ჯემალ გამახარია: ”დანაღმული” ვეტოს გადალახვა“

 

მიმდინარე წლის 29 ივლისს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის შენიშვნებს კანონპროექტზე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და უარყო მისი შენიშვნები. მეორე კენჭისყრის შედეგად კი (92 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) პრეზიდენტის ვეტო გადაილახა. ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით არის მიღებული, კომენტარი უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს ბ-ნ ჯემალ გამახარიას ვთხოვეთ.

 

რას იტყოდით პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვის შესახებ და როგორ შეაფასებდით თვით ამ ფაქტის მნიშვნელობას?


- საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა კარგა ხანია, ჩვეულებრივ მოვლენად არის გადაქცეული. ამჯერად კი რამდენადმე განსხვავებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. 29 ივლისს ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, თუ ასე შეიძლება ითქვას, „დანაღმული“ ვეტო დაძლია. მხედველობაში მაქვს 26 ივლისს პარლამენტის შენობის ვითომ დანაღმვის შესახებ „გამაფრთხილებელი“ ზარის შემოსვლა (რამაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის იძულებით შეწყვეტა და ვეტოს დაძლევის სამი დღით გადავადება გამოიწვია), აგრეთვე იმ ყბადაღებული ვეტოს ქვეტექსტები და ნამდვილი მიზნები.

 

როდესაც პრეზიდენტის შენიშვნების განხილვისას პარლამენტში მისი ადმინისტრაციის უფროსის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი დიმიტრი ძაგნიძე, აგრევე ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბატონები აკაკი ბობოხიძე და გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოდიოდნენ, მეგონა აფხაზეთის „ამბოხებულ“ მინისტრებთან და ამ უკანასკნელთა მიერ უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ სახელწოდებით ახლახან შექმნილი ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე ვიმყოფებოდი. თანამოაზრეთა მთელი ეს კომპანია ერთიანი ტექსტით გვესაუბრება, სიტყვა სიტყვით ერთსა და იგივე ზღაპრებს ყვება, ყველაფერზე ლაპარაკობს (უმაღლესი საბჭოს „ანტიკონსტიტუციურ“ გადაწყვეტილებაზე, ვახტანგ ყოლბაიას „უკანონობაზე“, „თავისუფლების ქარტიაზე“ და ა.შ.), გარდა იმ კონკრეტული, ძალიან მარტივი საკითხებისა, რომლებიც მათ მიერ ვეტოდადებული კანონპროექტით უნდა დარეგულირდეს. პარლამენტში გამართული დებატებით, ნაცმოძრაობის წარმომადგენელთა გამოსვლებით საბოლოოდ გაირკვა, რომ კრიზისი აფხაზეთის მთავრობაში ხელოვნურად არის გამოწვეული; რომ იგი პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ნაცმოძრაობის საპარლამენტო გუნდის მხრიდან იმართება; რომ მათი საერთო მიზანია არსებული კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება, მისი დროში გაწელვა (თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე) და მუდმივი დაძაბულობის კერის შენარჩუნება; რომ აფხაზეთის მთავრობის დროებით წევრებსა და უმაღლესი საბჭოს ახალ ფრაქციას ინტენსიური ურთიერთობა აქვთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საპარლამენტო უმცირესობასთან; რომ იქიდან მოსდით დირექტივები, იქიდანვე ხდება მოქმედების კოორდინაცია. კავშირი მათ შორის იმდენად მჭიდროა, რომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ, როცა უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მზადდებოდა საკანონმდებლო ინიციატივა ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ერთ-ერთმა „ამბოხებულმა“ მინისტრმა მითხრა, რომ პარლამენტის მიერ იმ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებდა(?!). „წინასწარმეტყველებაც“ ამას ჰქვია. კიდევ ერთ ფაქტს მოგიტანთ. ოფიციალურად პრეზიდენტის ვეტო 16 ივლისს საღამოს გამოცხადდა; უმაღლესი საბჭოს ახალი ფრაქციის წევრები და მინისტრები კი ამ „დიდ საერთო გამარჯვებას“ სამი დღით ადრე ზეიმობდნენ...

 

ამა წლის 26 ივლისის საპარლამენტო დებატებმა ფარდა ახადეს რეალობას; საზოგადოებამ დაინახა, რომ ნაცმოძრაობა ცდილობს აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებში საკუთარი დასაყრდენის შენარჩუნებას, ახალი მომხრეების შეძენას, რომელთა ნაწილს „ოცნების“ სახელითაც ნიღბავს (როგორც ეს უმაღლეს საბჭოში ახალი ფრაქციის ჩამოყალიბების შემთხვევაში მოხდა), ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა გამრავლებას და ა.შ. „დანაღმული“ ვეტოს დაძლევამ ყველა ამ მცდელობას წერტილი დაუსვა; შექმნა სამართლებრივი საფუძველი ხელოვნურად ინსპირირებული სამთავრობო კრიზისის გადასალახავად, მინისტრების მოვალეობის დროებით შემსრულებელთა მიერ მოწყობილი, ზემოდან კურთხევა მიცემული „ამბოხებისა“ და „საბოტაჟის“ აღსაკვეთად. 92 პარლამენტარის მხარდაჭერაში მე ვხედავ ადრე იგნორირებული აფხაზეთის ლეგიტიმური სახელისუფლებო სტრუქტურების უფლებებისა და  პსუხისმგებლობის ამაღლებისკენ ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯს.

 

ერთი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის ა.წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებას აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, საეტაპო მნიშვნელობა ექნება, მის დადებით შედეგებს ძალიან მალე მოვიმკით.

 

ჯერ არ ვიცით „ძალიან მალე“ რას მოვიმკით, მაგრამ იმას კი ვხედავთ, რომ კრიზისი ოთხი თვე მიმდინარეობს. ნუთუ უფრო ოპერატიულად არ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება? ეს ყოველივე ცენტრალური ხელისუფლების სისუსტეზე ხომ არ მიუთითებს?

 

- მადლობას მოგახსენებთ ასეთი საინტერესო შეკითხვისთვის. რა თქმა უნდა, პრობლემის მოგვარება ძალიან სწრაფადაც შეიძლებოდა. არ მინდა ვრცელი ლექცია გამომივიდეს, ამიტომ მოკლედ მოგახსენებთ: აშკარაა, რომ ჩვენი სახელმწიფოს დღევანდელი მესვეურები გულწრფელად ცდილობენ უარი თქვან ადამიანების დათრგუნვის, ღირსების შელახვის, უსამართლობისა და დანაშაულის ისევ და ისევ უსამართლობითა და დანაშაულის ჩადენის გზით (მაგალითად, აფხაზეთის მინისტრების დაშინების, „საკუთარი სურვილით“ განთავისუფლების) პრობლემის „სწრაფად მოგვარების“ მწარე გამოცდილებაზე. საკითხი, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, გარწმუნებთ, ისტორიაში დარჩება როგორც ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინება, როდესაც პატარა რეგიონალური ჩინოვნიკის თვითნებობის აღკვეთას ქვეყნის პარლამენტის თითქმის ორთვიანი საკანონმდებლო მუშაობა და კიდევ დამატებით პრეზიდენტის ვეტოს გადალახვა დასჭირდა. მიხეილ სააკაშვილის „ძლიერი“ ხელისფლების პირობებში ანალოგიური პრობლემა საერთოდ არ წარმოიქმნებოდა ან, რბილად რომ ვთქვათ, არასამართლებრივი გზით ხუთ წუთში „გადაწყდებოდა“. ბიძინა ივანიშვილის „სუსტი“ ხელისუფლების პირობებში კი მსგავსი საკითხების მოსაგვარებლად საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზების გამოსწორება გახდა საჭირო, რამაც საკმაოდ დიდი დრო მოითხოვა. რა თქმა უნდა, ეს გზა მთლად „კომფორტული“ ვერ არის, მაგრამ სხვანაირად სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება შეუძლებელია. როგორც ხედავთ, ჩვენი, ერთი შეხედვით, მარტივი საკითხი ძალიან სერიოზულ პრობლემაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა, თუმცა ეს მომავალში გავაკეთოთ.

 

პრეზიდენტის ვეტო დაძლელულია, კანონი მალე ძალაში შევა. ამის შემდეგ როგორი იქნება უმაღლესი საბჭოს პირველი ნაბიჯები?


- მაქსიმუმ ათ დღეში კანონი გამოქვეყნდება, რასაც უმაღლესი საბჭოს სესია და აფხაზეთის კონსტიტუციაში დამატების შეტანა მოჰყვება. ამის შემდეგ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა მყარ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა და დღეს არსებული კრიზისიც სწრაფად, დაახლოებით აგვისტოს მეორე ნახევარში, მთლიანად აღმოიფხვრება. საკანონმდებლო საქმიანობა  შემდგომშიაც ძალიან ინტენსიურად გაგრძლედება.

 

მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა შეიცვლება?


- ეს შეკითხვა ორი თვის წინ რომ დაგესვათ, კონკრეტული პასუხის გაცემა გამიჭირდებოდა. ახლა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობის დღევანდელი შემადგენლობა აუცილებლად შეიცვლება. ამას ვამბობ უდიდესი გულისტკივილით, მაგრამ პატივცემულმა მინისტრებმა უმაღლეს საბჭოს სხვა გზა უბრალოდ არ დაუტოვეს. მათ მიმართ უაღრესად კეთილი დამოკიდებულება  ჩვენ, დეპუტატებმა, იმით გამოვხატეთ, რომ ოთხი თვის წინ ავტომატურად გადამდგარ (გიორგი ბარამიას წასვლის შემდეგ) მთავრობის წევრებს ერთსულოვანი ნდობა გამოვუცხადეთ და უფლებამოსილება გავუგრძელეთ. პასუხად ასევე ერთსულოვანი „ამბოხი“ და „საბოტაჟი“, ზურგში მახვილი მივიღეთ. მსგავს საქციელს არ გააჩნია არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური და არც ადამიანური, ზნეობრივი ახსნა, მით უმეტეს, გამართლება. ჩვენ არ მოგვეწონა, მაგრამ გაგებით მოვეკიდეთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. იგივეს ვერ ვიტყვით მათ აყოლილი აფხაზეთის მთავრობის წევრებზე და რამდენიმე დეპუტატზე. რასაც ისინი ერთად აკეთებდნენ და აკეთებენ, არის მხოლოდ და მხოლოდ პიროვნული, ვიწრო ოჯახური ინტერესებით ნაკარნახევი უპასუხისმგებლო ქმედება. მას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ქვეყნის ინტერესებთან, ლეგიტიმური ხელისუფლების წინაშე მდგარ ამოცანებთან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ პატივცემულმა მინისტრებმა რამდენიმე თვეა, რაც საკუთარი თავი ისედაც მოქმედი მთავრობის მიღმა დააყენეს. მიუხედავად ყველაფრისა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან. სწორედ ეს მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ მთავრობის წევრთა მოვალეობის შემსრულებლები უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას არ დაელოდებიან  და პარლამენტის მიერ უკვე საბოლოოდ მიღებული კანონის ძალაში შესვლისთანავე, ან უფრო ადრეც, ოფიციალურად დატოვებენ ისედაც მიტოვებულ თანამდებობებს. რაც შეეხებათ მოადგილეების უმეტესობას, საშუალო რგოლის ხელმძღვანელებს, რიგით საჯარო მოხელეებს, მათ შეუძლიათ მშვიდად და, როგორც ყოველთვის, პატიოსნად გააგრძელონ მუშაობა. მთავრობაშიც და უმაღლეს საბჭოშიც მოსალოდნელი რეორგანიზაციები არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. მათი მიზანია ახალი რეალიების, ახალი გამოწვევების ადექვატური ეფექტური სტრუქტურების ჩამოყალიბება და არა საკადრო შემცირებები და ანგარიშსწორებები, რის შესახებაც ზოგიერთი მინისტრი თუ დეპუტატი ოთხი თვეა ჭორაობს.

 

რეორგანიზაციის ზოგად გეგმას ხომ არ გაგვიმხელთ?


- არავითარ ზოგად თუ კონკრეტულ გეგმას არ ვიცნობ. მთავრობაში განსახორციელებელი რეორგანიზაცის შესახებ თავის დროზე უფლებამოსილი პირი - მთავრობის თავმჯდომარე მოგახსენებთ. უმაღლეს საბჭოშიც, ალბათ, გარკვეული ცვლილებები მოხდება, რაც თავმჯდომარისა და დეპუტატთა უმრავლესობის პრეროგატივაა. თუმცა ერთ კონკრეტულ საკითხზე, კერძოდ ფრაქციებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრება შემიძლია გაგიზიაროთ. 24 კაციან უმაღლეს საბჭოში ამჟამად ოთხი ფრაქცია და მხოლოდ სამი კომისია ფუნქციონირებს. მოგეხსენებათ, უმაღლეს საბჭოში პერიოდული არჩევნები  არ ტარდება და ვერც ჩატარდება, შესაბამისად, ჩვენთან არ არის პარტიათაშორისი დაპირისპირებები, რაც ფრაქციების შექმნის საფუძველი ხდება. პრაქტიკულად ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში, სადაც დაპირისპირებები, მცირე გამონაკლისების გადა, პიროვნული ხასიათისაა, რა საჭიროა ოთხი ფრაქცია, რომელთა პროგრამები ერთმანეთისაგან დიდად არ განსხვავდებიან? ყოველი ფრაქცია, ხომ, დამატებითი სოლიდური ხარჯებია. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ადგილი აქვს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ გამოყენებას, რასაც ბოლო უნდა მოეღოს. ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში ტეპუტატთა განსხვავებული პოზიციების გამოსახატავად სავსებით საკმარისია ორი ფრაქციაც. სამაგიროდ გამოთავისუფლებული სახსრები შეგვიძლია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობის გააქტიურებისკენ, აპარატის გაძლიერებისკენ მივმართოთ. ფრაქციათა რაოდენობის შემცირება უეჭველად გამოიწვევს თავისუფალ დეპუტატთა რაოდენობის მომატებას. ცხადია, მათი უფლებების გაზრდაზეც უნდა  ვიფიქროთ. ყველაფერ ამას, მოგეხსენებათ, რეგლამენტში გარკვეული ცვლილებების შეტანა დასჭირდება. არის სხვა საკითხებიც, რომელთა შესახებ წინასწარი საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

 

გაზეთი "ახალი თაობა", #183 (6184), 05. 08.2013წ.

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions