რაისა ქარაია: “რატომ ცდილობენ რუსები საქართველოსთვის კომანის ეკლესიის წართმევას“

 

აფხაზეთის უმაღლლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიაცია "ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველოს" თავმჯდომარე, რაისა ქარაია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს აფხაზეთის საზოგადოებრიობის სახელით ანგელოზის დღეს ულოცავს:

 

- აფხაზეთის საზოგადოებრიობის და მთელი ერის სახელით უდიდესი სიყვარულით და მოწიწებით ვულოცავ სრულიად საქართველოს სულიერ მამას ანგელოზის დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, სულის სიმხნევესა და დღეგრძელობას. დღეს ქართველ ერს, როგორც არასდროს, სჭირდება უწმინდესის სულიერი თანადგომა, მისი ლოცვა, რწმენა და სიბრძნე.  ჩემი თანამემამულეების სახელით მადლობას ვუხდი აფხაზეთის მოსახლეობის ესოდენ დიდი სიყვარულისთვის, იმედის ჩასახვისთვის, რაც მისი ისედაც მძიმე ჯვრის უფრო მეტად დატვირთვას - ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტობის შეთავსებას მოჰყვა. დარწმუნებული ვარ, რომ  უფალი შეისმენს მის მუხლჩაუხრელ მხურვალე ლოცვას აფხაზეთის საქართველოსკენ შემობრუნებისთვის. ვიცი, როგორ შესტკივა მას გული აფხაზეთზე, 11 წელი ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი იყო. პირადად მე ეკლესიაში მისი წყალობით მოვხვდი და პირველი ზიარებაც მისი ხელით მივიღე ჯერ კიდევ 1967 წელს.... ვიცი, როგორი ძვირფასია მისთვის  თითოეული აფხაზი და ქართველი, ამიტომ ევედრება უფალს ქართველთა და აფხაზთა ღირსეული და მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას.... მართალია, ჩვენ, აფხაზეთის მკვიდრნი, ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე ისტორიის მონაწილენი, უფრო სწორად მემატიანენი გავხდით, მაგრამ იმავდროულად, მე ბედნიერი ვარ, რომ იმ ეპოქაში მიწევს ცხოვრება, როდესაც ერის ქომაგად და სულიერ მამად საქართველოს ჰყავს ასეთი უდიდესი პიროვნება, მსოფლიო ავტორიტეტი - უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. იმედია, აფხაზეთში დაბრუნების უდიდეს სიხარულსაც მასთან ერთად გავიზიარებთ.

 

აფხაზეთში, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, არ იყო ადვილი ათეიზმით სულიერად გამოფიტული სამწყსოს მღვდელმთავრობა. ამას დრო და დრო ემატებოდა გარე ძალების მიერ ინსპირირებული პოლიტიკური დაძაბულობა, რომელმაც პიკს 90-იან წლებში მიაღწია. ეროვნული მოძრაობა, "ზვიადისტები", "გვარდიელები", "მხედრიონელები" და ვინ მოსთვლის, კიდევ რამდენი დამანგრეველი საზოგადოებრივი წარმონაქმნი (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათ შორის მართლაც იყვნენ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები) მესამე ძალამ საქართველოს წინააღმდეგ რა ოსტატურად წარმართა. ძალიან მტკივნეულია იმის გახსენება, თუ როგორ აღმოჩნდნენ რუსულ ხაფანგში ამბიციებს აყოლილი და პოლიტიკურად მოუმზადებელი ქართველები. მზაკვრულმა ჩანაფიქრმა სეპარატისტები ლამის პატრიარქის შეურაცხყოფამდეც მიიყვანეს, მაგრამ ღვთის ნებით ეს სამარცხვინო განზრახვა ვერ განახორციელეს.

 

თქვენ ალბათ პატრიარქზე თავდასხმას გულისხმობთ?

 

- დიახ! 1990 წლის 28 ნოემბერი იყო. აფხაზეთს უწმინდესი სტუმრობდა. პატრიარქმა მაშინდელი მიტროპოლიტის მეუფე დავით (ჭკადუა) და რესპუბლიკის სამოქალაქო წარმომადგენლების თანხლებით მოილოცა გალის, ოჩამჩირის, გულრფშის, სოხუმის, გუდაუთის რაიონები, გაგრის ზონა. მოლოცვის გარდა იქ მიმდინარე ეკლესიების მშენებლობების მდგომარეობასაც გაეცნო. როცა გაგრიდან სოხუმში ბრუნდებოდნენ, ცენტრალურ მაგისტრალზე, გუდაუთისა და სოფელ ლიხნის გზის გასაყარზე მათ დახვდა ადგილობრივი ბრბო, რომელმაც სოხუმისკენ მიმავალი გზა გადაკეტა, რათა კორტეჟი იძულებული გამხდარიყო ლიხნისკენ გადაეხვია. მაგრამ მძღოლის მოხერხებულობითა და ღვთის დახმარებით პატრიარქის მანქანა გაუსხლტა და სამშვიდობოს გავიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მეამბოხეების გეგმაში შედიოდა სოფელ ლიხნში კორტეჟის წევრთა - სასულიერო და საერო პირების შეურაცხყოფა...

 

ქალბატონო რაისა, ამ ამბავს იმ დროს რა რეაგირება მოჰყვა?

 

- ძალიან ზედაპირული... იყო მხოლოდ განცხადება საქართველოს ტელემაუწყებობით, პრესაშიც გამოქვეყნდა, მაგრამ არა ისე, როგორც ამას ვითარების რეალური შეფასება მოითხოვდა.... აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ  ძალიან მტკივნეულად განიცადა ეს შემთხვევა.... ხომ იცით, ქართველი კაცის ბუნება როგორია - როცა სამშობლოს, რჯულს და პატრიარქს გიგინებენ,  ხმალამოღებული იცავ ბოლო ამოსუნთქვამდე .... სხვათა შორის, უწმინდესმა, უკვე დევნილობის პერიოდში, თბილისში, როცა  ეს შემთხვევა გავიხსენეთ, ბრძანა: ”რას გადავურჩით, მაშინ.... და როგორი დარტყმა იქნებოდა ეს არა მარტო საქართველოს ეკლესიისთვის, საერთოდ ქვეყნისთვის".

 

ქალბატონო რაისა, პატრიარქი ცნობილია გასაოცარი მშვიდობისმყოფელობით და კაცთმოყვარეობით. როგორ მოხდა, რომ ასეთ პიროვნებას სტუმართმოყვარეობის ტრადიციებით თავმომწონე აფხაზებმა ასეთი დახვედრა მოუწყვეს?

 

- სამწუხაროდ, პოლიტიკური ამბიციები უფრო ძლიერი აღმოჩნდა.... ამას დაემატა არასწორი ინტერპრეტაცია პატრიარქის სიტყვებისა, თითქოსდა, ყველა ვინც ქართველის წინააღმდეგ ხელს აღმართავდა, საქართველოს ეკლესიის შავ წიგნი ჩაიწერებოდა. სინამდვილეში პატრიარქი გულისხმობდა ქართველთა შორის შუღლის გამაღვივებლებს და ძმათამკვლელ  ქართველებს, რომლებიც მრავლად იყვნენ  90-იანი წლების არეულ დროში (რაზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ) .... რა თქმა უნდა, "ვიღაცას" აწყობდა დაძაბულობა ნებისმიერ დონეზე, ამიტომაც გარეშე ძალამ არც უმაღლესი სასულიერო იერარქი დაინდო.... 1990 წლის ნოემბერში ”კომსომოლსკაია პრავდა"-ში გამოქვეყნდა სტატია, სადაც ქილიკური ტონით იყო მოხსენიებული პატრიარქის სხვაგვარად ინტერპრირებული და დამახინჯებული განცხადება. სტატიის მიხედვით, პატრიარქის  სწორედ ეს მოწოდება გახდა მაპროვოცირებელი აფხაზების იმ გაღიაზიანებული ქმედებებისა, რასაც მაშინ ადგილი ჰქონდა უკვე სეპარატისტულად კარგად დაგეშილ გუდაუთში. რუსული გაზეთი ფაქტობრივად აფხაზური სეპარატისტების თავხედობას ”არგუმენტირებულად” ამართლებდა. ჩვენთვის ამის მოთმენა უკვე შეუძლებელი იყო..... საჭირო იყო სიმართლის თქმა იქ, სადაც წყალი იმღვრეოდა....

 

არასამთავრობო ორგანიზაციის - გულრიფშის ქალთა საქველმოქმედო საზოგადოება ”წმინდა ნინოს” სხდომაზე, რომელის თავმჯდომარეც გახლდით, გადაწყდა, რომ ჩავსულიყავით მოსკოვში და რუსეთის პატრიარქისთვის ალექსი II-თვის პირადად გადაგვეცა წერილი და თან აგვეხსნა, რაში მდგომარეობდა საქმის არსი. დეკემბერში მე და ალა ვასილჩენკო გავემგზავრეთ, მაგრამ პატრიარქთან ვერ მოვხვდით. როგორც აგვიხსნეს, მეორე დილით ალექსი II საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა და ვერ მიგვიღებდა... მიგვიღო რუსეთის ამჟამინდელმა პატრიარქმა, მაშინდელმა მიტროპოლიტმა კირილემ, რომელმაც ბოდიში მოგვიხადა ალექსი II სახელით, წუხილი გამოთქვა ”კომსომოლსკაია პრავდაში” გამოქვეყნებული წერილის გამო. დაგვპირდა, რომ რუსეთის პატრიარქი ღრმა გულისყურით მოეკიდებოდა და განიხილავდა ჩვენს წერილს. ორივენი ბიბლიით დაგვასაჩუქრა და ჩვენც დამშვიდებული დავბრუნდით საქართველოში.

 

1991 წლის 5 თებერვალს ”კომსომოლსკაია პრავდაში” გამოქვეყნდა რუსეთის პატრიარქის ალექსი II სტატია ”ეშე რაზ ო სილე სლოვ” (Еще раз о силе слов), სადაც ის წერდა: - ”მივიღე წერილი აფხაზეთიდან, გულრიფშის რაიონის ქალთა საზოგადოება ”წმინდა ნინოს”-ს ქალებისგან და ვეთანხმები მათ სულისკვეთებას, რადგან პირადად ვიცნობ საქართველოს პატრიარქს, როგორც ბრძენკაცს და ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე სულის პიროვნებას. მე მიმაჩნია, რომ პატრიაქრის ეს განცხადება ჩაფიქრებული იყო, როგორც საშუალება სამოქალაქო ომის ჭაობში ჩაფლობის შესაჩერებლად. აკი, უკვე გასაგები იყო, რომ როგორც კი საქართველოში დაიღვრება სისხლი, იქ შემოღებული იქნება სამხედრო მდგომარეობა ძნელად გასათვალისწინებელი შედეგებით სახელმწიფოებრიობის აღდგენის პროცესში მყოფი რესპუბლიკისათვის. იყო პერიოდი, როცა პატრიარქის ვალდებულება იყო მთავრობისათვის მწარე სიტყვების თქმა პირში. ახლა მეჩვენება, მოდის დროება, როცა კიდევ უფრო მწარე სიტყვები უნდა უთხრა პირში შენს ხალხს.

პატივისცემით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრქიარქი ალექსი II. მოსკოვი”.


თუმცა ვერც რუსეთის პატრიარქის წერილმა შეძლო აფხაზეთში სეპარატიზმის შეჩერება, რამაც საბოლოოდ მაინც ომამდე მიგვიყვანა...


- მე არ ვიცი, რუსეთის საპატრიარქოს მაშინ რა განზრახვა ჰქონდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან უკვე ნათლად ჩანს, რომ  სეპარატიზმის მანქანა ყველა დონეზე მუშაობდა. აფხაზეთში დღესდღეობით არსებული პრობლემაც ე.წ. აფხაზეთის ეკლესიის ”ავტოკეფალიასთან” დაკავშირებით სათავეს სწორედ 1989-90 წლებიდან იღებს და გეტყვით, რატომ. იმ საღამოს, როცა მოსკოვში ჩავფრინდით, ალა ვასილჩენკო, როგორც რუსეთის რელიგიური ორგანიზაციის ”ბრატსტვოს”  საპატიო წევრი და მე, როგორც ”წმინდა ნინოს” დამფუძნებელი, მიგვიწვიეს სიწმინდეების მოლოცვების ამსახველი ფილმის სანახავად. ქალბატონ ალას იქ მისცეს წერილი, რომელშიც ”ბრატსტვო” აფხაზეთის კომანის ეკლესიის კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში გადაცემას ითხოვდა და ხელმოწერებს აგროვებდა. ცხადია, მასაც მიაწოდეს ხელის მოსაწერად. ალამ ეს რომ წაიკითხა, ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა, ამ წერილს შეთქმულება უწოდა, რომელშიც მონაწილების მიღებას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა. მართალია, ის მოსკოველი რუსი იყო, მაგრამ ძალიან მორწმუნე და მართალი ადამიანი. მიმართვას ხელს აწერდნენ ძირითადად რუსები, მაგრამ მათ შორის მე აფხაზური გვარებიც ვნახე, რომლებიც არგუმენტად იმას ასახელებდნენ, თითქოსდა ქართველი სამღვდელოება ზღუდავდა აფხაზი ეროვნების ღვთისმსახურების სულიერ მოღვაწეობას.

 

ქალბატონო რაისა, რატომ შეადგინა რუსეთის საზოგადოებრივ-რელიგიურმა ორგანიზაციამ ისეთი წერილი, რომლის მიხედვით კომანის ეკლესია უნდა გადასულიყო არა რუსეთის, არამედ კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში?


- იმიტომ, რომ იმ ეტაპზე მთავარი იყო, როგორმე საქართველოსთვის მოეწყვიტათ ეს ეკლესია, და მერე, როგორც ეს რუსებს სჩვევიათ, გარიგება შედგებოდა.....

 

და რატომ მაინც და მაინც კომანის ეკლესია და არა მაგალითად, ლიხნის?


- იმიტომ, რომ კომანის ეკლესიას სხვა დატვირთვა ჰქონდა.... აფხაზეთის მიწამ უდიდესი მსოფლიო მნიშვნელობის სიწმინდეები მიიბარა: კომანში აღესრულა იმპერატორ მაქსიმიანეს ბრძანებით გადასახლებული კაპადოკიელი დიდმოწამე ვასილისკო, აქვე გარდაიცვალა ბიჭვინთაში გადასახლებული კონსტანტინოპოლის  მთავარეპისკოპოსი იოანე ოქროპირი, რომელმაც ბიჭვინთამდე ვეღარ ჩააღწია...  კომანის მთებშია მესამედ ნაპოვნი წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი, სადაც ეროვნებით აფხაზმა, მოგვიანებით სეპარატისტების მიერ მოკლულმა იური ანუამ 1500 საფეხურიანი კიბე აღმართა გზის გასაადვილებლად.... ცხადია, ამ სიწმინდეების მირთმევაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქო უარს ვერ იტყოდა, ამიტომაც ყველაზე ადვილი წასაგლეჯი ეს ადგილი იყო... დღეს ნათლად ჩანს, თუ რა შორსგამიზნულად მოქმედებდა რუსეთი.... როცა აფხაზეთის ირგვლივ არასასურველი მოვლენები ვითარდება, თავს ყოველთვის პატრიარქის სიტყვებით ვიმშვიდებ: ”აფხაზეთი დაკარგული არ არის, ჩვენ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ ადგილებს”. მე ძალიან განვიცდი, რომ ისედაც ხანდაზმულ პატრიარქს დიდი ძალისხმევა სჭირდება მშვიდობის და მეგობრობის აღსადგენად აფხაზურ და რუსულ მხარეებთან, თავის ჯანმრთელობასაც არ ზოგავს, მტერთანაც კი მისთვის დამახასიათებელი სითბოთი და მიმტევებლობით ურთიერთობს, ოღონდაც საქართველომ თავისი კუთვნილი ტერიტორიები დაიბრუნოს და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტოვებულ ქართულ ეკლესიებში კვლავ ისმოდეს ღვთის დიდება ქართულ ენაზეც.

 

 

გაზეთი “ახალი თაობა“, #182 (6183), 3-4 აგვისტო 2013წ.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions