ჟიული შარტავას ხსოვნას მიაგეს პატივი

 

სოხუმის დაცემის ტრაგიკული თარიღის ფორმატში დღეს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში საქართველოს ომის გმირის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 და გარდაცვალებიდან 21 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

საღამოს უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე, რომელმაც ვრცლად ისაუბრა   ჟიული შარტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, სტუმრები ქალაქ რუსთავიდან, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები, მეგობრები, სასულიერო პირები და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები.

ყველა გამომსვლელმა - სერგო ვარდოსანიძემ, ირაკლი ალასანიამ, როინ მეტრეველმა, აკაკი გასვიანმა, ბაკურ გულუამ, დიმიტრი ჯაიანმა, მაყვალა ბერიანიძემ, გოგიტა მელიქიძემ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, მაგრამ ბრძოლა ჩვენი სამშობლოს გაერთიანებისათვის არ დასრულებულა, ეს დღე ტრაგიკულია, მაგრამ ამაღლებულია შთამომავლობა, რომელსაც ჰყავს ისეთი გმირები, როგორიც არის ჟიული შარტავა, რომელიც  ადრეული ასაკიდანვე გამოიკვეთა, როგორც  ნიჭიერი ლიდერი და გამორჩეული მამულიშვილი.

როგორც ბატონმა ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, ”ჟიული შარტავას შეეძლო  დღეს ის აქ, ჩვენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მან მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება პირისპირ შეხვედროდა მტერს, თვალებში ჩაეხედა მისთვის და თუ უკან ვერ დაახევინებდა, არც თვითონ ეჩვენებინა მისთვის ზურგი. ასეც მოიქცა და სამშობლოსა და კაცური ღირსების სამსხვერპლოზე ჟიული შარტავამ და მისმა თანამებრძოლებმა საკუთარი სიცოცხლე მიიტანეს”.

მარადიული სასუფეველი  სამშობლოს სიყვარულისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ ყველა გმირს !

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions