მიმდინარე წლის 8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორმა ზურაბ ხონელიძემ, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორთან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად, საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი გახსნა.
ასევე გაიმართა ზვიად გამსახურდიას 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ღონისძიების საპატიო სტუმარმა, ზვიად გამსახურდიას ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ, პოლიტიკოსმა როსტომ ჩხეიძემ, 1991-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა. მათ ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობაზე და ხაზი გაუსვეს მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობას.
საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი, პროფესორი ჯემალ გამახარია. მან ისაუბრა ეროვნული ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ აფხაზეთში.
კონფერენციას ისტორიკოსი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე უძღვებოდა.
ღონისძიებას საქართველოს ეროვნული მოძრაობის, საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეგობრები, სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.