შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს


ძნელია სიტყვებით გამოხატო ის უსაზღვრო გულისტკივილი, რასაც სტიქიური უბედურების შედეგად შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო განიცდის სრულიად საქართველო, ჩვენი ქვეყნის თითოელი მოქალაქე. ცხადია, ვერანაირი სიტყვებით ვერ ანუგეშებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, ნათესავ-მეგობრებს, ვერ ეტყვი მათ შესაფერის სამძიმარს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 2023 წლის 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. მილიონობით თანამოქალაქესთან ერთად ვგლოვობთ სტიქიას შეწირულ ადამიანებს, ვლოცულობთ მათი წამებული სულების ზეციურ ნათელში დამკვიდრებისათვის, იმავდროულად ვინარჩუნებთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გადარჩენის მცირე იმედს.

ამ მძიმე ჟამს, როდესაც მთელი ქვეყანა გლოვობს, ხოლო სამაშველო ღონისძიებებში ჩართული უწყებების წარმომადგენლები სტიქიის ეპიცენტრში აგრძელებენ უწყვეტ რეჟიმში გმირულად შრომას იქ არსებულ ურთულეს ბუნებრივ და ფსიქოლოგიურ პირობებში, გვმართებს ერთმანეთის თანადგომა, გვმართებს მეტი სიმტკიცე, სიმხნევე და სიმშვიდე. მხოლოდ ასეთ ვითარებაშია შესაძლებელი, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა ცივი გონებით გაანალიზონ მომხდარის ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები; რომ ჩვენმა მთავრობამ გამონახოს მომავალში მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების გზები და საშუალებები.

უფალი ფარავდეს სრულიად საქართველოს!

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions