თამაზ ხუბუა: “აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის კუდის ქიცინი უნდა დამთავრდეს“

 

გაზეთ “ახალი თაობის“ 2013 წლის 20 დეკემბრის ნომერში (#301-6302) გამოქვეყნდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას ინტერვიუ სათაურით “აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის კუდის ქიცინი უნდა დამთავრდეს“, რომელშიც მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის ანალიაზია მოვემული. ინტერვიუ უცვლელად ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

 

- ბატონო თამაზ, რა ასახვა ჰპოვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილ ხელისუფლებაში, მათ შორის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლამ?


ქვეყნის მმართველობაში 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ პერიოდში მომხდარმა ცვლილებებმა თავისთავად გავლენა იქონია პოლიტიკური, სოციალურ – ეკონომიკური და ზნეობრივ – ფსიქოლოგიური პარადიგმების თვითკრიტიკულ შეფასებებზე. სამოქალაქო საზოგადოებამ უფრო მწვავედ, მეტი პერსონალური პასუხისმგებლობითა და ქვეყნის მომავალზე არამარტო ვერბალური, არამედ კონკრეტული საქმეებით ჩართვის აუცილებლობა დაუფარავად წარმოაჩინა. ამ კონტექსტში განიხილავს თავის როლსა და ადგილს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აფხაზეთის პრობლემატიკის პოლიტიკური მოწესრიგების საკმაოდ რთულ, მაგრამ იმედიანი პერსპექტივისაკენ მიმართულ პროცესში. ვერ ვიტყვი, რომ გასული ერთი წელი ამ თვალსაზრისით საკანონმდებლო ორგანოსათვის განსაკუთრებული გარდაქმნების პერიოდი ყოფილიყო, თუმცა ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივები მიმართული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში არსებული ზოგიერთი შეუსაბამობის და იურიდიული კაზუსების გამოსწორება – აღმოფხვრისაკენ. უმაღლეს საბჭოში ინტენსიურად მიმდინარეობს პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართვის, დევნილთა სოციალური რეაბილიტაციის, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და დანარჩენ საქართველოში აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დაცვის საკითხებისადმი დევნილი საკანონმდებლო ორგანოს მუდმივი, და რაც მთავარია, შეძლებისდაგვარად ქმედითი ზეგავლენის უზრუნველსაყოფად მუშაობის ახლებური ფორმების განხილვა – დანერგვა. მისასამებელია, რომ უმაღლესი საბჭო თანმიმდევრულად თავისუფლდება ზემდგომი უწყებების უბოდიშო ზეწოლისაგან, რომელსაც ადრეულ პერიოდში ჰქონდა ადგილი და რამაც ნეგატიურად იმოქმედა საერთოდ აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების, კერძოდ კი უმაღლესი საბჭოს პოლიტიკურ და საქმიან რენომეზე. ვფიქრობ, მისი ზომიერი, საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით გათვალისწინებული დამოუკიდებლობა ხელს შეუწყობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქმედითუნარიანობის ამაღლებას. ესაა დევნილი მოსახლეობის მოთხოვნა, ასეთი საქმიანობისაკენ არიან ორიენტირებულნი უმაღლესი საბჭოს წევრები, აპარატის სამსახურები.

 

- დევნილი მოსახლეობის მოთხოვნებზე როცაა საუბარი, მედიაში იკვეთება ცალკეული რადიკალურად კრიტიკული მოსაზრებები, რომლებიც ეხება უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას, თქვენივე ამომრჩევლებთან დისტანცირებას, დეპუტატთა კორპუსის უმოქმედობას და სხვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანია მსგავსი დამოკიდებულება?


როცა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებისათვის რაიმე ხელშსახები არ ხდება, როცა დევნილი მოსახლეობის სოციალურ და ყოფით დაცულობაში სერიოზული ხარვეზებია, როცა ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით დევნილი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები განიხილებიან, როგორც საშუამავლო რგოლი ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას, კონფლიქტით დაინეტერსებულ საერთაშორისო პოლიტიკურ და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს შორის, ძნელია არ გაიზიარო ჩვენსკენ მომართული კრიტიკა ზოგჯერ გადამეტებული, ზოგჯერ კიდევ აუცილებლად გასათვალისწინებელი. აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობას მართებთ არა განაწყენებულის პოზიციიდან, არამედ სამართლიანი და ობიექტური თვითკრიტიკით გავაანალიზოთ არსებული მდგომარეობა, ვეცადოთ აქტიური, ყოველდღიური მუშაობით შევუქმნათ ჩვენ თანამემამულეებს, ჩვენს ამომრჩევლებს რეალური განცდა, რომ უმაღლესი საბჭო ყოველთვის მათი ინტერესების უცილობელი დამცველია, ვინ – ვინ და ამ ადამიანებს ყველაზე უკეთესად ესმით რა შეგვიძლია და რა არ შეგვიძლია, მაგრამ უყურადღებობასა და გასაჭირისადმი ინდეფერენტულ დამოკიდებულებას არ გვაპატიებენ და მართალნიც იქნებიან. ხოლო რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურობას, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევითობას, ეს საკითხი ჯერ–ჯერობით განხილვას არ ექვემდებარება გასაგები პოლიტიკური დატვირთულობის გამო და ამ საკითხებით მუდმივი აპელირებაც უნდა შეწყდეს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ინიციატივის სახით მიმართა პარლამენტს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მომავალ არჩევნებში კონსტიტუციით გათვალისწინებული იქნას ადგილებზე მოსახლე დევნილი მოქალაქეების კვოტები არჩევით ორგანოებში ასარჩევად. მიგვაჩნია, რომ  საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს დევნილთა აქტიურ მონაწილეობას წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობაში.

 

- ბატონო თამაზ, ამასწინათ აფხაზეთის დე–ფაქტო ადმინისტრაციამ სახელები გადაარქვა ოკუპირებული გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებს. გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ხვდება აფხაზეთის დე–ფაქტო პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მომზადებულია აფხაზეთთან თანამშრომლობის 2014 წლის გეგმა. დევნილთა შორის გაუგონარი იმედგაცრუება შეინიშნება, ნუთუ პრობლემატიკასთან დაკავშირებით ჩვენთვის სავალალო შეუქცევადი პროცესები მიმდინარეობს?

 

იმედგაცრუებულებს მეც ვუერთდები. ტოპონიმების შეცვლასთან დაკავშირებით უმაღლესმა საბჭომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. დავამატებდი, რომ საქართველოს შესაბამისი ცენტრალური უწყებები მარტო განცხადებებით არ უნდა დაკმაყოფილდნენ. მიმაჩნია, რომ  ეს მოვლენა ფიზიკურ გენოციდზე უფრო შემზარავია, რამეთუ იგი მიმართულია ერის ისტორიაზე, კულტურაზე, თვითმყოფადობაზე ძალადობისაკენ. ყოველივე ამის ფონზე აფხაზეთის დვნილი საზოგადოებისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელია გაეროს წარმომადგენლის ნილს სკოტის განცხადება სეპარატისტულ რეგიონთან თანამშრომლობის 2014 წლის გეგმის შესახებ. არ მსურს დიპლომატიური პროტოკოლის მოთხოვნები დავარღვიო, მაგრამ გაერო თავის ე.წ. შემრიგებლის როლს მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე ერთობ უსუსურად რომ ახორციელებს, არახალია. ასეთივე მდგომარეობაა აფხაზეთის პრობემატიკასთან მიმართებაში, რაზეც ,მეტყველებს ამ მიმართულებით 20 წლის განმავლობაში მიღებული 30–ზე მეტი აბსოლუტურად არაქმედითუნარიანი რეზოლუცია. აფხაზეთის დე –ფაქტო ხელისუფლებასთან „კუდის ქიცინი“ ამ ორგანოს მორიგი მცდელობაა თავისი როლი და ადგილი მსგავს სიტუაციებში როგორმე გაამართლოს.რაც შეეხება გაეროს წარმომადგენელ ვინმე სკოტს, რა უნდა მოვთხოვოთ, როცა ის ჩვეულებრივი კლერკია, რომელიც „პატრონთა“ ზრახვებს ახმოვანებს, აღნიშნული და მსგავსი ინსინუაციები პრობლემატიკის გარშემო კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ საკითხის სამართლიან მოწესრიგებაში სრულიად საქართველოს მოსახლეობისა და ცენტრალური ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის განსაკუთრებულ და უზენაეს როლზე.

 

- ბატონო თამაზ, აფხაზეთის მთავრობაში ხორციელდება სტრუქტურული რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლავს საკადრო ოპტიმიზაციის პროცესი და რამაც საკმაოდ მძაფრი ვნებათაღელვა გამოიწვია შემცირებაში მოხვედრილი თანამშრომლების მხრიდან. როგორ შეაფასებდით ამ პროცესის მიმდინარეობას?


ნება მომეცით აღნიშნული საკითხი უკომენტაროდ დავტოვო. მე ვთვლი, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გარკვეული კონსტიტუციური და პროცედურული დარღვევებით იქნა დანიშნული (ამის თაობაზე განცხადება მაქვს გაკეთებული უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმსა და სესიაზე) და ამდენად საჭიროდ არ ვთვლი შევაფასო ამ ორგანოს მიერ მომზადებული და ჩატარებული რეორგანიზაციისა და საკადრო ოპტიმიზაციის პროცესი.

 

- ატონო თამაზ, მოსალოდნელია თუ არა უახლოეს პერიოდში რაიმე გარღვევა აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირების პროცესში?


დამეთანხმეთ, რომ უიმედოდ ყოფნას იმედიანად ყოფნა სჯობია. ეს სულაც არ გახლავთ ირონიული შეფასება. რა თქმა უნდა იმედიანად ვარ. რაოდენ პარადოქსულადაც არ მოგეჩვენოთ უფრო მეტსაც ვიტყვი – ამ იმედს მიძლიერებს გარეშე ანტიქართული ძალების ქმედებების ესკალაცია ოკუპირებული ტერიტორიაზე, ყოველივე ქართულის მიმართ გაშმაგების ახალი ტალღა, აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებისადმი სეგრეგაციული, ღირსების დამამცირებელი მიდგომების ყოველდღიური გამოვლინებები. ვიღაცას აფხაზეთში და მის ფარგლებსგარეთ ჩრდილოეთში ძალიან ეშინიათ, რომ აფხაზეთის საკითხის ერთხელ და სამუდამოდ მომთავრებულად ჩათვლა ნაადრევი და ილუზორული აღმოჩნდება, განსაკუთრებულად მეიმედება ქვეყნის ხელისუფლებაში, მთავრობაში მოსული ძალების, რომელთა ხედვებში უპირველესად მისასალებელია პრობლემატიკის რეალური შეფასება, ცრუ მოლოდინების უარყოფა, მზადყოფნა არსებული რეალიების გათვალისწინებით გააზრებული, აწონილ – დაწონილი ნაბიჯების გადასადგმელად, რამაც თავისი კონკრეტული ასახვა ჰპოვა მთავრობის სამოქმედო პროგრამაში.

 

მინდა დამდეგი ახალი 2014 წელი მივულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ და ლტოლვილ მოქალაქეებს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ყოველგვარ სიკეთეს და საკუთარ სახლებში დაბრუნების სანუკვარი მოლოდინის აღსრულებას.

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions