთან. მინისტრთა კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გენადი ბესტაევის გარდაცვალების გამო და ასევე მოუწოდებს რუსეთს, მოხსნას ყოველგვარი დაბრკოლება, რათა დასრულდეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველების მკვლელობის საქმეებზე დაუსჯელობა და დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში. გადაწყვეტილებაში საუბარია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ რომელიც გულისხმობს შემზღუდავ ზომებს ადამიანის უფლებათა სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელ პირთა მიმართ. გადაწყვეტილება მოუწოდებს რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები. დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ირაკლი ბებუა, მამუკა ჩხიკვაძე და სხვა უკანონოდ დაკავებულები; შექმნას პირობები, რათა იძულებით გადაადგილებულმა პირებმა შეძლონ საკუთარ სახლებში ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება; უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. მინისტრთა კომიტეტი მიღებულ დოკუმენტში ხაზს უსვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე დაკვირვების და ანგარიშგების მიზნით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის და გენერალური მდივნის ჩართულობის მნიშვნელობას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს ურყევი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

 

The Council of Europe and the conflict in Georgia 4 May 2022

 

https://mfa.gov.ge

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions