„ნაციონალური ოცნების“ უფროსის ვნებანი, ანუ სიცრუისა და უმეცრების ნაზავი

 

ფრაქციათა კოალიციის „ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“ ეს განცხადება გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ში (2013 წლის 24-30 ივლისი) დაიბეჭდა, მაგრამ მცირე შემოკლებებით. გთავაზობთ განცხადების სრულ ვერსიას.

 

„ნაციონალური ოცნების“ უფროსის ვნებანი,

ანუ სიცრუისა და უმეცრების ნაზავი

როდესაც ადამიანი მრუდე გზას დაადგება, საკუთარ სინდის-ნამუსთან ერთხელ, ორჯერ კომპრომისს დაუშვებს, მერე კიდევ ეშმაკს შეეკვრება და, ბოლოს, თავის უახლოეს მეგობრებს ყოვლად უღირსი მეთოდებით დაუპირისპირდება, მისგან მხოლოდ გაზეთ „საქარველო და მსოფლიო“-ში მიმდინარე წლის 10-16 ივლისის ნომერში მურმან კვარცხელიასთან ინტერვიუს სახით გამოქვეყნებულ უტიფრობას უნდა მოელოდე. ამ ბოლო დროს მურმანის საქმე ხელიდან რომ იყო წასული (თუ ისევ და ისევ ჩვენ, მის მიერ უარყოფილი მეგობრები, არ ვუშველით), ამას კი ვხედავდით, მაგრამ მის ე.წ. ინტერვიუში გადმონთხეულმა ბოღმამ, ბრმა სიძულვილმა მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჭეშმარიტად, სიცრუისა და უვიცობის ეს ნაზავი სერიოზულ ყურადღებას და ანალიზს (რა უნდა გააანალიზო?) არ იმსახურებს. მიუხედავად ამისა, საჭიროდ ჩავთვალეთ მკითხველისა და პირადად მურმანის ყურადღება მივაპყროთ ინტერვიუში დაყენებულ სიცრუის კორიანტელს, რომელიც იმავდროულად უვიცობასთან და უზნეობასთანაა აღრეული.

მკითხველმა თავად განსაჯოს, ინტერვიუში შეურაცხყოფილია ჩვენი ქვეყნის ისეთი სასიქადულო მამულიშვილი, როგორიც ბ-ნი გერმანე ფაცაცია ბრძანდება და რომელიც უკვე ორ წელიწადზე მეტია, მძიმე სენს ებრძვის (ღვთის წყალობით, წარმატებითაც ებრძვის). მურმან კვარაცხელია ავადმყოფ ადამიანთან სახლში მივიდა და მომავალი ფრაქციის წევრობაზე მოტყუებით დაითანხმა. როგორც კი ბ-ნი გერმანე საქმის არსში და ახალი ფრაქციის „უფროსის“ ნამდვილ ზრახვებში გაერკვა, მაშინათვე უარი განაცხადა მასში გაწევრიანებაზე. მ.კვარცხელია კი ურცხვად იტყუება, რომ გერმანეს თითქოს „პრეზიდენტის დაცვის წევრი მოუგზავნეს და აიძულეს უარი ეთქვა ფრაქციაში გაწევრიანებაზე“. ამ სიტყვების ავტორი ოდესმე გონს თუ მოეგება, შესაძლოა, მას ბევრი რამ ეპატიოს (შესაძლოა?), მაგრამ დღეს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში მყოფი გერმანეს მიმართ გამოჩენილ უსინდისობას არავინ და არასოდეს აპატიებს.

მ.კვარაცხელიას უყვარს მუდმივად იმის ხაზგასმა, რომ მას თითქოს ხელს უშლიდნენ ფრაქციის ჩამოყალიბებაში. ამჯერადაც საუბრობს იმ „მოწამებრივი“ გზის შესახებ, რომელიც „გმირულად“ გადალახა ფრაქციის ჩამოყალიბებისას. რა თქმა უნდა, მთავარი „მოწინააღმდეგეები“ ვახტანგ ყოლბაია და მისი მომხრე დეპუტატები იყვნენო, - აცხადებს, უფრო სწორად, იტყუება ინტერვიუერი, რომელიც ცდილობს საკუთარი პერსონა უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ ერთადერთ „ბურჯად“ წარმოაჩინოს.

რა მოხდა სინამდვილეში?

წლების მანძილზე მ.კვარაცხელია სწორედ იმ პარტიის წევრი გახლდათ, რომლის მიმართ დღეს ის ასე „კრიტიკულადაა“ განწყობილი და რომლისგანაც სურს მკერდით „დაიცვას“ მმართველი ძალა, „ქართული ოცნება“ - ეს არის ნინო ბურჯანაძის პარტია. ღიმილის მომგვრელია მ.კვარაცხელიას პრიმიტიული „მსჯელობები“ უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის ამ პარტიისადმი ვითომ კუთვნილების, აგრეთვე იმ „საფრთხის“ შესახებ, რომელიც ამ პარტიის გენერალური მდივნის ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დანიშვნით ვითომ „ოცნებას“ ემუქრება, განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მხოლოდ ბრიყვმა შეიძლება დაიჯეროს მსგავსი სისულელეები.

საინტერესოა, რა „საქვეყნო პრობლემების“ მოგვარება სურდა მ.კვარცხელიას „ოცნების“ ფრაქციის ჩამოყალიბებით? საზოგადოების წინაშე დიდი ბოდიშის მოხდით, იძულებულნი ვართ სრული სიმართლე ვთქვათ, როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს იგი ჩვენთვის. ბ-ნი მურმანი ყოველგვარი მორიდების გარეშე, აშკარად და ხმამაღლა ყოველ მეორე თავის კოლეგას ასე ევედრებოდა: ხომ იცით, ჩემი ორივე შვილი დაპატიმრებული იყო, ისინი გაანთავისუფლეს, მაგრამ ნასამართლობა ახალმა ხელისუფლებამაც არ მოუხსნა; როგორმე „ოცნების“ ფრაქციის ჩამოყალიბებაში დამეხმარეთ, იქნებ, ამ გზით მაინც მოვახერხო შვილების რეაბილიტაციაო(?!).

მამის გრძნობები ჩვენთვის სრულიად გასაგები იყო; უკანსკნელი ათი თუ მეტი წლის მანძილზე სხვადასხვა ინსტანციებში გაგზავნილი არაერთი შუამდგომლობისთვისაც მოგვიწერია ხელი მურმანის შვილების განთავისუფლების თუ რეაბილიტაციის თხოვნით. ამჯერად კი „ვერ მივხვდით“, რა კავშირი იყო „ოცნების“ ფრაქციის ჩამოყალიბებასა და შვილების რეაბილიტაციას შორის. ამიტომ ბ-ნ მურმანს ხელს კი არ ვუშლიდით, მეგობრულად ვურჩევდით, გამხდარიყო უკვე არსებული ფრაქციის - „ერთიანი საქართველოს“ წევრი და მისთვის ეხელმძღვანელა, ხოლო ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებისაგან თავი შეეკავებინა, რადგან ჩვენი მწირი ბიუჯეტისთვის ეს დამატებით არც თუ მცირე ხარჯებთანაც იქნებოდა დაკავშირებული. მითუმეტეს, 24 კაციან უმაღლეს საბჭოში, სადაც 3 კომისია და 3 ფრაქცია უკვე ფუნქციონირებს, მეოთხე, განსხვავებული იდეოლოგიისა და პროგრამის არმქონე ახალი ფრაქციის შექმნა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნდა და არც ახლა მიგვაჩნია.   უმაღლესი საბჭოს დეპუტაციის დიდი უმრავლესობა მმართველი პარტიის მხარდამჭერ ფრაქციათა კოალიციის შექმნისკენ იხრებოდა. ასეც მოხდა - უმაღლეს საბჭოში ადრე არაპარტიული ნიშნით ჩამოყალიბებულმა ფრაქციებმა დააფუძნეს კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული და სამართლიანი საქართველო“, რომელმაც დეპუტატთა ორ მესამედზე მეტი გააერთიანა. ამის თაობაზე ჯერ გაცხადებული არ იყო, როცა ბ-მა მურმანმა და კიდევ ოთხმა დეპუტატმა, კოალიციაში გაწევრიანების ნაცვლად, საჩქაროდ დატოვეს თავიანთი ძველი ფრაქცია და, მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, იმავე დღესვე თავი ცალკე ფრაქციად გამოაცხადეს. ანუ დეპუტატთა უმრავლესობამ კი არ ჩამოაყალიბა მურმანის ფრაქციის საპირწონე ფრაქცია, არამედ მოხდა პირიქით. გარდა შვილების რეაბილიტაციის სურვილისა, ბ-ნ მურმანს ნებისმიერი სკამის დაკავების დიდი წყურვილიც ამოძრავებდა. ამ ვითარებაში მისი სრულიად უსაფუძვლო, ავადმყოფური ამბიციები მალე დათხოვნის შიშით შეპყრობლი აფხაზეთის უფლებამოსილება დროებით გაგრძელებული მინისტრების, აგრეთვე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის სკამის ცალკეულ მაძიებელთა (ვისაც „ოცნების“ მთავრობა მხარს არ უჭერდა) ინტერესებს უცნაურად დაემთხვა. შედეგად მივიღეთ სრულიად არაბუნებრივი ალიანსი, სუფთა აჯაფსანდალი, თანაც შხამიანი აჯაფსანდალი. ახალი ფრაქცია თავის მოკავშირეებთან ერთად უმაღლეს საბჭოს და მის მიერ დანიშნულ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს თითიდან გამოწოვილი მიზეზებით უპირისპირდება. ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას თავისი დღევანდელი სტატუსით აღიარებს ქვეყნის მთავრობა, რაც ამასწინათ ბ-ნ ვახტანგის ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობითაც დადასტურდა; მას აღიარებს საქართველოს პარლამენტი, მაგრამ, თურმე ნუ იტყვით და არ აღიარებს „ოცნების ბურჯი“ მურმან კვარაცხელია და მისი „მფარველობის“ ქვეშ მყოფი მინისტრების მოვალეობის შემსრულებლები აფხაზეთის დღევანდელი მთავრობიდან(?!). როგორც ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის ამასწინანდელი ვეტო მოწმობს, ე.წ. ახალი ფრაქციაც და მთავრობის „ამბოხებული“ წევრებიც თავად პრეზიდენტისა და „ნაცმოძრაობის“ დირექტივებით მოქმედებენ. ნახეთ, ვინ უჭერს მხარს ვეტოს. მ.კვარაცხელიამ, უმჯობესია, თავის ფრაქციას „ნაციონალური ოცნება“ დაარქვას. ამიერიდან ის ვერავის მოატყუებს. უმაღლესი საბჭოს დიდ უმრავლესობასთან ბ-ნ მურმანის დაპირისპირების მთავარი მიზეზიც მისი ე.წ. ფრაქციის „ნაციონალებთან“ ღია ალიანსშია.

ინტერვიუერი ურცხვად ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ვახტანგ ყოლბაია, ახალი ფრქციის დაშლის მიზნით, თითქოს აკაკი გასვიანის გადაბირებას ცდილობდა და მას ვიცე-პრემიერობას პირდებოდა. ბ-ნი აკაკი, მართალია, დღეს წინასწარ განწირულ ავანტიურაშია ჩათრეული, მაგრამ მან, როგორც პატიოსანმა ადამიანმა, კატეგორიულად უარყო თავისი „უფროსის“ ეს მონაჭორი. სინამდვილეში, სწორედ მ.კვარაცხელია, რომელმაც ხმა მისცა ბ-ნ ვახტანგ ყოლბაიას, ამ უკანასკნელისგან კატეგორიულად მოითხოვდა ფინანსთა მინისტრად და იმავდროულად ვიცე-პრემიერად დაუყოვნებლივ დანიშვნას, რაზეც უარი მიიღო. ჯერ ერთი, ბ-ნი მურმანი, რომელმაც უმაღლეს საბჭოში საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის რამდენიმეწლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში, პროფესორობის მიუხედავად, ბიუჯეტის წაკითხვაც კი ვერ ისწავლა, სრულიად შეუფერებელი იყო ასეთი მაღალი თანამდებობისთვის. გარდა ამისა, ორი დეპუტატის მთავრობაში გაშვების ფუფუნების უფლება უმაღლეს საბჭოს არ ჰქონდა. სინდისის ყოველგვარი ქენჯნის გარეშე მ.კვარაცხელია იქით „ადანაშაულებს“ ვახტანგ ყოლბაიას უმაღლეს საბჭოდან დეპუტატების წაყვანისა და, შესაბამისად, მისი დაშლის მცდელობაში მაშინ, როდესაც მსგავსი მიზნები და მცდელობა ჰქონდა და დღესაც აქვს სწორედ მ.კვარაცხელიას.

ინტერვიუში მიმოფანტულია ტყუილებიდან მოვიტანთ კიდევ  ერთ „ყველაზე მთავარ“ ტყუილს. მ.კვარაცხელია ამბობს: „აქ ყველაზე მთავარია ის, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება“ არის უმცირესობაში“. ეს არის უტიფარი სიცრუე, რომელსაც (ისევე როგორც ბევრ სხვა განცხადებას) პროვოკაციის სუნი ასდის. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კოალიციის შემადგენლობაში დეპუტატთა ორ მესამედზე მეტია გაერთიანებული. უმცირესობაში კი არის და უეჭველად სამუდამოდ დარჩება მ.კვარაცხელიას „სკამებზე მეოცნებეთა ფრაქცია“, რომელიც თავისი პრაქტიკული საქმიანობით „ქართული ოცნების“ მთავრობას, პარლამენტს უპირისპირდება და მხოლოდ საკუთარი სავარძლების შენარჩუნების მიზნით  აფხაზეთის ძველი, წასასვლელად გამზადებული მთავრობის „ამბოხებულ“ წევრებს ეყრდნობა.

ალბათ, საკმარისია მ.კვარაცხელიას ტყუილებზე საუბარი. ახლა ვნახოთ, როგორ უმეცრებას და არაკომპეტენტურობას ავლენს იგი სხვადასხვა საკითხების „განხილვისას“. მოუსმინოთ, რას ამბობს ბ-ნი მურმანი „ქართული ოცნების“ კოალიციის შესახებ: „არჩევნების შემდეგ ეს კოალიცია დაიშალა(?!) და ამ ეტაპზე, საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხომ ყოველგვარ კოალიციაზე ლაპარაკიც ზედმეტია“. გასაოცარია, მაგრამ ფაქტია - უმაღლეს საბჭოში „ოცნების“ ერთადერთმა „ბურჯმა“ ისიც კი არ იცის, რომ კოალიცია „ქართული ოცნება“ არ დაშლილა, რომ ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი სწორედ კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია.

კიდევ უფრო მეტ უვიცობას ავლენს ბ-ნი მურმანი, როცა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის „უკანონოდ“ დანიშვნაში უმაღლეს საბჭოს ადანაშაულებს და იმავდროულად აცხადებს: „ბარამიას თანამდებობიდან წასვლის შემეგ სრულიად ლოგიკური იყო დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფინანსთა მინისტრის - თამაზ კვარაცხელიას დარჩენა“. ბ-ნ მურმანს უნდა შევახსენოთ რომ ასეთ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა არა მისი გაუგებარი „ლოგიკის“ მიხედვით, არამედ კანონის შესაბამისად ხდება; თუ კანონი არ არსებობს, ან ხარვეზებს შეიცავს, მაშინ გადაწყვეტილებას უფლებამოსილი პოლიტიკური ორგანო იღებს, როგორც ეს მოხდა ჩვენს შემთხვევაში. ბატონი მურმანი საუბრობს უმაღლესი საბჭოს მიერ „დარღვეულ“ კონსტიტუციაზე, რეგლამენტზე, მაგრამ არ უთითებს, რომელი კანონის მიხედვით და ვის მიერ უნდა დანიშნულიყო თამაზ კვარაცხელია (ან ნებისმიერი სხვა მინისტრი) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის აფხაზეთის კანონმდებლობით არარსებულ თანამდებობაზე? რომელი კანონი დაირღვა იმავე თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნით? ამ კითხვებზე ავტორს, ცხადია, პასუხები არა აქვს. ინტერვიუში თავისდაუნებურად ბ-ნ მურმანს ერთი სიმართლეც წამოცდა: აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოს ოპონენტებისთვის სინამდვილეში გადამწყვეტია არა „კანონდარღვევები“, არამედ პიროვნება - ვინ იქნება იმ თანამდებობაზე დანიშნული.

ახლა, ყველაზე მთავარი - ბ-ნ თამაზ კვარაცხელიას (რომელიც ღირსეულ პიროვნებად მიგვაჩნია) დანიშვნის „ლოგიკურობაზე“ სრულიად ალოგიკურად და ურცხვად საუბრობს კაცი, რომელიც ვახტანგ ყოლბაიასგან დაჟინებით მოითხოვდა სწორედ ბ-ნ თამაზის დაუყონებლივ სახლში გაშვებას და მის სკამზე საკუთარი პერსონის წამოსკუპებას. ასეთია კიდევ ერთი შტრიხი ბ-ნ მურმანის ახალ, ნიღაბახდილ პორტრეტთან. მისი უბედურება არა მხოლოდ და არა იმდენად კანონების არცოდნაში (ამას კიდევ როგორმე ეშველება), არამედ სინდის-ნამუსის მწვავე დეფიციტშია.

უმეცრების „პარადი“ ინტერვიუში გრძელება. ბ-ნი მურმანი „გვასწავლის“, რომ „თავისუფლების ქარტიის“ თანახმად, „არ შეიძლება მაღალ პარტიულ(?!) თანამდებობაზე დაწინაურდეს ის პირი, რომელიც მუშაობდა რაიკომის მდივნად“. აი ასე, ამიერიდან „მაღალ პარტიულ თანამდებობაზე“ ყოფილ რაიკომის მდივნებს არაფერი ესაქმებათ. ამაზე იტყვიან, კაცი ტყემალზე ზისო... ბატონმა მურმანმა, სამწუხაროდ, არ იცის რას ლაპარაკობს, რაზეა საუბარი იმ ქარტიაში, რომელიც, ეტყობა, თვალითაც არ უნახავს.

„დავტკბეთ“ მ.კვარაცხელიას კიდევ ერთი „სიბრძნით“: „ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას ვეტო დაადო სწორედ აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტმა“(?!). სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. იქვე ამოიკითხავთ კიდევ ერთ „სიბრძნეს“: „უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში გააკეთა საქართველოს ორგანულ კანონში ცვილების შეტანის ინსპირირება“(?!)... ამ შემთხვევაში ყოველგვარი კომენტარები, ირონიაც კი ზედმეტია. ან რა კომენტარები უნდა გაუკეთდეს „ოცნების“ პარლამენტის, განსაკუთრებით ბ-ნ ვახტანგ ხმალაძის კვარაცხელიასეულ „კრიტიკას“? პარლამენტმა მურმანის „რისხვა“ იმიტომ დაიმსახურა, რომ მხოლოდ „ოცნების“ დეპუტატების ხმებით ექვსი ნაციონალის წინააღმდეგ მიიღო დამატება საქართველოს კანონში ნორმატიული აქტების შესახებ, რომელიც მთავრობაში ხელოვნურად შექმნილი კრიზისის დაძლევის, მისი განახლებისა და განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდება. დღეს საქართველოს პარლამენტი, მურმანისა და მისი „ძმების“ სურვილის მიუხედავად, ამ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება. მხოლოდ ვეტოს დაძლევის შემდეგ გამოსწორდება კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, აღიკვეთება სიცრუის, უზნეობისა და უმეცრების დოღი, დამყარდება სამართლებრივი წესრიგი აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში.

მთლიანობაში მურმან კვარაცხელიას ინტერვიუ წარმოადგენს დაბნეული, ორიენტაციადაკარგული და სკამებზე ამაოდ მეოცნებე ადამიანის პასკვილს, ცილისწამებას კოლეგების წინააღმდეგ, უმაღლეს საბჭოზე პოლიტიკური ბეზღობის უბადრუკ მცდელობას, რასაც ფრაქციათა კოალიცია „ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“ გადაჭრით გმობს და კატეგორიულად ემიჯნება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიცია

„ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო“.
Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions