რატომ უქმნის სააკაშვილი აფხაზეთის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს პრობლემებს

16  ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტს „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ ვეტო დაადო.

პრეზიდენტის ვეტო მოტივირებულია იმით, რომ "იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას".  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "საკანონმებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს".

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც.  ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც.

ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები .

რაისა ქარაია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, კოალიცია ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” თავმჯდომარე:

- სიმართლე გითხრათ, მას მერე, რაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპრეოქტებს წარა-მარა ადებს ვეტოს, არც გამკვირვებია... რატომ უნდა ყოფილიყო ეს გამონაკლისი? თუმცა აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხი იყო ძალიან მარტივი და ადვილად გადასაწყვეტი და რაც მთავარია ლოგიკურადაც და სამართლებრივადაც  გამართლებული.  ანუ საქმე ეხება თავის დროზე უმაღლესი საბჭოს კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის შეკრული ხელ-ფეხის გახსნას. სხვათა შორის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს უფლებები სწორედ ბატონ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შეიზღუდა და ყველაზე უფრო დიდი სიმახინჯე მაშინ მოხდა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთ დაწესებულებას, ამ შემთხვევაში იუსტიციის დეპარტამენტს სრული ვეტოს უფლება მიენიჭა. ეს არა მარტო წინააღმდეგობაში იყო კანონმდებლობასთან, ამით ადამიანის უფლებებიც დაირღვა.  უმაღლესი საბჭო არის საკანონმდებლო ორგანო და მის მიერ მიღებული  კანონების საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება ან არგამოქვეყნება, ანუ ამოქმედება დამოკიდებული იყო და დღემდე არის იურიდიული დეპარტამენტის ნება-სურვილზე. ეს ხომ ნონსენსია! სწორედ ამის გამოსწორებას ემსახურებოდა ეს კანონპროექტი.

- ქალბატონო რაისა, როგორ "მოხვდით" ამ ნონსენსში?

- ეს ჩვენი დეპუტატების შეცდომაცაა, მაგრამ ამისთვის თვალყურის მიდევნება ძირითადად ევალებოდა უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის,იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიას, მაგრამ ამ კანონდაღვევას მან გზა გაუხსნა იმით, რომ ვერ ჩაწვდა მის ნიუანსში, რაც კომისიის თავმჯდომარის პირდაპირი მოვალეობა იყო. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების. ასეთი უნიათობა ბოროტად იქნა გამოყენებული მთავრობის წევრების მიერ და მივიღეთ ის, რის გამოსწორებასაც დღეს ამდენი ჭიდილი სჭირდება. ახლა რჩება ვეტოს დაძლევის გზა. პარლამენტს, სხვა კანონპროექტების მსგავსად,  აქვს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება, რადგან ეს  კანონპროექტი ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით გავიდა სამივე მოსმენით. წარმოდგენილი არ მაქვს, მთავრობის წევრები, რომლებსაც უმაღლესი საბჭო ამტკიცებს, როგორ აპირებენ კონფრონტაციის გზით ხელისუფლებაში ყოფნას? ჩვენ ხომ აზრადაც არ მოგვსვლია ანგარიშსწორება მთავრობის წევრებთან, რომლებიც  გ. ბარამიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ  ავტომატურად ითვლებოდნენ დათხოვნილად,  პირიქით, გავუგრძელეთ მათ უფლებამოსილება. რადგანაც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხი კანონში გაწერილი არ იყო, გადავწყვიტეთ ამ ჩიხურ სიტუაციაში მთავრობას სათავეში ჩადგომოდა ერთ-ერთი ავტორიტეული დეპუტატი. ამაში გვდებენ ბრალს? მაგრამ ამის აკრძალვაზე არსად არ წერია. უმაღლეს საბჭოს აქვს უფლება დანიშნოს დროებით მოვალეობის  შემსრულებელი. იურიდიული დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვერ დაიოკა თავისი ამბიციები და მთავრობაში ჩვენს საწინააღმდეგო შეთქმულებებსა და ვაკხანალიებს ხელმძღვანელობდა, რის გამოც მივმართეთ პარლამენტს საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რაც აფხაზეთის კანონმდებლობაში არსებული ცალკეული ხარვეზების გამოსწორებაში დაგვეხმარებოდა.

- თუ ვეტოს დაძლევა შესაძლებელია, დროის მოგების გარდა რას აძლევს "იმ მხარეს" ეს ჭიდილი?

- მინდა დავამშვიდო ვეტოს "გულშემატკივრები": ვეტოს დაძლევას პროცედურულად  დასჭირდება დაახლოებით 2 კვირა, რის შემდეგაც მთავრობის საქმიანობა სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, რაც ყველა მხარეს უნდა აწყობდეს. დღეს კი მთავრობის მუშაობა მისი უფლებამოსილებაგაგრძელებული წევრების მცდელობით ფაქტიურად პარალიზებულია, რასაც ძალიან მალე ბოლო უნდა მოეღოს.

ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, აფხაზეთის კონფიქტების დარეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, დიასპორასთან ურთიერთობის, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე:

- რახან ეს იყო ელემენტარული და უმარტივესი საკითხი, რა თქმა უნდა, ვეტოს არ ველოდი. არსად მსოფლიოში და არც საქართველოს კანონმდებლობით  აღმასრულებელ ხელისუფლებას არა აქვს უფლება შეზღუდოს საკანონმდებლო ორგანო თავის საქმიანობაში. გარდა ამისა, ჩვენ გვეგონა, და, როგორც ჩანს, ვცდებოდით, რომ პრეზიდენტს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს კრიზისი და არეულობა ხელისუფლების ამა თუ იმ დონეზე, იქნება ეს ცენტრალური თუ ადგილობრივი. მაგრამ, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ის ე.წ. ფრაქცია, რომელიც ჩვენთან ქართული ოცნების სახელით შეიქმნა, ასევე აფხაზეთის ის ძველი მთავრობა, რომელიც ამ ფრაქციას ეყრდნობა,  მართული ყოფილა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. ეს ჩვენთვის იყო სრული მოულოდნელობა.

- თუკი აფხაზეთის კანონში არსებობდა ხარვეზი, პრეზიდენტი ხომ მისი გამოსწორებით უნდა  დაინტერესებულიყო და არა ვეტოთი?

- საკითხავი სწორედ ეს არის, რატომ არ სურს პრეზიდენტს დროზე მოიხსნას ის ხარვეზები და გაუგებრობები, რაც არსებობდა აფხაზეთის კონსტიტუციაში. თავის დროზე პრეზიდენტმა მის მიერ შექმნილ მკაცრად ცენტრალიზებულ სისტემას მოარგო ჩვენი კონსტიტუციაც, მაგრამ იმ სისტემის დროს პრობლემები არ წარმომქმნილა. ახლა უკვე, როცა სისტემა ფაქტობრივად შეიცვალა, პრობლემამაც თავისთავად იჩინა თავი. ეს არ არის პირადად ვახტანგ ყოლბაიას ან, სხვათა პიროვნული პრობლემა. იგი წარმოშვეს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულმა გარდაქმნებმა, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტოზე გადასვლის პროცესმა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება. ყველა შემთხვევაში, ხარვეზები ჩვენს კანონმდებლობაში გამოსასწორებელია, მანამდე ვერც მთავრობას დავნიშნავთ და ვერანაირ საკანონმდებლო საქმიანობას ვერ ვაწარმოებთ. ამჟამად გარდამავალი პერიოდი მიმდინარეობს, ამიტომ გვყავს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი; ახლა საჭიროა კანონმდებლობის წესრიგში მოყვანა, რასაც პროცედურულად მოყვება იგივე ან სხვა კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტისთვის. ეს არის და ეს! სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში უკანონონობის და ქაოსის მხარეს აღმოჩნდა.

ვეტოს გადალახვაში დარწმუნებული ვარ. საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველშვილმაც გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების მიმართ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო უმაღლესი საბჭოს სახელით. დღეს მოქმედი ხელისუფლება - პარლამეტიც და მთავრობაც მხარს უჭერს უმაღლესი საბჭოს ძალისხმევას - დაამყაროს სამართლებრივი წესრიგი ლეგიტიმურ ხელისუფლებაში.  ვინც ამას ხელს უშლის, მან შეიძლება ერთი ან ორი კვირით გაიხანგრძლივოს პარპაში და გააგრძელოს უკანონობა,რასაც რამდენიმე თვეა ისედაც სჩადიან,მაგრამ ყველა შემთხვევაში უკანონობა  ძალიან მალე დამთავრდება.

- ბატონო ჯემალ, რატომ გახდა საქმე გამოსასწორებლად?

- თავის დროზე, ეს დამატება აფხაზეთის კანონში ნორმატიული აქტების შესახებ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიგვეღო. იმედი მაქვს, რომ ჩვენ არა მხოლოდ გავათავისუფლებთ დაკავებული თანამდებობიდან იმ პიროვნებას, ვინც მოტყუებით თავს მოგვახვია ეს შესწორება, არამედ პასუხსაც მოვთხოვთ. ჩვენ დავიჯერეთ მისი ტყუილი, თითქოს ადგილი ჰქონდა ნორმატიული აქტების შესახებ აფხაზეთის კანონის საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას. არავინ არ დაინტერესდა იმით, რა ეწერა საქართველოს კანონში ამასთან დაკავშირებით და ისე ბრმად მივეცით ხმა. მე გარწმუნებთ,   ყველაფერი ეს იქნება გამოკვლეული.  ვგულისხმობ იუსტიციის დეპარტამენტისა და მისი "ამბოხებული" თავმჯდომარის შეუფერებელ საქციელს. იმდენად დიდი იყო მაშინ ნდობა ხელისუფლების აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის, იუსტიციის დეპარტამენტის მიმართ, რომ ჩვენს ასეთ ”გაცურებას” არ მოველოდით.  ეს არის ნდობის ბოროტად გამოყენების შემთხვევა, რისთვისაც მას პასუხი მოეთხოვება.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions