დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ბატონი ჯემალ გამახარია. მან მადლობა გადაუხადა კონგრესის ორგანიზატორებს იმისათვის, რომ თითოეულ სტუმარს მიეცა ასეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის საშუალება. მისი თქმით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობენ მეცნიერებს შორის საქმიანი კონტაქტების დამყარებას და გაღრმავებას, უახლოესი კვლევების შედეგების გაზიარებას, საბოლოო ჯამში, ისტორიული მეცნიერების განვითარებას და პოპულარიზაციას. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი სამთავრობო კაბინეტებში შეთხზულ ყალბ ისტორიოგრაფიას იყენებს მოსაზღვრე და სხვა სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ კონფლიქტებისა და ომების გასაჩაღებლად, როგორც ეს უკვე მოხდა საქართველოში, როგორც ეს ამჟამად ხდება უკრაინაში. "ანუ ჩვენ ვართ მომსწრე სამწუხარო ფაქტისა", - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, როდესაც ისტორიოგრაფია გამოიყენება როგორც ხალხთა შორის მტრობის გაღვივების, დაპყრობითი ომების გაჩაღების, მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის და, ბოლოს, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ძალადობრივი გზით შეცვლის იდეოლოგიური საფუძველი. თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX კონგრესზე კი ვნახეთ სრულიად საპირისპირო სურათი. თქვენ არა მხოლოდ ხელს უწყობთ ისტორიული მეცნიერების განვითარებას, არამედ სწორად გაქვთ გააზრებული ამ უძველესი მეცნიერების როლი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთან დაკავშირებით ჯემალ გამახარიამ კიდევ ერთხელ ყურადღება გაამახვილა კონგრესის გახსნის ცერემონიალზე თურქეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, ამჟამად თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის ბინალი იელდირიმის და სხვათა გამოსვლებზე, სადაც საუბარი იყო ისტორიული მეცნიერების როლზე მეზობლებსა და ზოგადად ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებაში, მშვიდობის დამყარება-შენარჩუნებაში, გეოგრაფიული საზღვრების ურღვევობის პრინციპების დაცვაში, ჩვენს რეგიონში არსებული კონფლიქტების შედეგად შექმნილი წარმონაქმნების შესაბამისი სახელმწიფოების შემადგენლობაში დაბრუნების უზრუნველყოფაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 3-7 სექტემბრის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ქალაქ ანკარაში თურქეთის საისტორიო საზოგადოების XIX საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდა.
ვიზიტის ფარგლებში ჯემალ გამახარია შეხვდა თურქეთის საისტორიო საზოგადოების თავმჯდომარეს პროფესორ ბიროლ ჩეთინს, თურქეთის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, პროფესორ მუჰამედ ჰეკიმოღლუს, რომლებსაც საჩუქრად გადასცა მისი თანაავტორობით თურქულ ენაზე გამოცემული წიგნი აფხაზეთის ისტორიის შესახებ; ჯემალ გამახარია შეხვდა ასევე 2017-2021 წლებში საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ქალბატონ ფატმა ჯერენ იაზგანს, აღნიშნა მისი განსაკუთრებული როლი საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში.