რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდბლობის“ აღიარებიდან 15 წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით ჯემალ გამახარია განცხადებას ავრცელებს

რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული შეიარაღებული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ კრემლის დიდი ხნის ოცნების აღსრულებით - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია-ანექსიის გაფორმებით დასრულდა. იმ კონკრეტულ ვითარებაში რუსეთმა   „ორიგინალური“ ხერხს მიმართა -  სცადა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსიის შენიღბვა მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებით. ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილი აღნიშნავდა: „ამჟამად აფხაზებს ორი მოტრფიალე ჰყავს, ერთნი სცდილობენ სრულიად დააშორონ იგი საქართველოს, გაიმარტოვონ და გადაიბირონ თავისკენ. მეორენი მონატრებული არიან დაიცვან ისტორიული კავშირი აფხაზებისა ქართველებთან“. იმპერიული პოლიტიკის შედეგად, როგორც დიდი ქართველი პედაგოგი წერდა, აფხაზები „მოზრდილი ერის ნაცვლად ერთ მუჭა თემად იქცა, რომელსაც გაქრობა ემუქრება, თუ პოლიტიკანებმა გააცალკევეს, გაიმარტოვეს და მოსწყვიტეს საქართველოს“.

სრულიად აშკარაა, რომ დღეს აფხაზეთი სწორედ ამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ წინასწარმეტყელურად გაცხადებული საფრთხის წინაშე იმყოფება. რუსეთმა ყველაფერი იღონა საქართველოსაგან აფხაზების „დასაშორებლად“. კრემლმა მართლაც „გააცალკევა“, „გაიმარტოვა“ და „მოსწყვიტა“ აფხაზობა საქართველოს; ამის გამო ის  ნამდვილად იქცა „ერთ მუჭა თემად“, რომელსაც „გაქრობა“ ემუქრება. მხოლოდ პოლიტიკურად ბეცნი შეიძლება ვერ ხედავდნენ, რომ 15 წლის წინ ბოძებული „დამოუკიდებლობა“ სხვა არაფერია, თუ არა ანექსიის, თვითმყოფადობის დაკარგვის, ეროვნული  გადაშენებისა და გაქრობის წინაპირობა, რაც ფაქტობრივად დაადასტურა კიდევაც დ. მედვედევმა თავის ამა წლის 23 აგვისტოს განცხადებაში. შექმნილ ვითარებაში თუ ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ XIX საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზებისთვის მოწყობილ მუჰაჯირობას და  XXI საუკუნის დასაწყისში იმავე რუსეთის მიერ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ერთი საერთო მიზანი ჰქონდა და აქვს - ამ შავიზღვისპირა რეგიონის ანექსია, დემოგრაფიული ექსპანსია და ქართული სივრცისაგან მოწყვეტა. აქეთკენაა  მიმართული  2008 წლის 26 აგვისტოს უკანონო აქტიც და შემდგომ პერიოდში მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ასევე უკანონო შეთანხმებები თუ პროგრამები.

„დამოუკიდებლობის“ თანმდევი მცოცავი ანექსიის პირობებში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და გადაშენებით ემუქრება აფხაზ ხალხს, სოხუმში 26 აგვისტო დიდი ზარ-ზეიმით და ანტიქართული პათოსით აღინიშნება. ეს არის ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია. აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, დარწმუნებული ვართ, კარგად ხვდება ამ ყალბი ზეიმით შენიღბულ  მოახლოებულ საფრთხეს. დასასრულს უახლოვდება ის ხანა, როდესაც რუსეთი  ძალადობის გზით, ეთნიკური წმენდა-გენოციდის მოწყობითა და დემოგრაფიული ექსპანსიით ახერხებდა ახალი ტერიტორიების დაპყრობას. უკრაინის და ფაქტობრივად მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესია, დიდი ალბათობით, აგრესორის კრახითა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებით დასრულდება, სადაც არ იქნება აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონის, დონეცკის, ლუგანსკის და სხვა მსგავსი ფსევდორესპუბლიკების ადგილი.

ვითარება უაღრესად რთულია, უკიდურესად მძიმეა, მაგრამ გამოსავალი მაინც არსებობს. თუ კვლავ იაკობ გოგებაშვილს დავესესხებით, გამოსავალი აფხაზებისა და ქართველების ისტორიული კავშირის აღდგენასა და დაცვაშია, საითკენაც არის მიმართული ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions