თამაზ ნადარეიშვილის გახსენება

 

10 წლის წინ, 2004 წლის 30 აგვისტოს, 50 წლის ასაკში, გულის შეტევით, მოულოდნელად გარდაიცვალა  სახელოვანი მამულიშვილი, თამაზ ნადარეიშვილი.

წელს,  19 ივლისს მას 60 წელი შეუსრულდებოდა.

თამაზ ნადარეიშვილი იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა სახელი წარუშლელად რჩება ქვეყნის ისტორიაში. მან ძალიან ახალგაზრდამ მოიპოვა  შეუპოვარი და უკომპრომისო პატრიოტის, გაბედული წინამძღოლის, სამშობლოსა და თანამემამულეების ბედზე მოფიქრალი პრინციპული პოლიტიკური ლიდერის ავტორიტეტი.

”ქვეყანას დააკლდა პიროვნება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელმძღვანელი, ოჯახმა დაკარგა მზრუნველი და მოსიყვარულე თავკაცი,  სამეგობრომ გვერდში მდგომი ღირსეული მეგობარი, აფხაზეთის საზოგადოებამ - მათ აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალი, აფხაზეთის დაბრუნებისათვის თავდადებული ბრძოლის სიმბოლოდქცეული წინამძღოლი, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა - მათთან ერთად გამობრძმედილი, ყოველთვის საბძოლველად შემართული სარდალი,”-  ეს არის ამონარიდი მისი გარდაცვალების დღეებში გამოქვეყნებული ოფიციალური გამოსათხოვარი ტექსტიდან.

თამაზ ნადარეიშვილის გარდაცვალება თავზარდამცემი აღმოჩნდა  ერისა და ბერისათვის, რადგან ის იყო პიროვნება, რომელთანაც ასოცირდებოდა აფხაზეთის დაბრუნება. ეს განცდა საზოგადოებას  გაუჩნდა  თამაზ ნადარეიშვილის ყოველდღიური შეუსვენებელი  ცხოვრებისა და მოღვაწეობის რეჟიმის გამო, რომელიც აფხაზეთში ქართველობის ღირსეულად დაბრუნებას ისახავდა მიზნად. ის ამისათვის დღე და ღამე შრომობდა, არც თვითონ ისვენებდა და არც სხვას აძლევდა მოსვენების საშუალებას და ხშირად  შეუძლებელსაც აღწევდა.

ასეთი დაუდეგარი ხასიათითა და პრინციპულობით თამაზ ნადარეიშვილმა შეძლო უცხოეთში გაეტანა სიმართლე აფხაზეთზე და  გაძღოლოდა საინფორმაციო ომს. როცა ის აირჩიეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში, მიაღწია ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვას  გაეროს, ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს  ხელმძღვანელობასთან, როგორც აფხაზეთის დევნილი, ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

სწორედ თ.ნადარეიშვილის შეუპოვარმა მიდგომამ განაპირობა მისი შემდეგი ოფიციალური შეხვედრები, რომელთაგან თითოეული აფხაზეთის და იქიდან იძულებით გამოდევნილი მოსახლეობის პრობლემატიკის მოგვარებას ემსახურებოდა:

- 1995 წელს გაეროს გენერალურ მდივანთან ბუტროს ბუტროს გალისთან, ნიუ-იურკში,

-1998 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საკითხების კოორდინატორთან დონალდ კაიზერთან, ვაშინგტონში,

-1998 წელს ბრიტანეთის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, ლონდონში,

- 1999 წელს ეუთოს გენერალურ მდივანთან, იანოშ კუბიშთან, ვენაში,

-1999 წელს, ბრიუსელში, ნატოში, სადაც მან უპრეცედენტო შემთხვევა დააშვებინა ალიანსის  ხელმძღვანელობას და ამ ორგანიზაციის პრაქტიკაში პირველად დაერთო ნება ნატოს სხდომაზე სიტყვით გამოსულიყო ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელმაც იქ გააჟღერა ინფორმაცია აფხაზეთის კონფლიქტის რეალურ მიზეზებსა და ქართველთა მიმართ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდასა და გენოციდზე,

1999 წელს იუნესკოს ხელმძღვანელობასთან, პარიზში

- 2000 წელს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ვალტერ შვიმერთან, სტრასბურგში,

-2002 წელს ევროსასამართლოს მესვეურებთან, სტრასბურგში,

-2003 წელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებთან.....

თამაზ ნადარეიშვილს არასოდეს დაუკარგავს აფხაზეთში და მშობლიურ გაგრაში  ღირსეულად დაბრუნების იმედი. ის თავის თავს როგორც ქართველთა, ისე აფხაზთა პირდაპირ შთამომავლად თვლიდა, რადგან მისი გამზრდელი ბებია აფხაზი - მერი შერვაშიძე გახლდათ.

თავადაც სჯეროდა და მის თანამოაზრეებსაც, რომ იგი შეძლებდა გარდატეხის შეტანას აფხაზეთის პრობლემის მოგვარებაში, მაგრამ არ დასცალდა, რადგან მისმა მხურვალე და ბევრისთვის შეუმჩნეველმა, მეტისმეტად მგრძნობიარე გულმა ვეღარ გაუძლო იმ წინააღმდეგობებს, რომელთაც ძალიან ხშირად აწყდებოდა ამ მამულიშვილური საქმისათვის ბძოლის დროს, უპირველესად, საკუთარ სამშობლოში და... ერთი შეხედვით მოულოდნელად,  მარადისობაში ამაღლდა...

ბიოგრაფია

თამაზ ნადარეიშვილი დაიბადა1954 წლის 19 ივლისს, ქალაქ გაგრაში, ვლადიმერ ნადარეიშვილისა და ალექსანდრა შენგელაიას ოჯახში. შვიდი წლის თამაზ ნადარეიშვილს მამა  ავიაკატასტროფაში დაეღუპა. ის და მისი უმცროსი ძმა დედამ და ბებიამ, აფხაზმა თავადის ქალმა, მერი შერვაშიძემ, გაზარდეს.

გაგრის ქართული საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თ.ნადარეიშვილმა თბილისის სამხედრო სასწავლებელი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი დაამთავრა.

სხვადასხვა დროს მუშაობდა გაგრის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, იყო გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანი, 1990 წელს აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, 1991 წელს - აფხაზეთის ა.რ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატად, 1992 წლის იანვარში - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 1992 წლის ოქტომბერში - საქართველოს პარლამენტის წევრად, 1992 წლის ნოემბერში დაინიშნა  აფხაზეთის ა.რ. მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის ნოემბერში თ.ნადარეიშვილი სახელმწიფო მეთაურის მრჩევლად დაინიშნა, ერთ თვეში კი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერი გახდა. 1995 წლის თებერვლიდან მან დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი, რადგან ის აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დევნილობაში. ამ პერიოდიდან თამაზ ნადარეიშვილი გახდა საქართველოს ეროვნული უშიშროების  საბჭოს წევრიც.

თ.ნადარეიშვილს მინიჭებული ჰქონდა გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება, ის დაჯილდოებული იყო ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, იყო გიორგი შერვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. არჩეული იყო  ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად. დაცული ჰქონდა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ეთნიკური წმენდა და გენოციდი აგრესიული სეპარატიზმის იარაღი“. არის აფხაზეთის პრობლემატიკაზე გამოცემული ოთხი წიგნის, რამდენიმე  მონოგრაფიის და უამრავი პუბლიკაციის ავტორი.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions