ჯემალ გამახარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გილოცავთ

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1950 წლიდან აღინიშნება.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, თითოეულ ბავშვსა და მშობელს. უსურვებს მათ ღირსეულ აღზრდას და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში განვითარებას.

ამავე დროს კარგად გვახსოვს რა მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი ოკუპანტებს აფხაზეთში, სადაც ასობით ბავშვი იქნა წამებით მოკლული. ჩვენ ვიცით და მუდამ გვეხსომება მათი სახელები, ვიცით დამნაშავეთა ვინაობაც, რომლებიც დღეს თუ არა ხვალ პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით.

ბავშვთა უფლებების უხეში დარღვევა, მათი დისკრიმინაცია კვლავაც გრძელდება ოკუპირებულ აფხაზეთში. კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ჩვენს მომავალ თაობებს კვლავინდებურად უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების მიღება. სახეზეა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდების იდენტობის შეცვლის მცდელობები. სხვადასხვა ტრიბუნიდან არაერთგზის აღნიშნულა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ეწევა ბავშვთა დისკრიმინაციას ეთნიკური ნიშნით, რითაც უხეშად ირღვევა ყველა საერთაშორისოდ აღიარებული ნორმა. საქართველოში ბავშვთა უფლებების მხარდაჭერა სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა გახორციელდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია უცხოური საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დანერგვასა და სრულყოფაში.

„კიდევ ერთხელ ვულოცავ მომავალ თაობას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, უპირველესად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთ. ვუსურვებ ყველა მოზარდს ჯანმრთელობას, მშვიდობიან, დემოკრატიულ და გაერთიანებულ ქვეყანაში ცხოვრებას. მჯერა, რომ ქართველების, აფხაზებისა და ოსების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება ნდობის აღდგენა, ტრადიციული თანაცხოვრების პირობების აღორძინება, ქვეყნის გაერთიანება, რაც უპირველესად სწორედ მომავალ თაობას მისცემს საშუალებას იცხოვროს მშვიდ გარემოში, ყველა აღიარებული უფლების დაცვით“.

უფალი გფარავდეთ!

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions