ახალი ანაკლია - მშვიდობის გზავნილი

 

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ანაკლიამ საკურორტო ქალაქის სტატუსი შეიძინა. ორ წელიწადში საგრძნობლად განახლებული ინფრასტრუქტურა – სასტუმროები, ფეხბურთისა და  კალათბურთის მოედნები, სპორტული თუ დასვენების ობიექტები ძალიან მოკლე დროში ანაკლიას შავი ზღვის მთელ სანაპიროზე ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად აქცევს, – განაცხადა პრეზიდენტმა საკურორტო სეზონის გახსნაზე, რომელზეც აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავაც იყო მიწვეული.


ბატონო გია, უწინ ანაკლია საკმაოდ შეუმჩნეველი ადგილი იყო თუნდაც თავისი ზღვისპირა ჭაობებითა და ნოტიო კლიმატით, დღეს კი მას წარმატებული კურორტის მომავალს უწინასწარმეტყველებენ. თუ შეიძლება მის ტურისტულ პოტენციალზე გვესაუბრეთ?

როგორც ბიოლოგმა მინდა გითხრათ, რომ წარსულში ადამიანებს ჭაობი მიაჩნდათ აშმორებულ ადგილად, მალარიის კერად, რომელსაც ხალხისთვის მხოლოდ უბედურება მოჰქონდა. სამწუხაროდ, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღესაც ასეთი წარმოდგენა აქვს. სინამდვილეში, ჭაობები ბუნებრივი ფილტრის როლს ასრულებენ. შეიწოვენ რა დიდი რაოდენობის წყალს, წმენდენ მას მავნე ქიმიური და ბიოლოგიური ელემენტებისაგან და სუფთა წყლით ასაზრდოებენ მდინარეებს, ტბებს, მიწისქვეშა წყლებს. დასავლეთ საქართველოს ჭაობურ ლანდშაფტებს შავი ზღვის მთელ სანაპიროზე იშვიათად მოეპოვება ბადალი. ანაკლიის ჭაობური ლანდშაფტები  გარდა ზემოთ აღნიშნულისა, არის ფრინველების დასასვენებელი, გამოსაზამთრებელი ადგილიც, რადგანაც აქ გადის გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი დერეფანი, ასე რომ ეს რეგიონი ნადირობის და თევზაობის თვალსაზრისითაც გახდება ტურისტებისთვის საინტერესო. რაც შეეხება განახლებულ ინფრასტრუქტურას, ძალიან მოხიბლული დავრჩი ყოველივე იმით, რაც იქ ვნახე. საოცრად ლამაზია  540-მეტრიანი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან დააკავშირებს; ევროპულ დიზაინზე მოწყობილი ამფითეატრი, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული კილომეტრნახევრიანი ბულვარი. რამდენადაც მე ვიცი, მშენებლობები გრძელდება, გეგმაშია ახალი სასტუმროების, სპორტული კომპლექსების და  გრანდიოზული აკვაპარკის მშენებლობაც. საკურორტო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ასევე ფოთი-ანაკლიის გზის მშენებლობაც, რომელიც მანძილს ფოთსა და ანაკლიას შორის 15 წუთამდე შეამცირებს. ერთი სიტყვით, პოტენციალიცა და შემართებაც ნამდვილად დიდია.

ბატონო გია, პოლიტიკური თვალსაზრისით თუ აქვს რაიმე დატვირთვა ამ კურორტის დაბადებას?

რა თქმა უნდა აქვს! ჯერ ერთი, ჩვენსა და აფხაზებს შორის ხელოვნურად აღმართული კედლის მიღმა მიმდინარეობს სამხედრო ბაზების მშენებლობა, რომელსაც ტყვია–წამლისა და ომის სუნი უდის დღესაც. ჩვენთან კი სიცოცხლის განახლება, მშვიდობა და დასვენებაა. და მეორეც, არ დაგავიწყდეთ,  სულ რაღაც 2–3 წლის წინ ეს ადგილი რუსეთის საავიაციო დაბომბვების შედეგად გადაიწვა და გაჩანაგდა. სულ მალე მსოფლიო დონის კურორტებს შეეჯიბრება რუსების მიერ განადგურებული განმუხური და ანაკლია. ანუ, ეს არის გზავნილი ჩვენგან იზოლირებული აფხაზი ეთნოსისთვის, რუსი ოკუპანტებისთვის, რომ საქართველო აღმშენებლობის გზას ადგას, მაგრამ რა გაეწყობა, ჯერჯერობით ასეთია მათი არჩევანი.

ბატონო გია, თქვენ იდექით აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლიდან ასიოდე მეტრის მოშორებით, რას გრძნობდით იმ დროს?

რა თქმა უნდა, ნოსტალგიას! როცა იცი, რომ სულ ახლოს შენი მშობლიური კუთხეა, სადაც 19 წელია ფეხი არ დაგიდგამს, მონატრება განსაკუთრებით ძლიერდება, მაგრამ მაინც, მე ვიყავი უფრო ამაყი, ვიდრე სენტიმენტალური; ამაყი იმით, რომ ქართველი კაცი არის შეუპოვარი და უტეხი სულის, ფიქრობს აღმშენებლობაზე და არა ომსა და ნგრევაზე. ამიტომაც მწამს, რომ მოვა დრო, დანგრეულ და მიტოვებულ აფხაზეთსაც  ბევრად უკეთესად აღვადგენთ.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions