აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს აზერბაიჯანელი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები სტუმრობდნენ


„ყარაბაღის განთავისუფლების ორგანიზაცია“, ასე  უწოდა ცნობილმა აზერბაიჯანელმა  პატრიოტმა აკიფ ნაგიმ მის მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის მთავარ მიზანს, როგორც თავად აღნიშნა,  ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლა შეადგენს.


აზერბაიჯანელ სტუმრებს შეხვდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია.


ბატონმა ელგუჯა გვაზავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში არსებული ტერიტორიული პრობლემები კრემლის მიზანმიმართული შოვინისტური პოლიტიკის შედეგია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესების განმტკიცებისაკენ არის მიმართული და არამც და არამც კონფლიქტის მდგომარეობაში მყოფი რომელიმე ერთი მხარის სასიკეთოდ. მისი თქმით, თითოეულს უნდა გვეყოს ჭკუა და გამოცდილება, რომ კვლავ კრემლის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. „აღნიშნულის გათვალისწინებით ვიმოქმედოთ, სხვა შემთხვევაში, დაპირისპირება კიდევ უფრო სავალალო ვითარებას შეგვიქმნის“– აღნიშნა ბატონმა ელგუჯა გვაზავამ.


ბატონმა ჯემალ გამახარიამ, სტუმრების დაინტერესების გათვალისწინებით განმარტა თუ რა ტაქტიკას და სტრატეგიას ირჩევს სადღეისოდ ჩვენი მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. „ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა აღვადგინოთ ურთიერთობა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობასთან, ვინაიდან ჩვენი მიზანია ტერიტორიების დაბრუნებამდე დავიბრუნოთ მოსახლეობა, რათა ტერიტორიის დაბრუნების ჟამს, მოსახლეობა არ გვიყურებდეს ქართველებს, როგორც მტრებს, არამედ როგორც თანამემამულეებს, რათა სამომავლოდ ჩვენი სამშობლოს გასაერთიანებლად უპირატესობა მშვიდობიან გზას მიენიჭოს, ამასთანავე ჩვენ ვუპირისპირდებით და ვამხელთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს, საოკუპაციო რეჟიმის ძირგამომთხრელ იდეოლოგიურ დივერსიებს”– დასძინა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.


ტერიტორიული პრობლემების მოგვარების სამშვიდობო მეთოდებთან დაკავშირებით ბატონმა აკიფ ნაგიმ სკეპტიკური პოზიცია გამოხატა. მან აღნიშნა, რომ ”ყარაბაღთან მიმართებაში მშვიდობიანი გზა არ ამართლებს, ამიტომ აზერბაიჯანელ ხალხს აქვს ყველა უფლება ნებისმიერი გზით დაიბრუნოს თავისი ტერიტორია”.


სტუმარი დაინტერესდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პოზიციითა და ინფორმაციებით და კოფლიქტებთან დაკავშირებით ერთობლივი კონფერენციების, მრგვალი მაგიდის მოწყობის კონკრეტული წინადადება გამოთქვა.


დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს ბეჭდური გამოცემები.



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions