საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში: “2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - 1585-ჯერ“

2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - 1585-ჯერ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

 

სუს-ის განმარტებით, საოკუპაციო ხაზსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირებულ ინციდენტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად სარგებლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“.

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სამი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, მანდატის ფარგლებში, ხაზგასმით აღნიშნეს უსაფრთხოების კუთხით ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, უკანონო დაკავებებზე, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე და სხვა.

„2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები თითქმის მზად იყვნენ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების აღდგენაზე, თუმცა რეალურად ქმედითი ნაბიჯი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან არ გადადგმულა.

ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2023 წელს IPRM-ის 10 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის სამი - ე.წ. ტექნიკური შეხვედრა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნულ შეხვედრებზე მოითხოვდნენ უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ხაზგასმით აღინიშნებოდა, რომ აუცილებელია ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების უფლება. ასევე, ყურადღება მახვილდებოდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დამაზიანებელ შედეგებზე“, - ნათქვამია ანგარიშში.

https://www.interpressnews.ge/

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions