ელგუჯა გვაზავა: ”21 პროექტიდან გამარჯვება ქართულმა მოიპოვა”

 

ამას წინათ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა აშშ-ში, ნიუ იორკში გაეროს მე-12 ახალგაზრდულ ასამბლეაზე, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" ორგანიზებით, აფხაზეთის  უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერითა და პრაქტიკული დახმარებით მონაწილეობდნენ დევნილი ახალგაზრდები.

 

ბატონ ელგუჯა გვაზავას თქმით:

 

- მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაცია “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობის მიმართულებით არაერთი წელია აქტიურად თანამშრომლობენ, რაც გამოიხატება  დევნილი მოზარდების  უცხოეთში სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ორგანიზებაში. შარშანწინ ამ ორგანიაზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში აშშ-ში კერძო ორგანიზაციების მოწვევით იყვნენ აფხაზეთის მთავრობის ყოფილი წევრები: თავმჯდომარე გიორგი ბარამია, განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი და ეკონომიკის მინისტრი ნუგზარ სექანია.

 

რაც შეეხება გაეროს ახალგაზრდულ ასამბლეას, იგი 2004 წლიდან იმართება ყოველწლიურად და ფოკუსირებულია გაეროს საქმიანობაში ახალგაზრდობის ჩართულობაზე, ცდილობს ხელი შეუწყოს მოზარდების კარიერულ ზრდას სამოქალაქო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით. წლევანდელი ასამბლეა ძირითადად სოციალურ პროგრამებს მიეძღვნა. მასში მონაწილე 21 ქვეყნის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა თავიანთი პროექტები წარმოადგინეს. ქართული  დელეგაციიდან პროექტი წარმოადგინა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმა ”ახალგაზრდობა დემოკრატიისათვის”. ქართული პროექტი - ”პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრი” ეხებოდა დევნილთა სოციალურ ყოფას და უმუშევრობის დაძლევას დევიზით - ”ჯობია ადამიანს ასწავლო თევზაობა, ვიდრე ერთხელ დაანაყრო თევზის ჭამით”. 21 პროექტიდან  ქართული პროექტი ოთხეულში გავიდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს ქართველმა ახალგაზრდებმა. მათ წარმოაჩინეს მაღალი კვალიფიკაცია არა მარტო ინგლისური ენის ცოდნის, ასევე ინტელექტუალური პოტენციალის. პროექტის განხორციელება დაიწყება სექტემბრიდან უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში.

 

მნიშვნელოვანი იყო ასევე პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები აშშ-ს სხვადასხვა უწყებაში, კერძოდ კოლუმბიის და ჩილეს წარმომადგენლობებში. სამწუხაროდ, ადგილებზე ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ საქართველოს შესახებ.... საინტრესო საუბარი გვქონდა პაკისტანის წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, აუცილებელია უფრო ინტენსიური ხასიათი ჰქონდეს საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას  და ინფორმაციების გაცვლას საერთაშორისო მასშტაბით. შევხვდი გაერო-ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს ბატონ კახა იმნაძეს, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთი სახის ღონისძიებებში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობა არის მეტად სასარგებლო და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

 

იმედია, ამ პროგრამას მუდმივი ხასიათი მიეცემა მომავალშიც.

 

არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისთვის" პრეზიდენტმა ქალბატონმა რიტა პროკოპენკომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით აღნიშნა:

 

 

"უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს და განსაკუთრებით ბატონ ელგუჯა გვაზავას. ჩვენი მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი წარმატებული პროექტი განგვიხორციელებია, მაგრამ რაც შეეხება მე-12-ე ახალგაზრდულ ასამბლეას გაეროს შტაბბინაში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გამოვარჩევდი სხვა დანარჩენი პროექტებისგან იმ კუთხით, რომ საქართველოს ახალგაზრდობას (მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდობას) მიეცა საშუალება კიდევ ერთხელ გაეზიარებინა მსოფლიოს ხალხებისთვის საქართველოში არსებული პრობლემები იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან დაკავშირებით, კერძოდ სოციალური პრობლემები.  ასევე მიეცათ საშუალება დაიწყონ მუშაობა პრობლების მოგვარების გზებზე და საშუალებებზე დევნილთა  პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების ცენტრის შექმნით, რაშიც აქტიურ კონსულტაციებს გაგვიწევენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე უცხოელი დონორებები.

 


 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions