შოთა ხეცურიანი: “დრო ყველაფრის მკურნალია“

 

”შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქართველთა და აფხაზთა თანაცხოვრება მათი გადარჩენის ერთადერთი  შანსია”. ამ სიტყვების ავტორია რანი ჭაბუკიანი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აფხაზეთის მეციერების  დამსახურებული მოღვაჭე, აკადემიკოსი.


დიახ, ეს პატარა, თუმცა ტევადი სიკეთის შემცველი ეპითეტი, სრულიად ადეკვატურია იმ ისტორიული წარსულისა, რომელიც ქართულ-აფხაზურ ისტორიულ  ურთიერთობას  ახასიათებს.

 

ამჟამად მინდა  გავიხსენო რამდენიმე სიკეთე, რომელიც ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობას ასახავს 1992-1993 წლების საომარი მოქმედებების პერიოდში. ამ დროს ”გუშინდელი” კეთილი მეზობლები, გნებავთ, ნათესავები და ისტორიულად თანაცხოვრების თუ თანამოყვრობის მომსწრენი, გავიმეორებ მერამდენედ ნათქვამს ”ერთი ხის ფესვებიდან ამოზრდილნი”, სამწუხაროდ, სამკვდრო-სასიცოცხლოდ ეკვეთნენ ერთმანეთს . აღარ ვაპირებ ბევრჯერ თქმულის გამეორებას, რომ ეს ყოველივე გარე ძალების  წაქეზებით მოხდა, სამწუხაროდ.

 

ომი ომია და ძნელია თქმა იმისა, რომ მეომარი მხარეები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ , ასე რომ ვთქვათ. საბედნიეროდ იყვნენ ადამიანები, რომლებიც საომარი ვითარების  პირობებშიც  ცდილობდნენ კეთილი საქმე ეკეთებინათ, სიცოცხლე გადაერჩინათ.

 

ამჟამად ვეცდები მხოლოდ ის გავიხსენო, რაც ჩემი თვალით ვნახე და გულწრფელად განვიცადე როგორც ადამიანური სიკეთე, თუ საკმარისია სიტყვა სიკეთე, როცა ადამიანის გადარჩენას ეხება საკითხი.

 

ერთ-ერთი ასეთი  შემთხვევა დაკავშირებულია ალექსანდრე  ანქვაბის სახელთან. ამ ჭეშმარიტ აფხაზ პიროვნებას პირველად შევხვდი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პირველ სესიაზე. მანამდე მას არ ვიცნობდი და არასდროს შევხვედრივარ.

 

სამწუხაროდ, აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული  დეპუტატების ურთიერთობა მალე შეწყდა იმის გამო, რომ საომარი მოქმედებები დაიწყო და, ცხადია, ჩვენ ერთმანეთთან  დაპირისპირების გამო, ფაქტიურად მოწინააღმდეგეთა ბანაკებში აღმოვჩნდით. ქართველმა დეპუტატებმა ამ დროს სოხუმში - სინოპში ე.წ. სამთავრობო  აგარაკზე დავიდეთ ბინა.  მალევე ჩვენთან სამთავრობო აგარაკზე მოვიდა აფხაზთა  წარმომადგენლები - დეპუტატები  და სახელმწიფო მოხელეების მცირე ჯგუფი, რომელიც ითხოვდა საომარი მოქმედებების  შეწყვეტას და დაზავებას.

 

სამწუხაროდ ამ შეხვედრას რაიმე შედეგი არ მოყოლია.

 

ის იყო შეხვედრა დასრულდა, მე ქვემოთ ჩავედი ეზოში და საკმაოდ  შეწუხებული ვიყავი, თანაც იმის გამო, რომ სოფელ ცაგერადან (ოჩამჩირის რაიონი) ჩემმა ძმამ  მაცნობა: მისი შვილი, რომელიც რუსეთში (ნოვოჩერკასში) ასპირანტურაში სწავლობდა, აფხაზეთში ფსოუს მხრიდან შემოსულა ომის დაწყების წინა დღეებში და სადღაც მოულოდნელად  მისი კვალი გაქრა. ეს ის დროა. როცა გაგრას უკვე ჩვენები ვეღარ აკონტროლებდნენ. ამიტომაც ჩვენმა ძალოვანმა სტრუქტურებმა ვერსად მიაკვლიეს ჩემ ძმისშვილს.

 

ეზოში იდგა ალექსანდრე ანქვაბი,  რომელიც ელოდებოდა  აფხაზური  დელეგაციის წევრებს და მეც რაღაც გრძმობამ  მიკარნახა, რომ მისთვის მიმემართა  დახმარებისათვის.

ალიკ-მეთქი. ასე მივმართე  როგორც ასაკით უფროსმა, და მოკლედ ავუხსენი  ჩემი ძმისშვილის  ამბავი და ვთხოვე იქნებ რაიმე ეღონა. მან გაიხედ-გამოიხედა და მითხრა: ”დამიწერე მაგ ბიჭის სახელი და გვარი  და დაახლიებით სად შეიძლება იყოს”. მეც ბლოკნოტის ფურცელზე დავწერე: ელგუჯა ხეცურიანი - გაგრა. მართალი გითხრათ, რაიმე შედეგს ნამდვილად არ მოველოდი, რადგან გაგრაში ისეთი სამკვდრო-სასიცოცხლო მოვლენები განვითარდა  იმ დღეებში, რომ ქართველთა მიერ იქედან თავის დაღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. უამრავი ჩვენი თანამემამულე  დაიღუპა.

 

მესამე დღეს სინოპში, აგარაკზე მეძახიან: ”ამოდი ზემოთ სასწრაფოდ , გაგრიდან ცნობა მოვიდა, შენ გეძებენო”. მეც  ავირბინე ზემოთ, თუმცა ხაზი გაგრასთან გათიშული იყო, მაგრამ წამიკითხეს კარნახით ჩანაწერი: ”ბიჭი ნაპოვნია, სამ დღეში ის თავის სოფელში იქნება”. ეს ის დროა, როცა ცაგერაში წასვლა შეუძლებელი იყო. რადგან ტამიშისა და კინდღის მონაკვეთზე, სოხუმ-ოჩამჩირის გზაზე ხიდები აეფეთქებინათ და ამ უბანს ანცარხუს მაღლობიდან აფხაზები  აკონტროლებდნენ. სოხუმი რომ დაეცა, მე ჩემი სოფლის ნაცვლად უკრაინული გემით ბათუმში გადავედი სხვა დევნილებთან ერთად.

 

მოგვიამებით გავიგე, რომ ჩემი ძმისშვილი ალექსამდრე ანქვაბმა ”აღმოაჩნინა” გაგრაში, სადღაც სარდაფში დამალული. დააკავა მას ხელში თეთრი დროშა და გაიყვანა სოჭში, იქედან კი ოჩამჩირეში კატარღით გაამგზავრა. მაშინ საზღვაო მიმოსვლა  სოჭსა და ოჩამჩირეს  შორის ჯერ კიდევ ხერხდებოდა.

 

ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ბატონ ანქვაბის მიერ გადარჩენილი ჩემი ძმისშვილი ელგუჯა ხეცურიანი  ამჯერად ნოვოჩერკასში ცხოვრობს, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია, პროფესორი, ადგილობრივ ინსტიტუტში ლექციებს კითხულობს, ჰყავს ცოლშვილი. ჩემი სანათესაო არასოდეს დაივიწყებს ბატონ ალექსანდრე ანქვაბის ამ სიკეთეს, ღმერთმა ამრავლოს და ადღერგძელოს  მისი შთამომავალი. ეს ამბავი, ჩემი აზრით, შეუფასებელი და ფრიად მნიშვნელოვანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში.

 

მე რომ ”ვალში” არ დავრჩე აფხაზთა მიმართ, მკითხველს მოვახსენებ იმასაც, რაც მე გავაკეთე აფხაზეთში, ომის პირობებში, როცა ორი აფხაზი გადავარჩინე. ეს მოხდა იმ დროს (ზუსტი თარიღი სამწუხაროდ არ მახსოვს), როცა კოდორის ხიდზე მიმოსვლა ფაქტიურად შეწყვეტილი იყო. ორივე მხრიდან შეიარაღებული ძალების უკიდურესად გამწვავებული  დაპირისპირების გამო, მე რამდენიმე  მებრძოლთან  ერთად სოხუმიდან მოვედი ხიდის მარჯვენა მხრიდან. რა თქმა უნდა ჩვენ შეგვაჩერეს იქ მდგომმა მებრძოლებმა.  ისინი ძირითადად სვანები იყვნენ. მდგომარეობა აქ მეტად გართულებული იყო იმის გამო, რომ ამ ხიდის ბოლოში დასვენებული იყო სოფელ კამანში დაღუპული სვანი ახალგაზრდის ცხედარი და ცხადია ძალიან იყვნენ აღშფოთებულნი სვანი მეომრები. ”საკბილოს” მოლოდინში იყვნენ. ამ დროს მოულოდნელად  ხიდის მარცხენა მხრიდან შემოვიდა ავტომანქანა ”მოსკვიჩი”, რომლის სალონში ტომრები ეწყო, ძარაზეც ტომრები იყო დამაგრებული თოკით.

 

მოულოდნელად ჩოჩქოლი  ატყდა და ერთ-ერთმა მებრძოლმა, ჩანდა იგი უფროსი იყო, ბრძანება გასცა, როგორც კი ავტომანქანა მოაღწევდა ხიდის შუა ადგილზე, დაეკავებინათ მასში მჯდომნი.

 

ეს ყველაფერი წამებში ხდებოდა და  ვხედავ  ამ დროს მანქანაში მჯდომი ქალი გადმოვიდა  და პირდაპირ ჩემკენ გამოექანა: ”შოთა, მიშველე, არ მოკლან მძღოლი. გადაარჩინეთ, გეხვეწებით”, თავის თავზე კი სულაც არ ფიქრობდა. სახელით რომ მომმართა, გავოგნდი, ვეღარ გავთვალე, რა უნდა მექნა. ეს ყველაფერი, ვიმეორებ, წამებში ხდებოდა. ამასობაში ერთ-ერთი მებრძოლი, იგი ძალიან ახალგაზრდა იყო,  ავტომატმოღერებული გაექანა მძღოლისაკენ, რომელიც ფეხდაფეხ მოყვა მის გვერდით მჯდომ ქალბატონს, ჩემგან რომ ელოდა შველას. აღარ ვიცოდი, რა უნდა მეღონა.

 

მოულოდნელად  ერთ-ერთმა ავტომატიანმა ბიჭმა იყვირა: ”არ ესროლოთ! არ ესროლოთ!  ეს კაცი ჩემი ლექტორია და  ეს ხალხიც დამითმეთო.

 

სიტუაცია ცოტათი განიმუხტა და უკვე მანქანიდან გამოსულებს შეკითხვა დაუსვეს - ”რა და სად მიგაქვთო”.

 

- პარკი ლობიო მაქვს ტომრებში, ჩემს ეზოში დავკრიფე და გუდაუთაში მიმაქვს ცოცხალს თუ გაგვიშვებთ ლობიო  თქვენ დაიტოვეთო, - უპასუხა ქალბატონმა”. ასეთ შემოთავაზებაზე”  სვანი ბიჭები გაგულისდნენ. სიტყვიერი შეხლა-შემოხლის რომელშიც მეც ვმონაწილეობდი და ჩემი თხოვნის შემდეგ ყაბულზე წავიდა მათი უფროსი ”გაუშვით გაუშვითო ”  და ხელი  აღმართა ნიშნად ინცინდენტის დასრულებისა.

 

მანქანის მძღოლი და ის ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი აფხაზის მეუღლე აღმოჩნდა, უკვე ომის შემდეგ დაბრუნდნენ თავის სახლში, სოფელ აძიუბჟაში.

 

წლების შემდეგ ის ქალბატონი რამდენჯერმე იყო ქუთაისში ჩამოსული, ამჯერად უკვე სამკურნალოდ, თვალის კლინიკაში.

 

მძღოლი კი, რომელიც კოდორის ხიდზე გადარჩა, მოგვიანებით სოჭში შეხვედრია ჩემს შვილს. და როდესაც გაიგო, რომ ხეცურიანი  იყო, შეეკითხა: ”ხეცურიანი დეპუტატი იყო აფხაზეთში, მას ხომ არ იცნობო?”  ”იგი მამაჩემი არისო” , - უპასუხა ჩემმა შვილმა. იმასაც გახარებია, რესტორანში შეიპატიჟა  ჩემი ვაჟი და უთხრა: ”მე რომ დღეს ცოცხალი ვარ და შენთან ვსაუბრობ, ეს მამაშენის დამსახურებაა და ყველაფერი აუხსნია, რაც კოდორის ხიდზე გადახდა თავს.” რით გემსახურო, რომ რაღაცით გადავიხადო იმ კაცის პატივისცემაო,”  - უთქვამს დამშვიდობებისას.

 

-არაფერი მინდა თქვენგან, მხოლოდ იმას გთხოვ აფხაზეთში ჩემი ძმების საფლავებია და თუ შეგიძლია იქ ჩამიყვანე  და საფლავებზე მიმიყვანე, - უთხრა ჩემმა შვილმა.

 

რემდენიმე დღეში იმ  კაცს აუყვანია ორი აფხაზი ბიჭი. სოჭიდან ოჩამჩირეში ჩაიყვანეს ჩემი შვილი და სასაფლაოზე გასულან ყველანი.

 

სამწუხაროდ სასაფლაო, სადაც  ჩემი ვაჟიშვილები  განისვენებენ, გავერანებული, გაძარცვული და ტყედ არის თურმე გადაქცეული ”ამას კი მოვაწესრიგებთო - უთქვამთ იმ აფხაზებს, მაგრამ ისევ დაარბევენო” .

 

იმ საღამოს ჩემი შვილი გალში ქორწილში წაუყვანიათ, მეორე დღეს კი ისევ სოჭში  ჩაუყვანიათ.

 

ასე, რომ სიკეთეს სიკეთითვე უპასუხეს.

 

ყველაფერი ეს იმ ტრადიციული, საუკუნოვანი ურთიერთობიდან მომდინარეობს, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის ისტორიულად არსებობდა, ანუ კოდირებულია ჩვენს სისხლში და უნდა ვივარაუდოთ, რომ  დავიწყებას  არ მიეცემა. მჯერა, მოვა დრო, როცა ყველაფერი აღდგება. დრო მკურნალია და ყველას და ყველაფერს თავის ადგილს  მიუჩენს.

 

მსგავსი სიკეთეები ბევრი იყო. თუმცა ყველას ჩამოთვლა ამ სტატიაში  ვერ მოხერხდება.

 

იქნებ სხვებმაც გაიხსენონ და შემოუნახონ მომავალ თაობებს მსგავსი ფაქტები. არა მარტო უბრალოდ შემოუნახონ, არამედ ამრავლონ ასეთი კეთილი  საქმეები, არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

 

 

შოთა ხეცურიანი,

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, პროფესორი,
საქართველოს და აფხაზეთის კულტურის
დამსახურებული მუშაკი

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions