საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავს ეხმიანებიან

16 წლის წინ ამ დღეს რუსეთის ფედერაციამ საქართველოზე სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო. რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ ცხინვალის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად, 30 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა და დღემდე არ აქვს შესაძლებლობა საკუთარ სახლებს დაუბრუნდეს. პარალელურად რუსეთმა საქართველოზე შეტევა შავი ზღვიდან დაიწყო და მისმა ძალებმა დროებით დაიკავეს ქართული ქალაქები ზუგდიდი, სენაკი და ფოთი. ამ ომში საქართველომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგა. დაჭრილი და დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების საერთო რაოდენობა 2 232-ს შეადგენს.

რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია დღემდე გრძელდება. ადგილი აქვს იქ დარჩენილი ეთნიკური ქართველების უფლებების უხეშ დარღვევებს, ისევე როგორც უკანონო ბორდერიზაციის პროცესს,  გატაცებებსა და მკვლელობებს.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი: „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებიდან 16 წელი შესრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ კვლავ ურყევია. ვგმობთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული თვითგამოცხადებული რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის, გადაკვეთის პუნქტების დაკეტვისა და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებების შედეგად. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები უნდა დასრულდეს, უნდა ჩატარდეს გამოძიებები ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით და სამართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა მსხვერპლისთვის. კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების სრულად ერთგულნი ვრჩებით, მათ შორის ევროკავშირის ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში (GID)  თანათავმჯდომარის რანგში, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობისა და საქართველოში ევროკავშირის  სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობის საშუალებით. მოვუწოდებთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ყველა მონაწილეს კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „7 აგვისტოს 16 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რომლის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, დაიპყრო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. რუსულმა ოკუპაციამ ეს ქართული რეგიონები ნაცრისფერ ზონად აქცია, სადაც უკანონობა სუფევს, პერსპექტივა არ არსებობს და ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია. საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა განაგრძო ე.წ. „ბორდერიზაცია“, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, ზეწოლა, პროპაგანდა და ინტერვენციის სხვა ჰიბრიდული მეთოდები. უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს სუვერენული ტერიტორიიდან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და გააუქმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება. რუსული იმპერიალიზმი სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და ევროპაში საუკუნეების განმავლობაში უცვლელი დარჩა და მოიცავს ღრმად ფესვგადგმულ შოვინიზმს, სხვა ხალხების, საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების უარყოფას და იმპერიული დომინანტობის აღდგენის სურვილს. რუსეთის აგრესია საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ, მოსკოვის დიდი ხნის იმპერიული პოლიტიკის მხოლოდ ეპიზოდია, რომელსაც ადგილი არ აქვს 21-ე საუკუნეში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკასთან დაპირისპირება, რაც აიძულებს მას დატოვოს საქართველოსა და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და პასუხისმგებლობას დააკისრებს რუს კრიმინალებს ყველა ზიანის, დანაშაულისა და სისასტიკისთვის“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი: „დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით. შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა“.

აშშ-ის საელჩო თბილისში: „დღეს რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრიდან თექვსმეტი წელი გავიდა. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენები და მათი მტკივნეული გავლენა, რომელიც ქართველ ხალხზე დღემდე მოქმედებს. რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მიმდინარე ბრძოლას უსვამს ხაზს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ადვოკატირებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი: „ვდგავართ საქართველოს გვერდით, რომლის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა კვლავ დარღვეულია რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოდან. მოვუწოდებთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემისა და ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ექვსპუნქტუანი შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ”.

ბრიტანეთის საელჩო თბილისში: დღეს, 16 წლის თავზე, ვიხსენებთ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის სასტიკი და უკანონო ქმედებების შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებს და დევნილებს. გაერთიანებული სამეფო მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი: „რუსეთის შეჭრა საქართველოში 16 წლის წინ იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის იგივე ძველი მოდელის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალა აჭარბებს საერთაშორისო სამართალს და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“.

პოლონეთის საელჩომ თბილისში ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „თექვსმეტი წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. აგრესიის წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის სეპარატისტული რეგიონების ანექსიას“.

გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „7 აგვისტო, 16 წელი 2008 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან. ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

ნიდერლანდების ელჩმა საქართველოში მელინ არაკელიანმა გააზიარა ევროკავშირის განცხადება და დაწერა: „დღეს 16 წელი გავიდა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას საქართველოში. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

დანიის ელჩმა საქართველოში ენ ტოფტ სორენსენმა ევროკავშირის განცხადება გააზიარა და დაწერა: „დღეს ჩვენ ვუერთდებით საქართველოს და პატივს მივაგებთ იმ მამაცი ქართველების ხსოვნას, რომლებმაც 16 წლის წინ სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის 2008 წელს რუსეთის შემოჭრის დროს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

იტალიის საელჩო თბილისში: „2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების 16 წლისთავთან დაკავშირებით, იტალია კვლავ ადასტურებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, კონფლიქტის მოგვარების მტკიცე მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას“.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები საქართველოში შეიჭრნენ. 16 წლის შემდეგ, ოკუპაცია გრძელდება. როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო სამხედრო თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა და რუსეთის აგრესიის კიდევ ერთი მაგალითია აღმოსავლეთ სამეზობლოში. როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული რჩება“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტობიას ბილსტრომი: „დღეს 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ. მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. შვედეთი გმობს და არ ივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის მიმდინარე ოკუპაციას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. შვედეთი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „საქართველოში რუსეთის შემოჭრის მე-16 წლისთავზე, სლოვენია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების უგულებელყოფას ყოველთვის მოყვება დაგმობა და მოწოდება საერთაშორისო სამართალის დაცვის თაობაზე“.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს საერთაშორისო სამართლის ამ დარღვევას და კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა: „მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს ის ძალები, რომლებიც საქართველოში მისი თანხმობის გარეშე განათავსა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: „საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტი კვლავ ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი: „16 წელი გავიდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის კონფლიქტიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულნი ვართ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის მდგომარეობის გამო“.

https://civil.ge/ka/archives/619352

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions