ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით ოლანდის ავტონომიაში (ფინეთი) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა

27-30 მაისს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაცია, თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ოლანდის ავტონომიაში (ფინეთი). დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნოდარ თოფურიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვასილ გონაშვილი.

 

ვიზიტი მიზნად ისახავდა ოლანდის, როგორც ევროპული ავტონომიის საუკეთესო მაგალითის დეტალურ შესწავლას, მისი სამართლებრივი კონსტრუქციების შემდგომში გათვალისწინებასა და დანერგვას.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციას მასპინძლობდა ოლანდის პარლამენტი, ოლანდის მთავრობა, და ოლანდის კუნძულების მშვიდობის ინსტიტუტი.

28 მაისს, შეხვედრები გაიმართა ოლანდის პარლამენტის სპიკერთან ბატონ იორგენ პეტერსონთან, პარლამენტის წევრებთან ქალბატონ ჯულია ლინდჰოლმთან, სიმონ პოვალსთან, ქალბატონ ნინა ფელმანთან და ბატონ მარკუს მოტართან. ოლანდის პარლამენტის დეპუტატთა წარმომადგენლობამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დელეგაციას გააცნეს ადგილობრივ პოლიტიკურ პარტიათა კონფიგურაცია, პოლიტიკურ-სამართლებრივი სისტემა და საერთაშორისო ხელშეკრულებანი, რომელიც საფუძვლად უდევს ოლანდის ავტონომიასა და ნეიტრალიტეტს.

იმავე დღეს ოლანდის კუნძულების მშვიდობის ინსტიტუტში აფხაზეთის დელეგაცია მიიღო ინსტიტუტის დირექტორმა ქალბატონმა სუზან სიმოლინიმ. მიღებას ესწრებოდნენ ინსტიტუტის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ბატონი როჯერ ნორდლუნდი, ოლანდის პარლამენტის ყოფილი სპიკერი ქალბატონი ბარბრო სუნდბეკი და ფინეთის პარლამენტის ყოფილი წევრი გუნარ იანსონი. მიღებაზე განხილულ იქნა ტერიტორიული ავტონომიების სხვადასხვა მოდელები და კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი მეთოდები. გაიმართა საქმიანი დისკუსია.

29 მაისს, აფხაზეთის დელეგაციის წევრები ეწვივნენ ოლანდის ავტონომიის მთავრობას. დელეგაციის წევრებს უმასპინძლა ოლანდის პრემიერმა, ქალბატონმა კატრინ სიოგრენმა. შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის იურიდიულ და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მიქაელა სლოტე, კომიტეტის ხელმძღვანელი ბატონი ნიკლას სლოტე და სამართლებრივი მრჩეველი ბატონი ადრიან იენსენი. საუბარი გაიმართა ეკონიმიკის, საკუთრების უფლების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე. დეტალებზე ისაუბრეს მუდმივმა მდივანმა ბატონმა ნიკლას სტენბეკმა, კულტურის დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ვევეკა ლონდალმა.

დელეგაციას სამართლებრივი შინაარსის ლიტერატურა გადასცა ოლანდის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ქალბატონმა ანიკა ჰამბრუდმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა დელეგაციის მასპინძლებს და დასახა მომავალი თანამშრომლობის გეგმები.

ვიზიტის წარმატებულად განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ირაკლი ხუცურაულმა, აგრეთვე ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ბატონმა ლევან მაჭავარიანმა.





















































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions