სოზარ სუბარი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან სოზარ სუბართან.

 

პროტოკოლით, პირველი ოფიციალური შეხვედრა ახალ მინისტრთან, გაცნობითი ხასიათის უნდა იყოს, მაგრამ როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, სამინისტროს ფუნქციებიდან  და აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს არაორდინარული ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრამ სამუშაო ფორმატს თავი, ცხადია, მაინც ვერ დააღწია.

ბატონმა ელგუჯა გვაზავამ მინისტრს გადასცა უმაღლეს საბჭოში მომზადებული დოკუმენტი ”დევნილთა სოციალური მდგომარეობის შესახებ” და  გაამახვილა ყურადღება  მის ცალკეულ პუნქტებზე.

სოზარ სუბარის განცხადებით, სამინისტროს ხელმძღვანელობა მოწოდებულია ყველა რეალურად არსებული რესურსი მოახმაროს შეჭირვებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას, ღია ცის ქვეშ, უბინაოდ დარჩენილი ადამიანების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას. ვინაიდან ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია, ამიტომაც უპირატესობების მინიჭება მოხდება ცალკეული დევნილი ადამიანისა და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით და არამც და არამც ნაცნობობითა და ნათესაობით.

თავიანთი მოსაზრებები გააცნეს სტუმარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დევნილთა საყოფაცხოვრებო, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად  თვითმმართველობის ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმუშავებს გამართულად, ხარვეზების გარეშე, ჩაატარებს ტენდერებს, ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც კი შეეძლება რაიმე სახით სიკეთე მოუტანოს შეჭირვებაში მყოფ დევნილებს და იქნება ღია და გამჭვირვალე.

სამართლიანად, ობიექტურად  და კანონის სრული დაცვით აღნიშნული მიზნის მისაღწევად, მინისტრის განცხადებით, აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელისუფლებო სტრუქტურებთან თანამშრომლობა და მას ამ თანამშრომლობისაგან პოზიტიური შედეგების დიდი იმედი აქვს.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions