2013 წლის 15 ოქტომბერს, სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა პაატა კაკულიამ, გარი ესაკიამ, ნანა შეროზიამ და კონსტანტინე წურწუმიამ, მოპასუხეების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიმართ და მოითხოვეს, რომ ბათილად იქნას ცნობილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 20 აგვისტოს კონსტიტუციური კანონი ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დამატებების შეტანის შესახებ”,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 11 სექტმებრის დადგენილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის შესახებ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის 24 სექტემბრის დადგენილება ”აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცების შესახებ” და ითხოვეს ასევე, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს დაევალოს უზრუნველყოს ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელეების სამსახურში აღდგენის თაობაზე და იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომის ანაზღაურება.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით პაატა კაკაულიას, გარი ესაკიას, ნანა შეროზიას და კონსტანტინე წურწუმიას სასარჩელო მოთხოვნები არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გარი ესაკიას, პაატა კაკულიას, ნანა შეროზიასა და კონსტანტინე წურწუმიას წარმომადგენელმა ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის.
სააპელაციო სასამართლომ შეისწავლა და გაანალიზა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 34-ე მულებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 414-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და დაადგინა:
1. გარი ესაკიას, პაატა კაკულიას, ნანა შეროზიას, კონსტანტინე წურწუმიას წარმომადგენლის ნონა ქორდოვანიძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინება;
3. განჩინება არ გასაჩივრდება.
უმაღლესი საბჭოს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი უფლებამოსილია გააჟღეროს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის პოზიცია ამ ფაქტთან დაკავშირებით:
2013 წლის აპრილიდან, როდესაც აფხაზეთის მთავრობაში საკადრო ცვლილება განხორციელდა, მთავრობის მაშინდელმა წევრებმა და, სამწუხაროდ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელთაც ”ქართული ოცნება” დაირქვეს და იმავდროულად თანამშრომლობდნენ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან, მათ შორის ყოფილ პრეზიდენტთან, გააჩაღეს აღვირახსნილი ცილისმწამებლური კამპანია უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ, თითქოს იგი არღვევდა კონსტიტუციას, სხვადასხვა კანონს, არასწორად ათავისუფლებდა და ნიშნავდა მთავრობის წევრებს და ა.შ. ეს კამპანია მეტ-ნაკლები აქტიურობით ბოლო დრომდე გრძელდებოდა. სააპელაციო სასამართლოს ზემოთ მოტანილმა დადგენილებამ ცხადყო თითქმის ერთწლიანი უზნეო კამპანიის სრული უსაფუძვლობა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ცილისწამების ორგანიზატორები გაითვალისწინებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შეწყვეტენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.