თამაზ ხუბუა: “თუ საქართველო ნამდვილი სახელმწიფოა, ვინმე კარასინი ვერ უნდა ბედავდეს ჩვენი თითოეული მოქალაქის ღირსების შეურაცხყოფას“

 

„მთავარი რაც ჩევნს ტურისტებს საფრთხეს უქმნის, არის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აფხაზეთსა და ოსეთში სტუმრობის გამო. ჩვენ ვთვლით, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ კანონის გაუქმება“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.

 

ამ განცხადების კომენტირებისას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ აღნიშნა - „ძნელია ემოციების გარეშე კომენტარი გაუკეთო იმ სახელმწიფოს მაღალი რანგის მოხელის გამონათქვამებს, რომლის პოლიტიკური და სამხედრო ისტებლიშმენტი მხოლოდ ერთადერთ პარადიგმას ემორჩილება - ძალა გაქვს, ჭკუა საჭირო არ არის! მავანნი შეიძლება შემომედავონ - კარასინისა და მათნაირებისაგან აბა რას მოელოდითო. არც არაფერს, მაგრამ როდემდე უნდა ვეგონოთ ამ ე.წ. დიპლომატებს პოლიტიკურად უვიცნი და ადამიანურად ბრიყვნი აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება (ჩვენს ოს ძმებს სპეციალურად არ ვეხები!) და შესაბამისად როდემდე უნდა „ვიკვებოთ“ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების იმედით, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობის პროცესის გამო დასავლეთის „აღტაცებებით“, ამასათანავე მსგვასი „კარასინების“ ასეთი უტიფარი და უაპელაციო განცხადებებისადმი მათი არაფრისმთქმელი, გულგრილი დამოკიდებულებით. თუ საქართველო ნამდვილი სახელმწიფოა, ვინმე კარასინი ვერ უნდა ბედავდეს თავისი ტურისტების ვითომდა დაცვის საბაბით აფხაზეთიდან დევნილების, საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსების შეურაცხყოფას. აქ მინდა მოვიტანო არაჩვეულებრივი რუსი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ადამიანის უფლებების ცნობილი დამცველის იური როსტის გამონათქვამი: „მე ჩემი მთავრობისადმი ისეთივე დამოკიდებულება მაქვს, როგორც მას ჩემდამი - მიმიფურთხებია მისთვის!“ ერთი სული მაქვს კარასინის განცხადების მიმართ ამ ციტატის პერეფრაზი გამოვიყენო, მაგრამ ჩვენ სხვა ღირებულებებზე ვართ აღზრდილები და, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ“.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions