ელგუჯა გვაზავა: 2008 წლის აგვისტოს ომმა აშკარად გამოაჩინა რუსეთის ნამდვილი ნიღაბჩამოხსნილი სახე



აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.


აფხაზეთის ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ მიუსამძიმრეს ომში დაღუპულთა ოჯახებს და გულისტკივილით აღნიშნეს, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული დღე არა მარტო მათთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.

- როგორია 3 წლის გადასახედიდან  2008 წლის აგვისტოს ომი? ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა ელგუჯა გვაზავა :

- მართალია, ამ ომს ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი არ მოუტანია ჩვენი ხალხისთვის, მაგრამ როგორც იტყვიან, ყველა უბედურებაში დადებითის გარკვეული წილიც დევს. დადებითად მიმაჩნია ის, რომ იმ დღეებში ყველამ დაინახა - მიუხედავად ძალთა არაპროპორციულობისა, როგორი თავგანწირული გმირობა გამოავლინა ქართულმა ჯარმა  და როგორ შესწირა სამშობლოს საკუთარი სიცოცხლე 170-მა ქართველმა მეომარმა, რასაც ჩვენი ერი არასოდეს დაივიწყებს და მათი გმირობისა  და სამშობლოს სიყვარულის მაგალითზე აღზრდის მომავალ თაობას. მე იმ დღეებში გორში ვიყავი და თავად ვარ იმ საშინელი ტრაგედიის მოწმე. ფაქტიურად ეს იყო ქართული ჯარის გამარჯვება უთანასწორო ძალაზე. ჩვენი ჯარი მხოლოდ რუსულ ავიაციას ვერ გაუმკლავდა. დადებით  მომენტად შეიძლება ჩაითვალოს ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო კარგად იცნობს იმპერიული პოლიტიკის გამტარებელ რუსეთს, ამ ომმა აშკარად გამოაჩინა რუსეთის ნამდვილი ნიღაბჩამოხსნილი სახე, ანუ მტერს დაერქვა მტრის სახელი. და ეს ნამდვილი სახე დაინახა არა მარტო მსოფლიომ, არამედ თვით რუსმა ხალხმაც, უბრალო ადამიანებმა. რა თქმა უნდა, დღეისათვის ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია, რასაც უკვე არაერთი ქვეყანა აღიარებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, ყველა ოკუპანტი ტოვებს დაპყრობილ ქვეყანას და რუსეთიც გავა.

- რუსეთის პრიზედენტი თავის უსუსურ ინტერვიუში აგვისტოს ტრაგედიაში მთავარ პასუხისმგებლად საქართველოს პრეზიდენტს ასახელებს და თავის გადაწყვეტილებებს სწორად აფასებს, იმავდროულად დასძენს, რომ ”სააკაშვილი მას უნდა უმადლოდეს, რომ 2008 წლის აგვისტოში ჯარი შეჩერა და თბილისში არ შევიდა”.

- მე მოვუსმინე ამ განცხადებას. ეს ცინიზმის უმაღლესი გამოვლინებაა, მაგრამ აქ არის ერთი თემა, რომელიც გარკვეულწილად განმარტებას მოითხოვს. რუსეთი თავის ნამოქმედარს ამართლებს მსოფლიო პოლიტიკოსების წაბაძვის თვალსაზრისით, ანუ თუკი არსებობს კოსოვოს პრეცედენტი, რატომაც არ უნდა გავრცელდეს ეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე? მაგრამ გაუგებარი ერთი რამაა: თუკი საომარი მოქმედებების გასამართლებლად რუსეთისთვის მთავარი მოტივაცია არის მეგობრულად განწყობილი ერების დაცვა, რატომ არ დაიცვეს მათ თავისი მეგობარი ერთმორწმუნე ქვეყანა - სერბეთი? ლოგიკა არ ჩანს. აგვისტოში მათ მოახდინეს იმის დემონსტრირება - თუკი ამერიკას შეუძლია კოსოვოს დაბომბვა, მაშინ რუსეთსაც უნდა შეეძლოს თბილისის დაბომბვა. ამ კრიტერიუმებით ამართლებენ რუსი პოლიტიკოსები თავიანთ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს. ეს არის ძლიერთა სამართალი. მე ვთვლი, რომ ვეტოს უფლება საერთაშორისო ორგანიზაციებში ძლიერებს კი არ უნდა ჰქონდეთ, არამედ პატარა და სუსტ სახელმწიფოებს, რომ თავი დაიცვან. დღეს მსოფლიო არ არის სამართლიანი. როცა რუსეთი აცხადებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს მაგალითზე, რომ სამართლიანობის აღდგენას ცდილობს, ეს პარადოქსია! რა სამართლიანობაზე ლაპარაკობს მოსკოვი, რომელმაც ჩეჩნეთში 250 000 ადამიანი (მათ შორის 40 000 ბავშვი) გაწყვიტა? ეს გენოციდია მსოფლიოს თვალწინ, რომელიც მხოლოდ რბილი შენიშვნებით შემოიფარგლა რუსეთის მიმართ ამ გენოციდის გამო. თუკი რუსეთს შეუძლია დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი ჩეჩნეთში, რომელიც მისი ისტორიული ტერიტორია არ არის, რატომ არ შეუძლია საქართველოს გააკეთოს იგივე თავის თავის განუყოფელ მიწაზე? თუმცა  მიუხედავად ასეთი პოლიტიკური ფონისა, უნდა ვეძებოთ გამოსავალი იმისდა მიხედვით, რა ბერკეტებიც არსებობს.

- აფხაზეთის ომის დროს რუსეთი კონსპირაციულად ებრძოდა საქართველოს. დღეს კი უცერემონიოდ აცხადებს თავისი ჯარით უცხო ქვეყანაში შეჭრის თაობაზე. ხომ არ ნიშნავს ეს წარსულში სხვადასხვა ფარული აგრესიის დაგვიანებით გაცხადებას?

- ეს იყო ვითომ დაბრმავებული მსოფლიოს პოლიტელიტის პოზიცია და მაშინდელი ჩვენი ხელისუფლებისაც, რომელთაც იმის გაგება არ უნდოდათ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა. ძალიან კარგად იცოდნენ მათ ყველაფერი, მაგრამ ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსეთს მტრის სახელი არ ერქვა და დემოკრატიას თამაშობდა, ჩვენი მთავრობა კი შეგნებულად იტყუებდა თავს (ამის დასტურია მიღწეული შეთანხმებების არაერთჯერადი ცალმხრივი დარღვევები). დღეს მდგომარეობა გარკვეულწილად შეიცვალა და რუსეთი უკვე ღიად აცხადებს, რომ დიახაც, არის ოკუპანტი. სამწუხაროდ, მაშინ კონფლიქტის მოგვარების უფრო მეტი შანსი იყო: რუსეთმა ის ომი ისე წაიყვანა, რომ მასთან ურთიერთობის მეტი საშუალება არსებობდა, რაც ქართულმა მხარემ არ გამოიყენა.... რაც შეეხება აფხაზეთის ომს, თვითონ რუსეთი არ ცდილობდა მის სწრაფად დამთავრებას, რათა ამით მსოფლიოს თვალში აგრესორად არ გამოჩენილიყო და არ გაცხადებულიყო მის მიერ იმდროინდელი გარემოებებით აშკარა მანიპულირება. გარდა ამისა, დრო იმისთვისაც იყო საჭირო, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ როგორ იბრძვის თავისუფლებისმოყვარე აფხაზური ეთნოსი ”ქართველი აგრესორების” წინააღმდეგ.

- შესაძლებელია თუ არა, აგვისტოში ცხელ გულზე (26 აგვისტო 2011წ.) დე ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთმა უკან წაიღოს, თუკი რუსეთში პოლიტიკა შეიცვლება?

- მე კი პირიქით მგონია, რომ ახლო მომავალში იმ 4 სახელმწიფოს, რომელმაც ცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, კიდევ მიემატოს სხვა... აქ მთელი უბედურება იმაშია, რომ, ჯერ ერთი, მსოფლიო ამ კონფლიქტს ორმაგი სტანდარტით უყურებს (აფხაზეთის აღიარება მოხდა, ცხინვალის რეგიონის ანუ ე.წ. სამხრეთ ოსეთის - არა). მეორეც, იმდენად მოხერხებულად და საკმაოდ მომზადებულად მოხდა აფხაზეთის გასხვისება, - ჯერ ისტორიის გაყალბებით, შემდეგ კი რეალურად, რომ არ არის გამორიცხული, ევროპაშიც იფიქროს ვინმემ მათი დამოუკიდებლობის აღიარება. აფხაზეთის ცნობა რომ მოხდეს დსთ-ს ქვეყნების რომელიმე ერთი წევრის მიერ, ეს ძალიან გაართულებს საქმეს. ამ პროცესს ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკა აჩერებს. მაგრამ მსოფლიო შეიძლება შიეცვალოს ერთ წუთში. ახლა მიმდინარეობს ჯუჯა სახელმწიფოების წარმოქმნა, ეს, ერთი მხრივ, თითქოს დემოკრატიის გამოვლინებაა, მაგრამ მეორე მხრივ, პატარა ქვეყნების მომავალი ძალიან სათუო ხდება. თუკი დღეს რომელიმე სახელმწიოფო მათ მიიკედლებს და მეგობრულად მოეკიდება, მოგვიანებით იგივე სახელმწიფო შეიძლება მტრადაც მოევლინოს ამა თუ იმ პოლიტიკური ლიდერის ხელში. ამაში უკვე თანდათან რწმუნდებიან პატარა ერები (საგულისხმოა, რომ ყოველ 10-15 დღეში ერთი რომელიმე ენა იკარგება დედამიწაზე არსებული 6000 ენიდან. ადვილი მისახვედრია, ვის შეიძლება დაემუქროს ასეთი პრობლემა). ასეთი ანალოგიები რუსეთსაც და ევროპასაც აქვს და ვითომ დემოკრატიული, სინამდვილეში კი სეპარატისტული წახალისებები შეიძლება ძალიან დიდ და რთულ პრობლემად იქცეს მსოფლიოში.

- შეიძლებოდა თუ არა ომების თავიდან აცილება 2008 და 1992-93 წლებში?

- დღეს იკვეთება ეს მოსაზრება, მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ჩვენ ვერ ვმართავდით სიტუაციას  ვერც აფხაზეთის ომში და ვერც 2008 წელს. მე იმის თქმა მინდა, რომ რუსეთმა სხვა გზა არ დაუტოვა საქართველოს, გარდა პასუხისა ანუ მოგერიებისა. დღე არ გადიოდა, რომ სამაჩაბლოში ვინმე ქართველი არ გაეტაცებინათ ან არ მოეკლათ, ქონების გატაცებასა და დაყაჩაღებაზე არაფერს ვამბობ. ბერმუდის სამკუთხედივით უჩინარდებოდა სახელმწიფო შემოსავლების დიდი ნაწილი. მართალია, ამის პირობები წინა ხელისუფლების დროს კორუფციაში ჩაფლულმა ჩინოვნიკებმა შექმნეს, მაგრამ იქ არსებულ სრულ განუკითხაობას ხომ უნდოდა ალაგმვა? ქართველი კაცი ვინმეს ხომ უნდა დაეცვა? რაც შეეხება აფხაზეთის ტრაგედიას, ჩვენ ქართველებს დიდი წარმოდგენა გვქონდა მსოფლიოზე და გვეგონა, თუ დავიყვირებდით და სიმართლეს ვიტყოდით რუს ოკუპანტებზე, მსოფლიო მათ თითს მაინც დაუქნევდა. მაგრამ ეს ”საოცრება” არ მოხდა. პირიქით, საერთო ენის გამონახვაზე მიგვითითებდნენ. მოძალადესთან კი, მოგეხსენებათ, საერთო ენის გამონახვა ან შეუძლებელია, ან ყოველთვის ძლიერის, იგივე მოძალადის სასარგებლოდ ხდება. ახლა საჭიროა ფრთხილი, ჭკვიანური, დაკვირვებული დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა და ყოველდღიური მუშაობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც ჩვენთვის მტკივნეულია.

- ბატონო ელგუჯა, თქვენ ამბობთ, რომ ფრთხილად და დიპლომატიურად უნდა მიუდგეს საქართველო თავის პოლიტიკას კონფლიქტებთან დაკავშირებით, მაგრამ, როცა ოპონენტი კონტაქტის დამყარებაზე უარს აცხადებს, მაშინ ლოდინის გარდა გამოსავალი არ რჩება. შეიძლება ლოდინი იძულებითი, მაგრამ მაინც გამართლებული პოლიტიკური გზა იყოს?

- ებრაელები რამდენ წელს ელოდნენ სახელმწიფოებრიობის აღდგენას? თუნდაც კვიპროსის პრობლემა აიღეთ, რომელიც ამდენი წელია გადაუწყვეტელია. ბუნებრივია, ჩვენ სწრაფად გვინდა პრობლემის მოგვარება, მაგრამ ისტორიაში არის მაგალითები, რომელიც  გასათვალისწინებელია. დღეს, 21-ე საუკუნეში იარაღზე დაიმედებით თავისუფლების მოპოვება, მე ვფიქრობ, უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ მოთმინებით, ჩვენი იარაღი უნდა გახდეს ჩვენი სიმართლე, სიმართლე კი ცოდნაზე დაფუძნებული, ყველაზე ძლიერი იარაღია.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions