პასუხი აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციას

 

2013 წლის 10-16 ივლისის გაზეთ `საქართველოსა და მსოფლიოში” გამოქვეყნდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ფრაქცია `ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარის მურმან კვარაცხელიას ინტერვიუ, რომელშიც დეპუტატი საუბრობდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბილიკის მთავრობის პრობლემებზე. კერძოდ, ვახტანგ ყოლბაის უკანონოდ არჩევის დეტალებსა და მის მომხრეთა მიერ ჩვენს ჯიბრზე, სახელდახელოდ შექმნილ ე.წ. ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველო” კოალიციის შესახებ.

 

ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა ნაწილმა დაწერა ბ-ნ მ.კვარაცხელიას შეურაცხმყოფელი, დამამცირეებლი, ცილისწამებებით სავსე პასუხი, რომელიც `საქართველოსა და მსოფლიოს” რედაქციამ არათუ გააკორექტურა, არამედ მხოლოდ შეამოკლა და ისე დაბეჭდა.  სრული ვერსია კი დაიდო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს  საიტზე.

 

წერილის შესავალშივე აისახა ის რეალობა, რომელიც აუგორეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ მურმან კვარაცხელიას. წერილის ავტორ(ებ)ი ცილს სწამებენ ბ-ნ მურმანს, თითქოს შეურაცხყოფას აყენებდეს სასიქადულო მამულიშვილს ბ-ნ გერმანე ფაცაციას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ინტერვიუში გერმანე ფაცაცია საერთოდ არ არის ნახსენები.

 

კოალიციის წერილის სათაურშივე ახლად ჩამოყალიბებულ ფრაქციას ირონიულად უწოდებენ `ნაციონალურ ოცნებას”. არადა სწორედ ნაციონალებისთვის დამახასიათებელი პიროვნების დამაკნინებელი ლექსიკითაა დაწერილი კოალიციის საპასუხო წერილი: “ეშმაკთანაა შეკრული”, “ბოღმას ანთხევს”, “ბრმა სიძულვილითაა შეპყრობილი”, “ბიუჯეტის წაკითხვაც არ იცის”, “სკამებზე ამაოდ მეოცნებეა”, “უმეცრებასა და არაკომპეტენტურობას ავლენს”, “სინდის-ნამუსის დეფიციტშია”- ასეთი “სიტყვაკაზმულობით” გამოირჩევიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ცალკეული დეპუტატები.

 

პასკვილში მ.კვარაცხელიას მოიხსენიებენ ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრად, რაც მტკნარი სიცრუეა. ბ-ნი მურმანი მართლაც იყო “ერთიანი,დემოკრატიული საქართველოს” დარბაზის წევრი ქართველ მეცნიერ-ეკონომისტებთან ერთად. ეს ფაქტი მგონი არ უნდა ითვლებოდეს ცუდ ტონად, ვინაიდან იგი სრულიად აპოლიტიკური სტატუსია. თუმცა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში გამოჩენამდე  ეს გახლდათ მაშინ ერთ-ერთი რეალური ძალა ნაციონალურ ხელისუფლებასთან საბრძოლველად.  `სახალხო დარბაზი” მაშინაც და დღესაც დაკომპლექტებული იყო დღევანდელი `ქართული ოცნების” აქტივისტებით. დიახ, მურმან კვარაცხელია ამ დარბაზის წევრი იყო და არა პარტიის, მაშინ როდესაც უმაღლესი საბჭოს კოალიციის ზოგიერთი წევრი ნაციონალების დამფინანსებლების ბიუჯეტით იკვებებოდნენ.

 

არაკორექტულია, საპასუხო წერილში გამოქვეყნებული შემდეგი ფრაზა: `ბატონი მურმანი ყოველგვარი მორიდების გარეშე, აშკარად და ხმამაღლა ყოველ მეორე თავის კოლეგას ასე ევედრებოდა: ხომ იცით, ჩემი ორივე შვილი დაპატიმრებული იყო, ისინი გაანთავისუფლეს, მაგრამ ნასამართლობა ახალმა ხელისფლებამაც არ მოუხსნა. როგორმე `ოცნების¬ფრაქციის ჩამოყალილებაში მომემხარეთ, იქნებ ამ გზით მაინც მოვუხსნი შვილებს ნასამართლობაო”.

 

შვილებისა და ოჯახის თემით სპეკულირება უტაქტობაა. განა ბ-ნ მურმანს არ შეეძლო ნებისმიერი კოლეგის პირადი ოჯახისა და პიროვნულობის  შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ეპითეტების გამოყენება? მაგრამ მას ეს არ უკადრებია, არც დღეს და არც არასდროს ამას არ იკადრებს. განა სათქმელი არავისზე არაფერია? იქნებ ჩაიხედოს თითოეულმა ხელისმომწერმა (თუ ხელისმომწერებმა) საკუთარ თავში?  წერილში გამუქებულია სიტუაცია  მ.კვარაცხელიას პიროვნებისა და მისი შვილების მიმართ, რადგან აქ არსად არ არის ნახსენები, რისთვის დააპატიმრეს მისივე ორივე ვაჟიშვილი. ეს კი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს სახელმწიფო კონსტიტუციური უსაფრთხოების (`კუდი”) მაღალჩინოსანი და მისი “ბრალეულობა” იყო ის, რომ მან ბრძოლა დაიწყო იმ სისტემური დანაშაულის წინააღმდეგ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში. მ.კვარაცხელიას ორივე შვილი მაშინდელი რეჟიმის მსხვერპლი გახდა. მათი საქმე დიდი ხანია სტრასბურგის ევროპულ სასამართლოშია წარმოებაში მიღებული. რაც შეეხება, ნასამრთლობის მოხსნის საკითხს, ამას შესაბამისი პროცედურების გავლა სჭირდება, რაც სტრასბურგიდან ჩამოსული პასუხის შემდეგ სრულიად ნათელი იქნება.

 

კიდევ ერთი დეტალი. მურმან კვარაცხელიას წინააღმდეგ მიმართული ამ პასკვილის ავტორებს კოლეგისადმი თანაალმობა დასამადლებლად არ უნდა გაეხადათ. ისინი წერენ: `უკანასკნელი ათი თუ მეტი წლის მანძილზე სხვადასხვა ინსტანციებში გაგზავნილი არაერთი შუამდგომლობისთვისაც მოგვიწერია ხელი მურმანის შვილების განთავისუფლებისა და რეაბილიტაციის თხოვნით”-ო. მურმან კვარაცხელიას შვილები დააპატიმრეს 2008 და 2010 წლებში. `ათი და მეტი წელი” როგორ გამოდის ინსტანციებში სირბილი? მაშინ ისიც გაიხსენონ, რამდენ მათ მიერ დაწერილი თხოვნის, მიმართვებზე მოუწერია ხელი მ.კვარაცხელიას? ან კიდევ, ზოგიერთივით იქნებ მ.კვარაცხელიასაც მოუთხოვია აფხაზეთის მთავრობისთვის ოციათასიანი თანხების გადარიცხვები რაღაც ბროშურების გამოცემის დასაფინანსებლად? აი, ბატონებო, სად ჩანს პირადი გამორჩენისთვის ბრძოლა და არა, უბრალოდ, ხშირ შემთხვევაში, ფარატინა ქაღალდზე ხელის მოწერის დაყვედრება.

 

პასკვილის მაღალპატივცემული ავტორები მურმან კვარაცხელიას ბრალს სდებენ, რომ იგი უკანონოდ მიიჩნევს ვახტანგ ყოლბაიას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნას.  ისინი წერენ: `ბატონ ვახტანგ ყოლბაიას თავისი დღევანდელი სტატუსით აღიარებს ქვეყნის მთავრობა. მას აღიარებს საქართველოს პარლამენტი. მაგრამ ნუ იტყვით და არ აღიარებს ¬`ოცნების”  `ბურჯი”  მურმან კვარაცხელია.” თუ როგორ უჭერს მხარს ვახტანგ ყოლბაიას თავისი დღევანდელი სტატუსით  საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი, წარმოგიდგენთ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის  მანანა კობახიძის ოფიაციალურ დოკუმენტს, რომელსაც ხელი რამდენიმე დღის წინ მოეწერა და სადაც ნათქვამია: “როგორც ირკვევა, აფხაზეთის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნასთან დაკავშირებით ადგილი აქვს არაერთ კანონდარღვევას”. (რ.შამუგიასთვის გამოგზავნილი წერილი #19659/1-2,26.07.2013). ასე რომ, ნათელია, ბატონებო, ეს მხოლოდ მურმან კვარაცხელიას ნააზრევი არაა.

 

დიახ! აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში `ქართული ოცნება” არის უმცირესობაში. მეორე, ე.წ. `ქართულ ოცნება-ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველოს” წევრები კი გამუდმებით იბრძვიან ნამდვილი “ქართული ოცნების” დასაშლელად და ამას არც მალავენ იმ მოტივით, რომ მათ არ აწყობთ მეოთხე ფრაქციის არსებობა უმაღლეს საბჭოში დაფინანსების სიმწირის გამო. თუმცა, მათ ნაკლებად ეკითხებათ ფინანსების საკითხის გადაწყვეტა, ეს მთავრობის პრეროგატივაა. და კიდევ, აქ ნამდვილად არაა ისეთ თანხებზე საუბარი, რომელიც სერიოზულად დაეტყობა უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტს. მაშინ რაშია საქმე, წინააღმდეგობის ნამდვილი მიზეზი რა არის? მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, რამეთუ ქართული ოცნების იდეოლოგიასთან მათ არასოდეს არ ჰქონიათ შეხება. დღეს უცებ “ქართული ოცნების” მხარდამჭერებად როგორ მოგვევლინნენ?

 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ `თავისუფლების ქარტიის” კანონის შესახებ თავიანთ პასკვილში ავტორები წერენ შემდეგს: `ბატონი მურმანი გვასწავლის, რომ `თავისუფლების ქარტიის” თანახმად არ შეიძლება მაღალ პარტიულ თანამდებობებზე  დაწინაურდეს ის პირი, რომელიც მუშაობდა რაიკომის მდივნად. ამაზე იტყვიან კაცი ტყემალზე ზისო. ბატონმა მურმანმა, სამწუხაროდ არ იცის, რას ლაპარაკობს. რაზეა საუბარი იმ ქარტიაში, რომელიც ეტყობა თვალითაც არ უნახავს”.

 

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს წინადადება აქ მთავრდება და აღარ არის განმარტებული, მაინც რაზეა საუბარი `თავისუფლების ქარტიაში”. კარგით, დავუშვათ ბატონი მურმანი “ტყემალზე ზის”. მაშინ გამოდის, რომ “ტყემალზე სხედან” ქვეყნის ყველაზე ცნობილი იურისტები _ ექსპერტი კახა კახიშვილი,  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა დავითაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერები _ ზურაბ აბაშიძე და მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბატ. ზ. ქუცნაშვილი, რომლებმაც ცალსახად დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხზე. პრეზიდენტის `ვეტოს” დაძლევის შესახებ რომ ლაპარაკობთ პასკვილში, იმას რატომ არ ახსენებთ, რომ იურისტი და პარლამენტარი ზურაბ აბაშიძე სწორედ იმ დღეს გამოვიდა  პარლამენტში სიტყვით და განაცხადა, რომ `ვეტო” უნდა დაიძლიოს, მაგრამ „ცალსახაა რომ ერთი და იგივე ადამიანი ვერ იქნება მთავრობის თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს წევრიცო”. ისიც “ტყემალზე იჯდა”?! ხომ არსებობს პარლამენტის ხსენებული სხდომის ვიდეოჩანაწერი? ხომ არსებობს ქალბატონ  მანანა კობახიძის  მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც წერია – “ვ.ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავნჯდომარის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მრავლობითი კანონდარღვევითაა არჩეული”- ისინი ყველანი ტყუიან?

 

სირცხვილი ამ დონის წერილის ხელისმომწერებს, სირცხვილი იმ ხელისუფალთ, რომელთაც განსხვავებულ აზრთან თანამშრომლობის ნაცვლად პირადი ღირსების შეურაცხმყოფელ წერილებს წერენ.

 

ერთი დრო არავის შერჩებაო, ამბობდნენ ჩვენი წინაპრები და მართლაც მოეკითხება ყველას თავის ნამოქმედარსა თუ უმოქმედობაზე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია

ქართული ოცნებადემოკრატიული საქართველო”.




Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions