აფხაზეთში ინსპირირებული ომის ასპექტები 20 წლის გადასახედიდან

 

27 სექტემბერს აფხაზეთის საზოგადოებრიობა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის დაცემიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. დაგეგმილ ღონისძიებებსა და საერთოდ, სოხუმის დაცემის წინა დღეებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს ფრაქციათა კოალიციის ”ქართული ოცნება - ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი საქართველოს” თავმჯდომარე რაისა ქარაია.

 

როცა ჩვენი განიარაღება დაიწყო, მაშინ მივხვდი, რომ ეს კარგს არაფერს მოგვიტანდა.... ქართული მხარე არათანაბარ პირობებში აღმოჩნდა კბილებამდე შეიარაღებული რუსების, სომხების, ჩრდილოკავკასიელების და აფხაზების პირისპირ. ტანკებით დატვირთული ბოლო ბარჟა 15 სექტემბერს გავიდა სოხუმიდან. იმავე ღამეს განახლდა სროლები. ჩვენმა ბიჭებმა მცირე რაოდენობის მსუბუქი იარაღის გადამალვა მოახერხეს მხოლოდ. ყველა გრძნობდა, რომ ეს განიარაღება რაღაც ავის მომასწავებელი იყო....

 

- რატომ დათანხმდა ამ განიარაღებას ქართული მხარე?


- ქართული მხარე არ დათანხმებია ამას. კარგად მახსოვს, 24 ივლისის სამთავრობო თათბირის შემდეგ სოხუმიდან გულრიფშამდე გამოვყევი დელეგაციას, რომელიც საგანგებოდ ჩამოვიდა თბილისიდან, რათა ქართული მხარე დაეთანხმებინა განიარაღებასთან დაკავშირებით, თუმცა ამას ვერცერთ დონეზე ვერ მიაღწიეს. სახელმწიფოს მეთაურმა ე.შევარდნაძემ საკუთარი პასუხისმგებლობით გაიტანა ეს საკითხი, ვახტანგ გოგუაძეს მოაწერინა ხელი და სამხედრო პერსონალს პოსტფაქტუმ აცნობა გადაწყვეტილება. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თამაზ ნადარეიშვილის გულის შეტევის გამო თბილისში ჩამოსვლა გამოყენებული იქნა საბაბად მისი ჩანაცვლებისათვის, რადგანაც ის ამ კაპიტულანტურ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერდა.  აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს არც ახალმა თავმჯდომარემ მოაწერა მას ხელი, ისიც ხედავდა საშიშროებას. სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, ქართულ მხარეს რომც არ მოეწერა ხელი ამ ხელშეკრულებაზე, რუსეთი მაინც არ დათმობდა აფხაზეთს. არ დაგავიწყდეთ, ეს ის პერიოდია, როდესაც მსოფლიოში მიმდინარეობს პოლიტიკური ძვრები, საბჭოთა კავშირი დაიშალა...  ასეთ რთულ სიტუაციაში, როცა მსოფლიო გადანაწილება მიმდინარეობს და ისიც ასე მტკივნეულად ჩვენი მეზობელი დიდი სახელმწიფოსთვის, ალბათ, ჯობდა უფრო ფრთხილად, გამოწვევების გარეშე, სხვადასხვა სახის პოლიტიკური თამაშების დემონსტრირების გარეშე გვემოქმედა ჭკვიანად და ტაქტიკურად.... მით უმეტეს, როცა ვხედავდით, რომ ყველანაირ პროვოკაციაზე მოდიოდნენ აფხაზები და მით უფრო, როცა იმ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო ბაზები: ვაზიანში, სამცხე-ჯავახეთში, სოხუმში, გაგრაში, ოჩამჩირეში. განა შეიძლება ისეთ მტერს შეეჭიდო, რომელიც ფაქტიურად შენს ტერიტორიას აკონტროლებს?!.... ახლა რომ ვაკვირდები, რამდენი შეცდომაა დაშვებული.... ომის სამზადისს წავუყრუეთ, მტრად ვერ აღვიქვით მეორე მხარე, რომლის უკან რუსეთი იდგა... ჩვენს თვალწინ ხდებოდა ველიკოდერჟავული მენტალობის მთიელ ხალხთა კონფედერაციის შეკოწიწება, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო კავკასიურ წესსა და ტრადიციებთან... ჩვენი სახელმწიფოს მეთაურმა დროულად არ გაიტანა საერთაშორისო არენაზე ჩვენი გასაჭირი... იმ დროს ჩვენ უკვე ვიყავით გაეროს წევრი ქვეყნა. ხომ შეგვეძლო მოგვეწვია დამკვირვებლები და დაგვეფიქისრებინა რეალური მდგომარეობა.... შიდა აშლილობამაც ითამაშა გარკვეული როლი. ყველაფერი ეს მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს.....  ყველაზე დიდი შეცდომა კი ქალაქიდან გაყვანილი ბავშვებისა და ქალების უკან დაბრუნება იყო -  დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ მშვიდობა გარანტირებული იყო, სწავლის განახლებისკენ მოუწოდეს, მაშინ როცა საქართველოს სხვა რეგიონებში სწავლა არ იყო დაწყებული?! მე ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის მაშინდელმა მეთაურმა ან ზედმეტად ცივი გონებით შეხედა მოსალოდნელ საშიშროებას, ან კიდევ გაწირა ეს კუთხე თავის ხალხიანად, რადგანაც მათი შველა უკვე აღარ შეეძლო....

 

სამწუხაროდ, აფხაზეთის მოსახლეობის ბედ-იღბალი ჯერ სხვაგან წყდებოდა, მერე კი ფაქტის წინაშე გვაყენებდნენ. ჩვენი სიფხიზლეცა და სიფრთხილეც ხელისუფლებას რატომღაც პროვოკაციად ეჩვენებოდა... მსგავსი ტენდენცია დღემდე გრძელდება. არ შეიძლება აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები მის მოსახლეობას არ შეუთანხმო. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც იქ უნდა დაბრუნდეს, ღამე გაათიოს და მშვიდობიანი დილა უსურვოს აფხაზ მეზობელს. ამიტომაც პატიების, შერიგების,  დაბრუნების თუ სხვა საკითხები ჩვენთან ერთად, საერთო ძალისხმევით უნდა მოგვარდეს.

 

- ქალბატონო რაისა, როდესაც ხედავდით, რომ რუსეთი აფხაზეთს არ თმობდა, არ გიფიქრიათ, რომ აფხაზურ მხარეს დალაპარაკებოდით?


- მაშინ ეს შეუძლებელი იყო.... ისინი მონუსხულები იყვნენ არძინბას სეპარატისტული გეგმით. როდესაც ომი დაიწყო, მან ტელევიზიით გამოაცხადა საყოველთაო მობილიზაცია: თქვენ იცით, სადაც უნდა შეიკრიბოთ.... მათ ომის თადარიგი დიდი ხნით ადრე ჰქონდათ დაჭერილი. ივლისის ბოლოს სოხუმში ჩატარებული ხალხური შემოქმედების ფესტივალიც საომარი გეგმის ერთ-ერთი ნაწილი იყო. ფესტივალის საბაბით ჩამოყვანილი ასობით ჩრდილოკავკასიელი, სინამდვილეში კი ბოევიკი ღონისძიების ჩატარების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა, სანატორიუმებში და ტურბაზებში იქნა განთავსებული.... იმდენად კარგად იყო დაგეგმილი კრემლში აფხაზეთის წაგლეჯა, რომ მდგომარეობის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო....

 

- თითქოს ტრადიციად იქცა 27 სექტებრის აღნიშნვა...


- სამწუხაროდ, საქართველოს ისტორიის კალენდარზე კიდევ ერთი შავი დღე გაჩნდა.... ეს არ არის მხოლოდ ჭირისუფლების და პოლიტიკოსების ტრაგედია, 27 სექტემბერს სრულიად საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიაგოს პატივი გმირებს, რომლებმაც თავიანთი ახალგაზრდა სიცოცხლე სამშობლოს სამსხვერპლოზე მიიტანეს.... რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით ჩაფიქრებული იყო ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება ენგურის ხიდამდე, მაგრამ რატომ არ მოგვცა ამის უფლება ცენტრალურმა ხელისუფლებამ, დღემდე ვერ გამიგია?! მახსოვს, 26 სექტემბრის ღამეს, ივერიის შენობის წინ როგორ ვიკრიბებოდით დევნილები სანთლებით ხელში და მხოლოდ დაღუპულთა ოჯახის წევრები გვიერთდებოდნენ...  რატომ არ უნდა ანთებულიყო იმ ღამეს სანთლები სრულიად საქართველოში? საქართველოს მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თავისი ისტორია - რა გადაიტანა აფხაზეთის ქართულმა მოსახლეობამ 13 თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის... როგორ დაატოვებინეს მათ მშობლიური კუთხე, კერია, წინაპრების საფლავები. ვინც ეს არ გააკეთა - დახოცეს...

 

დღეს პატრიარქი ხალხს ერთსულოვნებისკენ მოუწოდებს და იცით, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ეს გვაკლია, ომის დროსაც გვაკლდა..... აი, აფხაზებს ეს თვისება ყოველთვის ჰქონდათ. ჩვენ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვცხოვრობდით, მაგრამ ეს მათგან ვერ შევითვისეთ, ”ორი ხარის” ანდაზისა არ იყოს, ამ კუთხით ფერი ვერ ვიცვალეთ...  ერთ მუშტად შეკრული საქართველო 9 აპრილს მახსოვს, მაგრამ ისიც დიდი ხნით არა! დასანანია, რომ წარსულის გაკვეთილებს ჯერაც სრულყოფილად ვერ აღვიქვამთ...

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions