24 ივლისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ განაცხადა, რომ დევნილებს, რომელთა თვიური შემოსავალი 15000 ლარზე მეტია 28 ლარიანი შემწეობები გაუუქმდებათ.
"ჩვენ გვყავს 33 000 დევნილი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1 500 ლარზე მეტია. 10 000 მათგანს ყოველთვიურად 20 000-30 000 აქვს შემოსავალი, ხოლო 1 800 დევნილის ყოველთვიური შემოსავალი 40 000 აღემატება. ესენი იბეგრებიან ქონების გადასახადით. ამის შესახებ ცნობილია ფინანსთა სამინისტროსთვის. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს ყოველთვიურად ერიცხებათ დევნილთა შემწეობა - 28 ლარის ოდენობით. ჩემი ინიციატივაა, რომ ეს 13 მილიონი ლარი აღარ გაიცეს მათზე და ეს თანხა დაემატოს იმ დევნილთა შემწეობებს, რომელთა ეს მართლაც სჭირდებათ", - განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ანზორ წოწონავა:
- ბატონო ანზორ, თქვენ განსახლების მინსტრთან, ბატონ დავით დარახველიძესთან პერმანენტულად გქონდათ შეხვედრები, მიაწოდეთ მას ანალიტიკური მასალა დევნილთა რეალური პრობლემების შესახებ და შეთანხმდით ურთერთთანამშრომლობაზე, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო დევნილთა მთელი რიგი პრობლემებისა. ელოდით თუ არა მინისტრის ახალ ინიციატივას შემწეობის შეწვეტასთან დაკავშირებით, რომელმაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია დევნილ მოსახლეობაში და არა მარტო დევნილებში და რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ იგი?
- იცით რა, იმ ანალიტიკურ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ბატონ დარახველიძეს, მინდა გითხრათ, რომ პასუხი დღემდე არ მიგვიღია სამინისტროდან, არც ის ვიცით, გაითვალისიწინეს თუ არა რამე...
რაც შეეხება მინისტრის განცხადებას, ეს ძალიან ნაადრევია მისი მხრიდან, რადგანაც სამინისტრომ რეალურად ჯერჯერობით ვერვავითარი ცვლილება და რეფორმა ვერ განახორციელა დევნილების ცხოვრებაში. ერთადერთი, რაც დალაგდა - ეს არის კომუნიკაციის საკითხი. დევნილი მოსახლეობა ჯერ კიდევ რეალური ქმედებების მოლოდინშია, რასაც სჭირდება სისტემის ჩამოყალიბება. ალბათ გახსოვთ, როგორი ძალისხმევით მივაღწიეთ იმას, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება დევნილთა შესახებ 1996 წელს კანონად გვექცია. თუმცა ამ კანონს სჭირდებოდა შემდგომი დახვეწა და გაღრმავება. მაგრამ ასე არ მოხდა. კანონში არსებული ბუნდოვანება იმის საშუალებას იძლეოდა, რომ რომ ერთი მუხლი სხვადასხვაგვარად ყოფილიყო გაგებული. ფაქტიურად მოხდა ამ კანონის გაფეტიშება და არა ამოქმედება. აი, ეს არის უფრო საშური საქმე და არა იმ სიმბოლური თანხის მოხსნა, რასაც პოლიტიკური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე სოციალური..... ან კი რა არის 28 ლარი? დღევანდელი ინფლაციის პირობებში ერთი დღის სამყოფი თანხაც აღარაა. მინიმუმის მინიმუმია.... ან როგორ შეიძლება თუნდაც უზრუნველყოფილ დევნილს წაართვა 28 ლარი? ინდივიდუალურად კი, ბატონო, ვისაც სურს, შეუძლია უარი თქვას ამ თანხაზე, ეს მისი პირადი ნებაა.
- ბატონო ანზორ, დღევანდელი უმუშევრობის პირობებში, ხომ შეიძლება ოჯახში, სადაც ერთი ადამიანია მხოლოდ დასაქმებული 1500 ლარიანი ხელფასით, ოჯახის სხვა წევრები, მაგალითად, დედ-მამა და 2 შვილი, უმშევრები იყონ? მაშინ გამოდის, რომ ისევ სიღარიბესთან გვაქვს საქმე და 28 ლარიანი შემწეობაც ჰაერივით სჭირდება ოჯახს?
- ბატონმა მინისტრმა უნდა გაითვალისწინოს ის, რომ მაღალხელფასიანი ადამიანები მაღალ საშემოსავლოს იხდიან.... ერთი დევნილის ხარჯზე მეორე დევნილის დაკმაყოფილება არაჰუმანური და შეურაცხმყოფელია. ეს უნდა გაკეთდეს სახელმწიფოს რესურსებით და არა დევნილების. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს გაიზარდა პენსიები, სახელფასო ფონდი, სხვადასხვა სახის დახმარებები, ხოლო დევნილთა შემწეობა უცვლელი დარჩა. ის კი არა, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დევნილი მოსახლეობა ამ თანხის გაზრდას ელოდა და დაპირებაც იყო... აქვე მინდა აღვნიშნო: კარგი იქნება, თუკი დევნილთა სამინისტრო რესტიტუციის კანონზე იმუშავებს, რომლის აქტუალობაც სცილდება ქვეყნის შიდა პრობლემებს და საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს. აი, რაზე უნდა ვიფიქროთ, პირველ რიგში....
- საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც არ იწონებს მინისტრის ამ ინიციატივას. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ კანონში ცვლილებების გზით. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მომავალში ასეც მოხდება?
- ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით. იქნება მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით და, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული და კატეგორიული... დევნილთა ხარჯზე ეკონომიის გაკეთება სახელმწიფოს ვერ აააშენებს. ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი უნდა ვეძიოთ დონორი ქვეყნების ჩართვით სახელმწიფო სტრატეგიაში, დასაქმების პრობლემის მოგვარებით, და სხვა ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტით, რომელიც დევნილ მოსახლეობას ფეხზე დააყენებს. 28 ლარიანი შემწობის მოხსნა ყველაზე ბოლო ნაბიჯია...დევნილთა პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტროში არსებული რესურსი ჯერ არც კი გამოყენებულა... ასეთი მიდგომით ჩვენ იმედს გავუცრუებთ დევნილებს ახალი ხელისუფლების მიმართ. არ შეიძლება ასეთი საკითხების დაუფიქრებლად წამოწევა...