აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის საგაზაფხულო სესია გაიხსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თებერვლის პირველ სამშაბათს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია, თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მიმართვით გაიხსნა. მან 2019-2023 წლებში გაწეული საქმიანობის, სამომავლო გეგმებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას ესწრებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, უმაღლესი საბჭოს აპარატისა და მედიის წარმომადგენლები.

თავმჯდომარე კოლეგების წინაშე განსხვავებული მეათე მიმართვით წარსდგა. განსხვავება განპირობებულია მოახლოებული შიდა არჩევნებით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად, მორიგი არჩვენები მიმდინარე წლის აპრილის პირველ დეკადაში ჩატარდება.

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, 2019 წელს ჩატარებული არჩვენების შემდეგ ახალი ხელმძღვანელობა დადგა უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, კომისიების გარდაქმნის, აგრეთვე აპარატის სტრუქტურული რეორგანიზაციის, საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის წინაშე, რაც ეტაპობრივად 2-3 წლის განმავლობაში ხორციელდებოდა.

„2019 წლიდან უმაღლესი საბჭოს აპარატში განხორციელდა ძირეული რეორგანიზაცია. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ ამასთანავე აუცილებელი ზომა. ხშირ შემთხვევაში უფუნქციო, უმოქმედო სტრუქტურები ჩანაცვლდა ახალი, ფუნქციებით დატვირთული და მოქმედი სტრუქტურებით. ამასთანავე განხორციელდა უპირატესად ახალგაზრდა, თანამედროვე განათლების მქონე კადრების დაწინაურება“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

მისივე თქმით, უმაღლესი საბჭოს ხანგრძლივი და, საბოლოო ჯამში, წარმატებული მუშაობის მთავარი განმაპირობებელი იყო და არის მისი უნიკალური შემადგენლობა. დეპუტატთა კორპუსის დიდი უმრავლესობა თავის დროზე იყო რადიკალურად განსხვავებული, ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიების, უფრო მეტიც, სისხლიანი სამოქალაქო ომის პერიოდში ბარიკადების სხვადასხვა მხარეს მყოფი ძალების წარმომადგენელი. მიუხედავად  ამისა, მათი მრავალწლიანი საქმიანობით საქართველოს დიდი ხნის წინ აჩვენეს ქვეყნის მასშტაბით დღემდე მიუღწეველი, მაგრამ მისი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დეპოლარიზაციის კლასიკური მაგალითი.  საერთო  ძალისხმევით გახორციელებული გარდაქმნებისა და დანერგილი სიახლეების წყალობით მოხერხდა უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გააქტიურება, რაზეც  კონკრეტული მონაცემებიც მიუთითებს.

გასული 5 წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას კანონშემოქმედებით საქმიანობას უთმობდა. 2019 წლის 21 ნოემბერს დამტკიცდა აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რის შედეგადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ძირითადი კანონი საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან სრულ შესაბამისობაში იქნა მოყვანილი.

გარდა ამისა, უმაღლესმა საბჭომ 2019 წლიდან დღემდე საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარადგინა 13 კანონპროექტი. ცამეტივე კანონპროექტი პარლამენტმა  განსახილველად მიიღო.

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, უმაღლესი საბჭო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა და ანიჭებს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველად 2020 წლის ივნისში წარადგინეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი მიღებული იყო განსახილველად, მიზეზთა გამო, მისი განხილვა არ დაწყებულა. სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებებში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ მოხდა აღნიშნული კანონპროექტის გამოწვევა. 2023 წლის 1 მარტს საქართველოს პარლამენტს წარედგინა იმავე კანონპროექტის ახალი ვერსია და მასთან ერთიან პაკეტში - კანონპროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტები ითვალისწინებენ უცხოეთში მყოფი აფხაზეთიდან დევნილებისთვის, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თუ მიღების პროცედურების გამარტივებას. მათი განხილვაც დაწყებული არ არის.

„უმაღლესი საბჭო გააგრძელებს საკანონმდებლო საქმიანობას, მათ შორის საქართველოს პარლამენტში ისეთი ინიციატივების წარდგენას, რომლებიც მიმართული იქნება ენგურს გაღმა-გამოღმა, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვისკენ.

მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების პროექტის მოსამზადებლად.“ - განაცხადა უამღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

ჯემალ გამახარიას განმარტებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე როგორც პოლიტიკური კუთხით, ისე სოციალურ-ეკონომიკური და ყველა სხვა მიმართულებით არსებული ვითარება, მისი საფუძვლიანი შესწავლა და შეფასება, იქ მიმდინარე პროცესებზე სხვადასხვა ფორმით რეაგირება გახდა უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება. უმაღლესი საბჭოს კომიტეტები მათი პროფილის მიხედვით სწავლობენ აფხაზეთში არსებულ  ვითარებას და ამის შესახებ პერიოდულად მოახსენებენ პრეზიდიუმსა და პლენარულ სხდომებს.

განვლილი 5 წლის განმავლობაში, დევნილ მოსახლეობასთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმად ჩამოყალიბდა პერიოდული შეხვედრები ჰუმანიტარული აქციების თანხლებით. დევნილებთან მიმდინარეობს გულახდილი დიალოგი სხვადასხვა საკითხებზე - პოლიტიკაზე, განსაკუთრებით აფხაზეთზე, სოციალურ და ყოფით თემებზე.

ამას გარდა, უმაღლესი საბჭოსთვის მნიშნელოვანია ურთიერთობის დამყარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. ოკუპანტთა   „საგანმანათლებლო“ პოლიტიკის საპირწონედ უმაღლესი საბჭო 2014-2015 წლებიდან ყველა დონეზე აყენებდა საკითხს სწავლების ალტერნატიული ფორმის შემოღების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წინადადება ყველა დონეზე გაზიარებულია, ვერ ხერხდება პრაქტიკაში მისი დანერგვა სათანადო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო. ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა კი გაუმართლებლად ჭიანურდება.

“სწავლების ალტერნატიული ფორმა უნდა გახდეს ქართული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რისთვისაც აუცილებელია სამართლებრივ ჩარჩოებში მისი მოქცევა. სწორედ სამართლებრივი რეგულირება გახლავთ უმთავრესი პრობლემა, რომელიც საჩქაროდ, მიმდინარე სასწავლო წლის ბოლომდე მაინც უნდა მოგვარდეს” -  აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დისტანციური ქართულენოვანი სწავლების პროექტი უმაღლესი საბჭოსთვის საგანმანათლებლოსთან ერთად პოლიტიკური პროექტიცაა.  მიმდინარე 2023-2024 სასწავლო წელს ამ პროექტში ჩართულია 156 მოსწავლე და 17 სტუდენტი აფხაზეთიდან. 2019-2023 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართულ და ინგლისურ ენებს ეუფლებოდა 479 მოსწავლე და 200 სტუდენტი.

ჯემალ გამახარიას განმარტებით, განვლილი ხუთი წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო ბევრად უფრო აქტიური იყო ვიდრე წინა წლებში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული იყო  უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებზეც, საბოლოო ჯამში, დამოკიდებულია შერიგების პოლიტიკის წარმატება, აფხაზეთის დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და  საქართველოს გამთლიანება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება - 06.02.2024



აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას მოხსენება - 06.02.2024

https://youtu.be/jXFNCb2R-Hg



აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ მუშაობა საგაზაფხულო სესიის ფორმატით განაახლა
https://youtu.be/kZGHEdcQtSY







































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions