რაისა ქარაია: "რაში სჭირდება ეს პროვოკაციები ჩემს კოლეგებს?"

 

23 ივლისს უმაღლესი საბჭოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრებს შეხვედნენ. ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, კოალიცია ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო”-ს თავმჯდომარე ქალბატონი რაისა ქარაია.


”აქციის მონაწილეები ითხოვდნენ 8 აპრილის დადგენილების გაუქმებას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ ”ბრალდებასა” და აღშფოთებასთან, რაც თითქოს დეპუტატთა ნაკლები აქტიურობითა და ფუნქციური დატვირთვით იყო გამოწვეული, როგორც ამაში დეპუტატი მ. კვარაცხელია გვარწმუნებს. აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ დადგენილების თარიღი არა 8, არამედ 19 აპრილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გარე ძალების მიერ მართული ”პროტესტანტები” იმდენად ჩაუხედავი არიან საქმის არსში, რომ  სტიქიურად და შეცდომებით ახმოვანებენ დაკვეთილ ლოზუნგებს.

 

ჩემის აზრით, სამარცხვინო და არაკოლეგიალური საქციელია, როცა შენი ხელმძღვანელის მისამართით შეურაცხმყოფელი ტრანსპარანტით  - ”დასრულდეს გია გვაზავას რუხი კარდინალობა” მდგომ აქციის მონაწილეებს გვერდს ”უმშვენებ” და არანაირი რეაქცია არ გაქვს ამაზე.  ასეთ შემთხვევაში ყველამ კარგად ვიცით, რისი მანიშნებელიცაა დუმილი.

 

სასაცილო და იმავდროულად სამწუხაროცაა ის ფაქტი, რომ კომისიის თავმჯდომარეობის რანგში ”უტყვი” როსტომ შამუგია, რომელსაც ერთხელაც კი არ დაუყენებია წინადადება სესიებზე, გნებავთ, პრეზიდიუმის სხდომებზე, 23 ივლისის აქციაზე რუპორით ხელში დიდი მონდომებით ძაბავდა ხმის იოგებს და ბატონ მურმან კვარაცხელიასთან ერთად უმაღლეს საბჭოს არაკონსტიტუციურ და არაკანონიერ ქმედებებში ადანაშაულებდა. აბა, როგორ არ შევახსენო საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს რ.შამუგიას და მის იმდროინდელ მოადგილეს მურმან კვარაცხელიას, რომ  თავად არიან პასუხისმგებელი აფხაზეთის კანონმდებლობაში დაშვებულ იმ  შეცდომებსა და ხარვეზებზე, რომლის გასწორებასაც ახლა რის ვაი-ვაგლახით ვახერხებთ.

 

რაც შეეხება დევნილების უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან შეხვედრის მოთხოვნას, როგორც ამაში ბატონი კვარაცხელია გვარწმუნებს, არის სიცრუე! არავის მოუთხოვია ჩვენთან შეხვედრა, როსტომ შამუგიაცა და მურმან კვარაცხელიაც თავად იყვნენ აქციის აქტიური მონაწილეები, რის შემდეგაც საშვი დაუშვეს აქციის 5 მონაწილეზე  და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტისკენ მიასწავლეს გზა, იმათაც თითქოს კვარცხელიას ფრაქციის ოთახს ვერ მიაგნეს და ასე ”გზაშეცდომლნი”  აწყობდნენ პროვოკაციებს ტელეკამერების წინ. დერეფანში ატეხილი გნიასიცა და დეპუტატების მისამართით  წამოსროლილი ”მოღალატის” იარალიყიც საკმაოდ მკაფიოდ ისმოდა, მათ შორის მ. კვარაცხელიას კაბინეტში, თუმცა ამ ბრალდებას უმცირესობაში მყოფი ფრაქციის თავმჯდომარე არ შეუწუხებია, რადგან ჩათვალა, რომ ამის ადრესატები უმრავლესობის წევრი დეპუტატები იყვნენ, რომლებიც ბოლო წუთამდე იცავდნენ ცეცხლის ალში გახვეულ სოხუმს. ჩემის აზრით, მოღალატეობა, ალბათ, ის უფროა, აფხაზეთის ომში ოჩამჩირიდან შედარებით მშვიდ გარემოს - გალს შეაფარო თავი და იქიდან ადევნო თვალ-ყური ცამეტთვიანი ომის საშინელებას....

 

მივმართავ ჩემს თანამემამულეებს: -  უმაღლესი საბჭოს კარები ნებისმიერი მოქალაქისთვის ყოველთვის ღიაა, აქ მიღების დღეები და საათები რეგლამენტირებული არასდროს ყოფილა და დახმარების თხოვნით მოსული დევნილი (სოციალური პრობლემების, ჯანდაცვისა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით) უარით არასოდეს გაგვისტუმრებია, ყოველთვის მიგვიცია შესაბამისი შუამდგომლობები სხვადასხვა დონეზე. სამწუხაროდ, სხვა შესაძლებლობები უმაღლეს საბჭოს დღეს არა აქვს.

 

ბატონ მურმანს მინდა ვუთხრა: ნუ ცდილობს საზოგადოების მოტყუებას ჩვენი კოალიციის სახელწოდების დამახინჯებით. მან მშვენივრად იცის, რომ ეს არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“ დეპუტატთა ორ მესამედზე მეტი შემადგენლობით და არა ფსევდო ”ოცნებისტთა“ ჯგუფი.

 

ისიც გაუგებარია, პრინციპულად რატომ უჭერს მხარს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს ე.წ. „ბურჯი“ მ.კვარაცხელია საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მიღებულ კანონპროექტზე, რომელიც აფხაზეთის კანონმდებლობაში დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება.

კომენტარი მკითხველისთვის მიმინდვია.
Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions