უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა

26 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: „ინფორმაციის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ“ და „უმაღლესი საბჭოს დელეგაციის კახეთის რეგიონში, დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების მიზნით, მივლინების შესახებ“.

მოკლე ინფორმაცია 2024 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ წარმოადგინა თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს აპარატის, კომიტეტებისა და ფრაქციის ხელმძღვანელებთან ერთობლივად მიმდინარეობს მოსამზადებელი მუშაობა, კომიტეტებს და ფრაქციებს წარედგინებათ განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკიც.

უმაღლესი საბჭოს დელეგაციის კახეთის რეგიონში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მჟავიამ. ისაუბრა რა გაწეული მუშაობასა და საქველმოქედო ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზე, მაღალი შეფასება მისცა ამ ღონისძიებების მომზადებაში უშუალოდ ჩართული თანამშრომლების საქმიანობას.

მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის მოადგილემ, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რუდიკ ცატავამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ადა მარშანიამ.

აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ, წარმოდგენილი ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.



























































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions